Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიური კანონადა ობამა-მედვედევის შეხვედრის წინ


ამერიკა-რუსეთის მოახლოებული სამიტის მთავარი თემა ახალი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები იქნება. თუმცა რუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ შეხვედრაზე წამოიჭრება საუბარი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, რომელიც შარშანდელი აგვისტოს შემდეგ ოდნავადაც არ შეცვლილა და კვლავ ომის ზღვარზეა.

როცა მედვედევი და ობამა მოსკოვში ერთმანეთს შეხვდებიან, უკვე დასრულებული იქნება ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები, სახელწოდებით “კავკასია 2009”. მასში, სხვადასხვა არმიების გარდა, მონაწილეობენ თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგებული რეგულარული რუსული ქვედანაყოფები, რომლებსაც, სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხების მიხედვით, საქართველოს ტერიტორია დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინათ.

მაგრამ აპირებს თუ არა პრეზიდენტი ობამა შეახსენოს თავის რუს კოლეგას ე.წ “სარკოზის გეგმა” და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები?

კრემლის წყაროებთან დაახლოებული რუსი სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, “ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიედან”, არ იზიარებს მოსაზრებებს, თითქოს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის დროს მოსკოვში მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს საკითხი იქნება, ხოლო მთავარი უწყება - მოწოდება მოსკოვისადმი, საქართველოსთან მიმართებაში “წითელი ხაზის” პრინციპი დაიცვას.

“მე ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი გავლებულია", ამბობს ლიტოვკინი. "რუსეთი არ აპირებს, ხელი ახლოს საქართველოს. ჩვენ ხომ სერიოზული ადამიანები ვართ! რა უნდა სურდეს რუსეთს საქართველოსგან? მხოლოდ ის, რომ მოასვენონ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი; ასევე - კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება. ასეთი სამხედრო რიტორიკა და ერთამენთისათვის ზიანის მიყენების მცდელობა უსარგებლოა და არ აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. ასე რომ, ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოსაგან მხოლოდ ერთი რამ უნდა: დაისადგუროს მშვიდობამ და სიმშვიდემ.”

ლიტოვკინი ვარაუდობს, რომ ობამა-მედვედევის შეხვედრაზე დღის წესრიგში აუცილებლად იქნება ნატოს გაფართოების საკითხი, თუმცა, ისევ და ისევ, არა იმ კონტექსტში, როგორც ეს საქართველოს სურს: “არ გამოვრიცხავ, რუსეთმა მოითხოვოს, ამერიკამ მხარი არ დაუჭიროს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ეს არ იქნება მოთხოვნა რაღაცის სანაცვლოდ, ვინაიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანება ერთი პრობლემაა, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლი კი – სულ სხვა. თანაც, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მოქმედებამ შარშან აგვისტოში და ამ კონფლიქტმა სამხრეთ ოსეთში დიდი ხნით გადასწია საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი” - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს რუსი სამხედრო მიმომხილველი.

სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირება და აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის ანტისარაკეტო სისტემების განლაგება მართლაც იქნება ობამა–მედვედევის შეხვედრის უმთავრესი თემა. თუმცა, დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ გოლცი ფიქრობს, რომ სამიტის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს რუსეთის პოლიტიკა ახალი დემოკრატიების, მათ შორის, საქართველოს მიმართ, რამაც შარშანდელი ოკუპაციის შემდეგ უკიდურესად გაართულა რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან.

“მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს საკითხი შეიძლება არ იყოს ყველაზე მთავარი, მაგრამ ეს თემაც აუცილებლად იქნება განხილული.ამერიკელებმა არაერთგზის თქვეს, რომ კატეგორიულად უარყოფენ “პრივილეგირებული ინტერესების სფეროს”იდეას, რის შესახებაც რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებისთანავე განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა. ვფიქრობ, საქართველოს საკითხი წამოიჭრება ურთიერთობის საერთო კონტექსტში, როდესაც შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერები პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემას შეეხებიან.”

რუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტისთვის ყოველგვარი გართულების გარეშე იქნება დასრულებული სამხედრო სწავლება “კავკასია 2009”, რომელმაც ბევრ პირქუშ სპეკულაციას და პროგნოზს დაუდო საფუძველი. ამის მიზეზი გახდა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ნიკოლაი მაკაროვის ორაზროვანი ნათქვამი, რომ სწავლება საქართველოსთან ომში მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით ჩატარდება. კვირას, 5 ივლისს, ამ სწავლების დასკვნითი დღეა და ამიტომ კანონადის ხმაც უფრო ძლიერი იქნება. “ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიეს” სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი სამხედრო სწავლებას „კავკასია 2009” ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან მანევრებს უწოდებს.

"სწავლებაში მონაწილეობს არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი, არამედ შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ზღვის ფლოტილია, საზღვაო ქვეითები, მედესანტეები, სამხედრო-საჰაერო ძალები და ბევრი სახეობა", შეგვახსენებს ლიტოვკინი. "ანუ ეს სწავლება ტარდება, როგორც სამხედროები ამბობენ, კომპლექსურად - ისე, როგორც თანამედროვე სერიოზული არმიები ომობენ, მაგალითად, შეერთებული შტატების, ნატოსა და სხვა არმიები. სწორედ ამაში მდგომარეობს სამხრეთ ოსეთის შარშანდელი კონფლიქტის გაკვეთილები: შესაძლებლობის განვითარება რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოყენებისათვის, შესაძლებლობისა გამოვიყენოთ უპილოტო დაზვერვა. თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი იმუშავებენ ჩრდილოეთ კავკასიაში, რადგან ჩვენ კარგი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავები არა გვყავს.”

სამხედრო სწავლებას ომის პრელუდიას უწოდებს დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ გოლცი, რომელიც ასევე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის გარდაუვალია: “ისტორიაში ათეულობით მაგალითი მოიპოვება, როდესაც მანევრები გამხდარა პრელუდია სამხედრო აგრესიისათვის. სინამდვილეში, როგორ იწყება ხოლმე ომი? თქვენ გარკვეულ ძალებს თავი უნდა მოუყაროთ შეტევისათვის, მანევრები კი კეთილსასურველ საფუძველს იძლევა ასეთი კონცენტრაციისათვის. მე არ მაქვს შეგძნება იმისა, - და უნდა ვაღიარო, არც შარშან მქონდა იმის შეგრძნება, - რომ ასეთი მანევრები, შესაძლოა, ომში გადაიზარდოს.”

შარშან ივლისში რუსეთის არმიის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში ასევე გაიმართა სამხედრო სწავლება, სახელწოდებით “კავკასია 2008”, რომლის ლეგენდა მიზნად ისახავდა კავკასიაში შემოჭრილი ტერორისტების შეჩერებას და მათ განადგურებას. თუმცა ომის პრელუდია და ომის იმიტაცია სულ მალე რეალურ საბრძოლო მოქმედებად იქცა. სამხედრო სწავლების დასრულებიდან სულ რაღაც 2 კვირაში რუსეთის არმია თავად აღმოჩნდა შეჭრილი სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე კრემლის “პრივილეგირებული ინტერესების დასაკმაყოფილებლად”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG