Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი წიგნის ფესტივალს მასპინძლობს


წიგნის ფესტივალი
წიგნის ფესტივალი
საგამოფენო ცენტრი “ექსპო-ჯორჯია” 25-დან 28 ივნისამდე წიგნის მე-11 ფესტივალს მასპინძლობს. გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორები არც წიგნის მოყვარულთა სიმცირეს უჩივიან და არც გამომცემელთა პასიურობას. ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია გამოტანილი აქვს 65 გამომცემლობასა და გამავრცელებელ ორგანიზაციას; იმართება გამოფენა-გაყიდვები, ახალ გამოცემათა პრეზენტაციები და სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებები.

თბილისის წიგნის ფესტივალს, ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მე-11, პავილიონი მასპინძლობს. წიგნებით გავსებულ, სახელდახელოდ გამართულ დახლებსა და თაროებს შორის უამრავი ადამიანი ირევა. ვინ თვალს ახარებს, ვინ მრავალფეროვანი პროდუქციის გასაღებას ცდილობს, ვინ კი შენაძენით იწონებს თავს. ხათუნა არაბულმა, ჯამში, 150 ლარი დახარჯა:

“ბავშვებისთვის შევიძინე ზღაპრები, მომავალი პატარისთვისაც შევიძინე კიდევ წიგნები... ინანიშვილის მოთხრობები ვიყიდე სამი ტომი, ვან გოგის წერილები... მთელი წელი ვაგროვებთ თანხას და მოგებულებიც ვრჩებით: ფასდაკლებებია კარგი, ზოგი საერთად საჩუქრად მომცეს.“

ხათუნა არაბულსა და წიგნის სხვა მოყვარულებს საჩუქრებითა და ფასდაკლებებით, ძირითადად, გამომცემლობები ანებივრებენ. ანი ხატიაშვილი, გამომცემლობა „დიოგენეს“ კონსულტანტი, ამბობს, რომ მკითხველს, როგორც წესი, ორი რამ - პროდუქციის ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი - იზიდავს. შესაბამისად, „დიოგენემაც“ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ახალი წიგნი გამოსცა. მათ შორისაა საყმაწვილო ენციკლოპედიის მორიგი ტომი, რომელიც მთლიანად სპორტს ეთმობა. რაც შეეხება ფასს, ამასთან დაკავშირებით ანი ამბობს:

„ყოველი კენტი საათის ბოლოს, ათი წუთის განმავლობაში არის 20-დან 70 პროცენტამდე ფასდაკლება. ზოგიერთ წიგნს 20, ზოგიერთს კი 30 ლარიც აკლდება. 2009 წლის კალენდარი გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. კალენდარი გერმანელი ილუსტრატორის, ელბრუხის, ილუსტრაციებით არის გაფორმებული - კოცნის თემაზეა და ძალიან მოსწონთ ახალგაზრდებს. ადრე 15 ლარი ღირდა, ახლა მყიდველს 1 ლარად ვთავაზობთ.“

ასევე ფასდაკლებითა და მრავალფეროვნებით ცდილობს მკითხველის მიზიდვას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, რომელსაც წელს დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა.

ბაკურ სულაკაური
„აქ წარმოვადგინეთ 50 წიგნი, რომელიც უკანასკნელი ფესტივალის შემდეგ შეიქმნა. სულ, ჯამში, 100-მდე ახალი წიგნი გამოვეცით, მაგრამ აქ წარმოვადგინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნები. ზოგადად, ეკონომიკური კრიზისი, ბუნებრივია, ახდენს გავლენას საგამომცემლო საქმეზეც. ბოლო მომენტამდე ეს არ იგრძნობოდა, მაგრამ ერთი თვეა, რაც ვითარება მცირედით შეიცვალა და ეს ცვლილება აისახა, ძირითადად, წიგნის მაღაზიებზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაკურ სულაკაურმა, რომლის თქმით, ეკონომიკური კრიზისისა და მკითხველთა მსყიდველობითუნარიანობის შემცირების მიუხედავად, მთლიანობაში, საგამომცემლო ბიზნესის განვითარება არ შეფერხებულა, რასაც, ნაწილობრივ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი კიღურაძეც ადასტურებს:

„70-მდე გამომცემლობა და წიგნის მაღაზიაა წელს წარმოდგენილი. ფესტივალი გაზრდილია, შარშანდელთან შედარებით. წელს დაგვემატა პერსონალური სტენდები, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კრიზისმა გაყიდვებზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულში ბევრ წიგნს შეიძენენ როგორც თავისთვის, ასევე ბავშვებისთვის, მერე შემოდგომაც მოვა და სასკოლო სახელმძღვანელოებზე გაიზრდება მოთხოვნილება. ასე რომ, კრიზისს როგორღაც გადავიტანთ.“

ქეთი კიღურაძე
უნდა ითქვას, რომ კრიზისის გადატანაში გამომცემლებს მკითხველებთან ერთად მწერლებიც ეხმარებიან. ბესო ხვედელიძე წიგნის ფესტივალს ორმაგი სტატუსით - როგორც მწერალი და როგორც მკითხველი - სტუმრობს:

„ჩემი მე-10 წიგნის წარდგენა იქნება ხვალ. ეს არის მოთხრობების კრებული „თაგვის გემო“, რომელშიც 17 მოთხრობა შევიდა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. თუმცა როგორც მკითხველიც არ მოვიკოჭლებ ხოლმე და, როგორც წესი, ძალიან მძიმე ტვირთით ვტოვებ ფესტივალს.“

ცხადია, წიგნის ფესტივალს განსხვავებული ასაკის, გემოვნებისა და ინტერესების მქონე მკითხველები სტუმრობენ, თუმცა ფესტივალზე წარმოდგენილი გამომცემლობებისა და წიგნის მაღაზიების სიმრავლე გვაფიქრებინებს, რომ მკითხველთა უმეტესობა, რომელიც 28 ივნისამდე ”ექსპო-ჯორჯიას” მე-11 პავილიონს ეწვევა, გაწბილებული არ დარჩება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, როგორც მისი უფროსი რედაქტორი ქეთევან ქურდოვანიძე ამბობს, მკითხველს სახელმძღვანელოებს, ორიგინალურ და თარგმნილ სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას სთავაზობს:

„აქ არის თეორიული ენათმეცნიერება, ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი. არის ქართულ-იჩქერიული შედარებითი ლექსიკონი, ბატონ მერაბ ჩუხუას მიერ გაკეთებული უდიდესი საქმე; აქვეა ზურაბ კიკნაძის „ქართული ფოლკლორი“ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გვაქვს მხატვრული ლიტერატურის სერია: ბაჩანა ბრეგაძის თარგმნილი დონ კიხოტი, ვეფხისტყაოსანი, სელინი და სულ უახლოეს ხანში გვექნება შექსპირი.“

თბილისი წიგნის ფესტივალი "ექსპო–ჯორჯიის" პავილიონში
ტრადიციულად, საქართველოში წიგნის ფესტივალი სამი დღე გრძელდება. მწერალი ბესო ხვედელიძე მიიჩნევს, რომ ურთიერთობისთვის სამი დღე ძალიან ცოტაა. მისი აზრით, მსგავსი ღონისძიება წელიწადში რამდენჯერმე უნდა იმართებოდეს, თუმცა მწერლებიც, გამომცემლებიც და მკითხველებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ფესტივალის დასრულებით წიგნთან ურთიერთობა არ მთავრდება. წიგნები იყიდება მაღაზიებში, ქუჩებში, იყიდება კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურა, იყიდება ძვირადღირებული გამოცემები და შედარებით იაფი, საოჯახო ბიბლიოთეკებიდან გამოტანილი წიგნები... ფესტივალი კი, როგორც დეკანოზი მირიან სამხარაძე ამბობს, წიგნით ვაჭრობაზე მეტია. მისი თქმით, წიგნის ამდენი მოყვარულის ერთად ხილვა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„ფესტივალი საინტერესოა არა იმით, რომ რამე წიგნს შევიძენთ... რასაკვირველია, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ერს კიდევ ახსოვს წიგნი და წიგნის მოყვარული ხალხი კიდევ არის საქართველოში. ეს მისასალმებელია. ჩვენ ისეთ ყოფაში ვართ, რომ ადამიანის გონება გადართულია სხვა მიმართულებით. მე მწამს, რომ წიგნის სიყვარული გადაარჩენს ჩვენს ერს“, - უთხრა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG