Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის “არალეტალური” საანგარიშო მოხსენება


სადაოდ ქცეული FN-303
სადაოდ ქცეული FN-303
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად გადაწყვიტა ორშაბათს პარლამენტის წინაშე გამოვიდეს და ანგარიში ჩააბაროს საკანონმდებლო ორგანოს. სხვა საკითხებთან ერთად, სააკაშვილს მოუწევს იმაზეც უპასუხოს ოპონენტებს, თუ რატომ უკანონდება პოლიციას ნახევრად ლეტალური და აკუსტიკური იარაღის გამოყენების უფლება დემონსტრაციების დასაშლელად. თუმცა, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, დაკანონების გარეშეც, პოლიციამ საქართველოში უკვე რამდენჯერმე გამოიყენა ნახევრად ლეტალური იარაღი.

გასულ კვირაში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ერთწლიან ჰარმონიულ თანამშრომლობას საკანონმდებლო ორგანოს კედლებში სერიოზული ბზარი შეეპარა. ჯონდი ბაღათურიამ და ქრისტიან-დემოკრატიის ფრაქციამ პროტესტის ნიშნად სხდომის დარბაზი დატოვეს. ყოველთვის კონსტრუქციული ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლების მიმართ მკაცრი იყო, როგორც არასდროს:

“ მთელი ამ განხილვის დროს გამოჩნდა ერთი რამ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ვერც კი წარმოუდგენია, რომ როდისმე ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს. ეს არის პოლიტიკური კანონმდებლობა, პოლიტიკური კანონმდებლობა კი ყველა ქვეყანაში მიიღება პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად და მას არ განსაზღვრავს ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა, როგორც ეს დღეს ხდება აქ.“

ამის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. მანამდე იყო საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებათა ავტორების მცდელობას, დაკანონდეს პოლიციის მიერ ჯანმრთელობისათვის საზიანო ნახევრად ლეტალური იარაღის გამოყენება არასანქცირებული მიტინგებისა თუ დემონსტრაციების დასაშლელად. უმცირესობის წევრის, პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ლაპარაკია ნახევრად ლეტალურ, ამერიკულ-ბელგიური წარმოშობის იარაღზე FN-303, რომლის დაკანონებას ხელისუფლება ნაჩქარევად ცდილობს:

“ ეს არის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი იარაღი და, შესაბამისად, გააჩნია თავისი ისეთი პარამეტრები და მახასიათებლები, რომელიც არ განეკუთვნება არალეტალურ იარაღს. ეს გახლავთ ნახევრად ლეტალური იარაღი, შემცირებული ლეტალურობის მახასიათებლებით. სანამ არ მოხდება მათი გამოცდა სტენდზე და პოლიგონზე, მანამდე არ შეიძლება, რომ ჩვენ კანონპროექტს ვუყაროთ კენჭი. ეს იქნება, მეტსაც გეტყვით, დანაშაული ასეთ კანონპროექტზე ხმის მიცემა.“

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ექსპერტის სახით, საკომიტეტო მოსმენაზე ცნობილი ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი მიიწვიეს. ჟურნალ “არსენალში” ალადაშვილმა ვრცელი სტატია მიუძღვნა FN-303 ტიპის იარაღის ტექნიკურ მხარეს და დაასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი არ შეიძლება ჩაითვალოს არალეტალურად. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირაკლი ალადაშვილმა აღნიშნა, რომ FN-303-ის ერაყში გამოყენება მსხვერპლით დასრულდა:

“მე ჯერ კიდევ 2007-ში დავწერე, რომ როდესაც ამერიკელი სამხედროები ერაყში იყენებდნენ მომიტინგეებისა და დემონსტრაციების დასაშლელად ამ იარაღს, ის დამაგრებული იყო ჩვეულებრივ საბრძოლო მ–16 ტიპის შაშხანებზე. მაშინაც, არანაკლებ, 2 თუ 3 ერაყელი შეიწირეს.”

ირაკლი ალადაშვილის თქმით, FN-303 ისვრის არა, უბრალოდ, რეზინის ტყვიებს, არამედ სპეციალური ნივთიერების, ბასმუტისაგან დამზადებულ ტყვიებს, რასაც, ახლო მანძილიდან სროლის შემთხვევაში, ადამიანის მოკვლაც შეუძლია:

“ტყვიის საწყისი სიჩქარე დაახლოებით 85-90 მეტრ/წამია, თან, გასროლისას მაღალი ენერგია აქვს. დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე კიდევ ინარჩუნებს 22 დოულამდე ენერგიას.”

ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უარი უნდა თქვას გამოიყენოს პლასტიკური ტყვიები და აკუსტიკური იარაღი, რაც ქართულ პოლიციას უკვე აქვს შეიარაღებაში და რისი გამოყენებაც ასევე საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მაგრამ საკანონმდებლო ცვლილების ავტორები და მხარდამჭერები, სახელისუფლებო უმრავლესობიდან, სხვაგვარად ფიქრობენ. პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ ცვლილებები ძალიან პროგრესულია და მსგავს არალეტალურ იარაღსაც დემონსტრაციების დაშლის დროს ბევრი ევროპული ქვეყნის პოლიცია იყენებს:

“რაც შეეხება არალეტალურ იარაღს, ეს არის ძალიან ფართოდ გამოყენებული საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო კონვენციებით. ამ იარაღის გამოყენებას აქვს თავისი ინსტრუქციები და, ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ეს ინსტრუქციები.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეტალური თუ ნახევრად ლეტალური იარაღი ნამდვილად აქვს, მაგრამ აქვს თუ არა ინსტრუქცია,როგორ უნდა გამოიყენოს ეს იარაღი, ბევრისთვის საეჭვოა. მათ შორის ეს ეჭვები გაუჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ დიასამიძეს, რომელიც, ერთადერთი უმრავლესობიდან, არალეტალური FN-303 ტიპის იარაღის დაკანონების წინააღმდეგ წავიდა:

“არ ვიზიარებ ლეტალური იარაღის გამოყენების უფლების დაკანონებას პოლიციისათვის, ვინაიდან 6 მაისს ამ იარაღის პირველი გამოყენებისას დამდგარი შედეგები ძალინ მძიმე იყო - გამოიწვია მოქლაქეთა ჯანმრთელობისათვის დიდი ზიანის მიყენება - და, მე ვფიქრობ, უპირველესად, გამოსარკევევია ეს საკითხი.”

6 მაისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ოპოზიციის აქტივისტებთან მომხდარ შეტაკებებში პოლიციის მიერ FN-303 ტიპის იარაღის გამოყენების დროს, ორმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ირწმუნება, რომ პოლიციამ აღნიშნული ნახევრად ლეტალური იარაღი 2007 წლის 7 ნოემბერსაც გამოიყენა მიტინგის დაშლის დროს, მაგრამ პოლიციის წინააღმდეგ, რომელსაც კანონი იმხანად არ აძლევდა ამ იარაღის გამოყენების უფლებას, - პარადოქსია, - საჩივარი არც ერთ შემთხვევაში არავის შეუტანია. სულ მალე კი ამის გაკეთებას უკვე აზრიც აღარ ექნება – პარლამენტმა სადავოდ ქცეული ცვლილებები მაინც მიიღო და ახლა მასზე ვეტოს დადება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციისაგან, სხვა საკითხებთან ერთად, ორშაბათს ნახევრად ლეტალური იარაღის დაკანონების გამოც მოუწევს საკმაოდ მწვავე კრიტიკის მოსმენა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG