Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას არამეგობრულ და ანტირუსულ პოლიტიკაში ადანაშაულებს


დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უკრაინა აშკარად არამეგობრული და ანტირუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვიქტორ იუშჩენკოსთვის ამ შინაარსის წერილის გაგზავნის აუცილებლობა მედვედევმა საკუთარ ვიდეობლოგში განმარტა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მან თავის უკრაინელ კოლეგას ორი ქვეყნის კრიზისული ურთიერთობით გამოწვეული შეშფოთება გაუზიარა.

მოსკოვისადმი კიევის არამეგობრული დამოკიდებულების ერთ-ერთ მაგალითად პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთ-საქართველოს შარშანდელი ომი მოიყვანა და განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთზე სააკაშვილის რეჟიმის თავდასხმისას უკრაინამ ანტირუსული პოზიცია დაიკავა“.

მედვედევი აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც კიევიდან საქართველოს არმიას იარაღს აწვდიდა და მსგავსი მოქმედების შეწყვეტას არ აპირებენ, თბილისთან ერთად პასუხისმგებლები არიან დანაშაულისთვის.

უკრაინისადმი რუსეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს შორის არის ნატოში გაწევრიანების კურსიც, რომელიც მედვედევის შეფასებით, კიევმა უკრაინის მოქალაქეთა აზრის გაუთვალისწინებლად აირჩია.

ამავე ვიდეობლოგში რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ხელისუფლება რუსეთის კომპანიებისთვის პრობლემების შექმნაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის ახალი ხელისუფლება რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კურსს აირჩევს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვოლოდიმირ ხანდოის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის წერილი უკრაინის პრეზიდენტს გადაეცა და ის განიხილება. ხანდოის თქმით, პირველ რეაქციას უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მოვისმენთ, რადგან წერილის ადრესატი სწორედ ის არის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვარაუდობს, რომ პასუხის გასაცემად იუშჩენკოს დიდი დრო არ დასჭირდება.

6 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობას უკრაინისთვის სტრატეგიული ხასიათი აქვს და რომ უკრაინა კონსტრუქციულად არის განწყობილი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის მიმართ. რამდენიმე დღის წინ იუშჩენკომ ისიც აღნიშნა, რომ უკრაიანამ ოფიციალურად განაცხადა თანხმობა უკრაინაში რუსეთის ახალი ელჩის დანიშვნაზე. "ყველა საკითხი, რომელიც ელჩის ჩამოსვლას უკავშირდება, გადაჭრილია. ვერ ვხედავ ამაში რაიმე სახელმწიფო დონის პრობლემას" - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
XS
SM
MD
LG