Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საცხოვრებელი კორპუსების დაკანონების პრობლემები


აფხაზეთიდან დევნილები ზუგდიდში
აფხაზეთიდან დევნილები ზუგდიდში
იძულებით ადგილნაცვალ პირთა პრობლემების მოგვარების სამთავრობო პროგრამა მათთვის ამჟამინდელი საცხოვრებლის დაკანონებასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ზუგდიდის რაიონში 47 ობიექტი შეირჩა. აქედან რამდენიმე კორპუსში სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ნაწილში კი ორი პრობლემა გაჩნდა: ჯერ ერთი, დევნილებმა კორპუსებში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო პროექტი დაიწუნეს და, მეორეც, მათს ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლებს კერძო მესაკუთრე გამოუჩნდა, რის გამოც სამუშაოები ახლაც შეჩერებულია და დევნილები პოლიეთილენით გადახურულ "კარვებში" ცხოვრობენ.

ზუგდიდის უსინათლოთა საზოგადოების ორ კორპუსში სარემონტო სამუშაოები კომპანია "ბლოკ ჯორჯიამ" ივნისში დაიწყო და ობიექტის გადახურვის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განუხორციელებია. ოჩამჩირიდან დევნილი ნოდარ მიქავა გვიხსნის, რომ "კორპუსებზე დავა ახლაც გრძელდება. ერთი ამბობს ჩემიაო, მეორე ამბობს ჩემიაო. ვერ გავიგეთ, ვისია ეს ობიექტი. არ მინდა ამათი არც რემონტი და არც კოტეჯი. მომცენ ჩემთვის გამოყოფილი ფული და ვიყიდი სახლს. ამდენი გაჭირვების მოთმენა აღარ შეგვიძლია."

სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია სოფელ რუხშიც, იპოდრომის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს. აქ ჩასახლებული დევნილები განმარტავენ, რომ კორპუსი სახელმწიფო საკუთრებაა და დღემდე ვერ გაურკვევიათ, რა ბედი ელით ქუჩაში დარჩენილ ოჯახებს. შუახნის ქალი, რომელიც ამ შენობაში ცხოვრობს, მიყვება, რომ არაერთხელ ყოფილა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და ლტოლვილთა სამმართველოშიც. "აქ გვითხრეს, კორპუსი სახელმწიფო ქონებაა და ვერ დაგიკანონებთო. რემონტი დაიწყეს და ახლაც შეჩერებულია", ამბობს ჩემი თანამოსაუბრე.

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე თამარ ქაროსანიძე გვიხსნის, რომ ასეთი პრობლემები სახელმწიფო საკუთრებაზე არ უნდა წარმოიშვას. რადგან "დევნილები, ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში, მათი თანხმობით უნდა მოხდეს, პირველ რიგში, რეაბილიტაცია და შედეგ - დაკანონება. ერთადერთი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ მაშინ, თუ კერძო მესაკუთრეა, რომელსაც არ სურს ამ ობიექტის გაყიდვა."

სამთავრობო პროგრამის შესახებ არაფერი იციან ზუგდიდის მანქანათმშენებელი ქარხნის ექვს კორპუსში ჩასახლებულმა გალელებმა, ოჩამჩირელებმა და სოხუმელებმა. აქ სულ 100 ოჯახი ცხოვრობს. კორპუსებს დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც ოთახებში წვიმა ჩამოდის. მთლიანად მოშლილია საკანალიზაციო სისტემაც. "ჩვენთან მხოლოდ საჯარო რეესტრიდან იყვნენ და სახლები დანომრეს, მას შემდეგ არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს კორპუსების გარემონტებაზე. რა მოხდება, ჯერჯერობით არაფერი ვიცით", გვეუბნება ერთ-ერთი ბინადარი.

ზუგდიდში, ლტოლვილთა სამმართველოში, აცხადებენ, რომ მანქანათმშენებელი საამქროს კორპუსები კერძო საკუთრებაა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ მოტივით არ მიმდინარეობს. სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ ლუკავა განმარტავს, რომ იძულებით ადგილნაცვალი ყველა ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.

ცნობისათვის: უსინათლოთა საზოგადოების კორპუსებში და იპოდრომის ადმინისტრაციის შენობაში ჩასახლებული დევნილები ამ დრომდე ქუჩაში ცხოვრობენ და ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG