Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოლოდინი უკავშირდება ანდერს ფოგ რასმუსენს


რასმუსენი (მარცხნივ) და სხეფერი
რასმუსენი (მარცხნივ) და სხეფერი
1 აგვისტოდან ნატოს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს - დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი. ამ პოსტზე მან ნიდერლანდის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იაპ დე ჰოოპ სხეფერი შეცვალა და მუშაობას, ოთხწლიანი ვადით, ოფიციალურად ორშაბათიდან შეუდგება. რა შეიძლება შეიცვალოს ამით საქართველოსთვის და როგორი მოლოდინი უკავშირდება ანდერს ფოგ რასმუსენის მომავალ მოღვაწეობას?

56 წლის ანდერს ფოგ რასმუსენს თბილისი გავლენიან და კომპეტენტურ პოლიტიკოსად ახასიათებს და ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მის დანიშვნას მიესალმება. ჩამოთვლილ თვისებებს ”ობიექტურობასა” და ”სითამამესაც” უმატებს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე. ამ კონტექსტში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, უპირველეს ყოვლისა, რასმუსენის თბილისში ვიზიტს იხსენებს გასული წლის შემოდგომაზე: ”...ეს მართლაც ობიექტური, ძალიან თამამი განცხადებები იყო, რასაც იმ ეტაპზე ბევრი ვერ ბედავდა და ცდილობდა, რომ თავი აერიდებინა პირდაპირი შეფასებებისთვის, რაც მან არ გააკეთა აბსოლუტურად შეგნებულად... და ეს, ბუნებრივია, ბევრ რამეზე მეტყველებს.”

გიორგი ბარამიძის მიერ ნახსენები ვიზიტი 2008 წლის ნოემბრის ბოლოს შედგა. ანდერს ფოგ რასმუსენი მაშინ ომგამოვლილ საქართველოს, დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში, ორი დღით ეწვია და გარკვევით თქვა, რომ არ არსებობს თუნდაც ერთი არგუმენტი, რომელიც რუსეთის აგრესიული ქმედებების გამართლებას მოახერხებდა. ამასთან, რასმუსენმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანებისკენ.

აქვე ვთქვათ, რომ დანია, სწორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რომ ქვეყანას ნანატრი ”მეპი” - ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - მიეღო. მართალია, ეს არ მოხდა, მაგრამ, მეგობარი ქვეყნების დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის, უკრაინასთან ერთად, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. დანიის მხარდაჭერის კვალს ექსპერტები ამ დაპირების მიღებაშიც ხედავენ. ასევე მეგობარი ქვეყნების და, მათ შორის, დანიის აქტიურობის კვალი ეტყობა ნაბიჯებს, რომლებიც ბუქარესტის სამიტის შემდეგ გადაიდგა, იქნება ეს ნატო-საქართველოს კომისიის ამოქმედება თუ ყოველწლიური სამოქმედო პროგრამის შემუშავება.

თბილისი იმედოვნებს, რომ საქართველოს მხარდაჭერას დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახლა უკვე ნატოს გენერალური მდივნის პოსტიდან გააგრძელებს, თუმცა სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე იმასაც აცნობიერებს, რომ ყველაფერი რასმუსენის გადასაწყვეტი არ იქნება და რომ ბევრი რამ საქართველოს მიერ ”საშინაო დავალების” შესრულების წარმატებაზე იქნება დამოკიდებული, ”ანუ იმ რეფორმებზე, რომლებიც უნდა განვახორციელოთ როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით.”

გიორგი ბარამიძის თქმით, ” ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რაზეც უშუალოდ გენერალური მდივანი მოახდენს ზეგავლენას” და ასევე ”ბევრი რამის განმსაზღვრელია” აქცენტები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით მოქმედი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში გაკეთდება; თუმცა, ”დიდი როლის” მიუხედავად, ნატოს გენერალური მდივნი ”გადამწყვეტ” ბერკეტებს მაინც ვერ ფლობს.

ისე კი, ალიანსის გენერალური მდივნის ვინაობას მეტად დიდი მნიშვნელობა რომ ენიჭება, ეს მისი შერჩევის ეტაპზეც გამოჩნდა. მაგალითად, ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის გამოც აპრილში, ნატოს საიუბილეო სამიტზე, ეს პოსტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ვერ დაიკავა, ბევრი ექსპერტის აზრით, არის ის, რომ პოლონეთი რუსეთის მიმართ მეტად ხისტი პოლიტიკის მომხრეა.

თუმცა ის, რომ ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ემხრობა და, ალიანსის გეგმების მშვიდობიანობაში დასარწმუნებლად, ის თავის პირველ ვიზიტს სწორედ მოსკოვში გეგმავს, ექსპერტებისთვის პოზიციების დათმობას სულაც არ ნიშნავს. მაგალითად, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვისთვის წარმოუდგენელია, რომ ნატომ საქართველოსა და უკრაინის სამომავლო გაწევრიანებაზე უარი რუსეთის ზეგავლენის გამო თქვას, რადგანაც ეს იქნებოდა ”მის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის აღიარება”. ”ასეთი პირობა ნიშნავს რუსეთისთვის გავლენის სფეროების რეალურად დამტკიცებას და აღიარებას. ეს კი თვითონ ნატოში გამოიწვევს ძალიან დიდ განხეთქილებას”, - მიიჩნევს ანდრო ბარნოვი. ამასთან, ექსპერტი რასმუსენის ხელში საქართველოს საკითხის, პირიქით, კიდევ უფრო გააქტუალურებასაც კი მოელის.

და აქვე გავიხსენოთ ნატოს ახალი გენერალური მდივნის მიერ საფრანგეთის გაზეთ “მიდი ლიბრისთვის” რამდენიმე დღის წინ მიცემული ინტერვიუ, სადაც ანდერს ფოგ რასმუსენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ალიანსის ”დაბეჯითებით მოთხოვნას”, რომ ”რუსეთმა პატივი სცეს მეზობლებს, მათ შორის - საქართველოს.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG