Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: აფრიკელებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ საკუთარ მომავალზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა განას ეწვია, რაც მისი პირველი ვიზიტია აფრიკის იმ ნაწილში, რომელიც საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარეობს. განის პარლამენტში გამოსვლისას, ობამამ, რომელიც აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტია, აფრიკელებს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობა იტვირთონ საკუთარ მომავალზე. მისივე თქმით, დემოკრატიულ ფასეულობებს და დასავლეთისაგან დახმარებას კარგი მმართველობაც ესაჭიროება და აფრიკის განვითარებას ხელს უშლის კორუფცია და კონფლიქტები. ობამას ნათქვამი აქვს, რომ განაში ჩასვლაზე გადაწყვეტილება მიიღო ამ ქვეყნის დემოკრატიულობის გამო, იმის გამო, რომ განის ლიდერები მიმართავენ ზომებს კორუფციის შესამცირებლად და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა აღირიცხება. განაში ობამა შეხვდა პრეზიდენტ ჯონ ატა მილს, რომელმაც შარშან დეკემბერში გაიმარჯვა მშვიდობიანი და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა ცოლ-შვილთან ერთად დაათვალიერა ის ციხე-სიმაგრე განის სანაპიროზე, საიდანაც წინათ აფრიკელი მონები ამერიკაში მიჰყავდათ. ბარაკ ობამა განას ეწვია იტალიაში “დიდი რვიანის” სამიტში მონაწილეობის შემდეგ. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამი წლის განმავლობაში 20 მილიარდ დოლარს მიაწვდიან ღარიბ ქვეყნებს, მათ შორის საჰარის სამხრეთით მდებარე სახელმწიფოებს, მათი სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG