Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჟურნალისტებმა დონორებისგან მიღებული თანხის არამიზნობრივად ხარჯვა აღმოაჩინეს


პროექტის მონაწილე გორელი ჟურნალისტები
პროექტის მონაწილე გორელი ჟურნალისტები
აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დონორებმა საქართველოს მთავრობის რამდენიმე მილიარდი დოლარით დახმარება გადაწყვიტეს. თანხის გამჭვირვალედ და მიზნობრივად დახარჯვის მონიტორინგისთვის „მარშალის ფონდმა“ შიდა ქართლის ჟურნალისტებისთვის სპეციალური პროექტი დააფინანსა. რამდენიმეთვიანი კვლევის შედეგად, პუბლიკაციები რეგიონალურ გაზეთებში -„ქართლის ხმასა“ და „ხალხის გაზეთში“ - გამოქვეყნდა. „ხალხის გაზეთის“ რედაქტორმა რევაზ ოქრუაშვილმა აღმოაჩინა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კონკრეტული ამოცანისთვის განკუთვნილი თანხა არამიზნობრივად დახარჯა. შარშანდელი აგვისტოს ომის დროს, სოფელ სკრასთან სარკინიგზო მაგისტრალზე ნავთობით დატვირთული ვაგონების აფეთქებისას, ნიადაგში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა. მოგვიანებით სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ, საერთაშორისო ფინანსური დახმარებით, დაბინძურებული ნიადაგი მოიჭრა და ტერიტორია გასუფთავდა, თუმცა შემთხვევის ადგილას მისულ ჟურნალისტებს სულ სხვა სურათი დახვდათ. რევაზ ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ ნიადაგი ნავთობით კვლავ დაბინძურებულია. „ხალხის გაზეთის“ რედაქტორმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ, თუ მთავრობა საერთაშორისო დონორებისგან მიღებული თანხის მართლაც მიზნობრივად და გამჭვირვალედ ხარჯვას არ უზრუნველყოფს, მათ, შესაძლოა, საქართველოს დახმარება საერთოდ შეწყვიტონ.

ჟურნალისტი ნანა კახნიაშვილი აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ადამიანებისთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარების საკითხს იკვლევდა. როგორც თავად ამბობს, მასალის მომზადებისას არაერთი პრობლემა შეხვდა, რადგან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობდნენ. გარდა ამისა, ნანა კახნიაშვილმა აღმოაჩინა, რომ თითოეული მედიკამენტის მისაღებად დევნილებს არაერთი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა უწევთ.

პროექტის მონაწილე ჟურნალისტების თქმით, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა ინფორმაციის მიღება შსს-დან, რომელიც აგვისტოს ომის შედეგად დევნილებისთვის ახალი სახლების მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტური გამოძიებისას კიდევ ერთი პრობლემა - იძულებით გადაადგილებულთა არაინფორმირებულობა - გამოიკვეთა. კერძოდ, რეგიონალური გაზეთების ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ახლად აშენებულ დასახლებებში მცხოვრებმა დევნილებმა არ იციან, რომელი პროგრამებით და რა შეღავათებით სარგებლობენ. ამ დასახლებათა კოორდინატორები კი, დევნილების ინფორმირების ნაცვლად, იმაზე ზრუნავენ, რომ ვინმეს ხელისუფლების კრიტიკა არ წამოსცდეს. „მარშალის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგების შემაჯამებელ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვიეს, თუმცა ჟურნალისტების შეფასებები მხოლოდ დევნილთა რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელმა მოისმინა. სამმართველოს უფროსის მოადგილის თამაზ გვიმრაძის განცხადებით, პრობლემების მოსაგვარებლად ინფორმაციის მიღება აუცილებელია, სამართლიანი კრიტიკა კი - მისაღები.
XS
SM
MD
LG