Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 14 ივლისი 2009


დღევანდელი ქართული პრესა რუსეთის პრეზიდენტის ცხინვალში ვიზიტს ეხმიანება. „დმიტრი მედვედევი ადოლფ ჰიტლერის ტრადიციას აგრძელებს“ - ასე ჰქვია „24 საათის“ სტატიას, რომელიც ამ თემას ეძღვნება. „რატომ ჩავიდა მედვედევი ცხინვალში?“ - კითხულობს “ახალი თაობა“, რომელიც სტატიაში კოკოითის რეაქციას აღწერს რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტზე: მედვედევისთვის დაკრულმა ტაშმა კოკოითი კიდევ უფრო გაახარაო, - იუწყება გაზეთი და ამატებს: „მედვედევმა ამ ვიზიტით საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად თავისი მეორე „რჩეული“, სერგეი ბაღაფში, გაანერვიულა - რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს აფხაზეთი ჯერ არ ღირსებიაო.“

მეორე თემა, რომელზეც ქართული გაზეთები წერენ ბევრს, „ნაბუკოს“ პროექტის დაწყებაა. „ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ“ - ასე აფასებს „24 საათი“ ამ ფაქტს.

„რეზონანსი“ იუწყება, „იმედის“ დირექტორის პოსტზე, პატარკაციშვილის ყოფილი კადრის ნაცვლად, სააკაშვილის ამჟამინდელი თანამებრძოლი გიორგი არველაძე დაინიშნაო. „ალია“ კითხულობს, რატომ დანიშნეს გიორგი არველაძე ამ პოსტზეო, თუმცა თავად არველაძისგან ამის პასუხი ვერ მოისმინეს: ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხაო, წერს გაზეთი. სამაგიეროდ, „ალიას“კომენტარი მისცა ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა, რომელიც ასეთ რამეს ამბობს: „ბარემ გააერთიანოს სააკაშვილმა მთელი ეს ტელევიზიები, შექმნას ერთი დიდი სამინისტრო და დანიშნოს მინისტრი.“ - ამას ნინო ჯანგირაშვილი დასძენს: „9 არხია სააკაშვილის პირად საკუთრებაშიო“.

„რეზონანსი“ არასაპარლამენტო ოპოზიციის უახლოეს გეგმებზეც წერს: ამერიკის ვიცე- პრეზიდენტს თბილისში ჩამოსვლისას საკნები არ დახვდებაო, - იუწყება გაზეთი. „რეზონანსის“ ცნობით, ამ საკითხზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ ბოლოს გადაწყდა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე დღეში გათავისუფლდეს - ამ საკითხზე მხოლოდ ტექნიკური დეტალებიღა დარჩა დასაზუსტებელიო. ამის მიუხედავად, ოპოზიცია, გაზეთის ცნობით, არ აპირებს ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის უყურადღებოდ დატოვებას. კონსერვატორმა კახა კუკავამ „რეზონანსს“ უთხრა, აუცილებლად უნდა გავმართოთ მასშტაბური აქცია, რადგან ვიზიტის დროს მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოსკენ იქნება მომართულიო.

„ალია“ ასევე აქვეყნებს გიგი წერეთელის მეუღლის, ეკა კანდელაკის, წერილს გაზეთ „ქრონიკისადმი“. „ქრონიკა“ წერდა, როდესაც ლევან გაჩეჩილაძის შვილი, გაგა, დაჭრეს, იქ გიგი წერეთლის შვილიც იმყოფებოდაო. ეკა კანდელაკი წერილში ხსნის, ჩემი შვილი 9 ივლისის შემდეგ საზღვარგარეთაა, მოგწერეთ კიდევაც ამის შესახებ შეტყობინება და რაღა საჭირო იყო ჭორის გავრცელებაო. „ალიას“ თავად გიგი წერეთელიც დაუკავშირდა. მის რეპლიკას, მაინცდამაინც მე რომ არ მიმაბათ ამას, ისედაც, გგონიათ, მაკლია ლანძღვა-გინებაო, „ალიას“ ჟურნალისტი უპასუხებს: „ეს ხელისუფალთა ხვედრია, ბატონო გიგი, და მოთმენის ვალდებულებასაც გაკისრებთ კანონიო.“
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG