Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალური ეკონომიკური რეცესიისა და მასში მთავრობების ჩარევის საკითხისათვის


ბოლო დროის სტატისტიკა იუწყება, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა დაიწყეს. აშშ-დანაც დამაიმედებელი ცნობები მოდის ამ ქვეყნის ეკონომიკის შესახებ. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი, მაგალითად, იუწყება,რომ მომხარებლის მიერ გაღებული ფულის ოდენობა გაიზარდა, ანუ ამერიკელები მხოლოდ ფულის შენახვაზე აღარ ფიქრობენ. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რამდენადაც იქ, ოკეანის გადაღმა, მომხმარებელია, დიდწილად, საერთო ეროვნული შემოსავლის წყარო. როგორ განვითარდება ეს ტენდენცია, განაახლებენ ამერიკელები ხარჯვას და ძველებურად კრედიტით ცხოვრებას დაუბრუნდებიან თუ კვლავ ფულის შენახვაზე იფიქრებენ და ამით რეცესიიდან გამოსვლას ხელს შეუშლიან?

იმის გამო, რომ შეერთებული შტატები დიდი და მდიდარი ქვეყანაა, ის მსოფლიო ეკონომიკის ძრავად მიიჩნეოდა ყოველთვის. ამ საქმეში ამერიკელ მომხმარებელს განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. სწორედ ამიტომაა დამოკიდებული არაერთი ქვეყანა შტატებზე, რომელიც მის პროდუქტს ყიდულობს. მაგრამ ბოლო პერიოდის ეკონომიკურმა რეცესიამ ამერიკის მოქალაქეებს ქცევის ყაიდა შეაცვლევინა: ისინი უფრო მეტად ინახავენ ფულს, ზოგავენ, ვიდრე ხარჯავენ. როგორ განვითარდება ბოლო კვირების ტენდენცია, გააგრძელებენ ამერიკელები შიშში ყოფნას და ფულის შენახვას თუ ძველ ჩვევას მიუბრუნდებიან? - ამ შეკითხვაზე პასუხს იძლევა დისმონდ ლახმანი, ვაშინგტონის “ენტერპრაის ინსტიტუტის” თანამშრომელი, რომელსაც სჯერა, რომ მომავალში ისინი ძველ ჩვევას დაიბრუნებენ. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ვალებში არ ჩაცვივდნენ, მათ ფული უნდა დაზოგონ, ნაკლები უნდა ხარჯონ. ამ დროს, საჭიროა გაიზარდოს მომხმარებელთა მიერ ფულის ხარჯვა აზიისა და ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, უდიდეს ეკონომიკებში, გერმანიასა და ჩინეთში. მაგრამ სანამ ეს არ ხდება, უთხრა რადიო თავისუფლებას ლახმანმა, აშშ-ის მთავრობას უწევს ეკონომიკის ხელშესაწყობად მის სტიმულირებას მიმართოს:

„თუკი აშშ-ის მთავრობა არ შეეცდება ეკონომიკის სტიმულირება მოახდინოს, გაგვიჩნდება გლობალური პრობლემები, რადგან ხალხი აშშ-ს მსოფლიოს მომხმარებელთა “ბოლო ინსტანციად” მიიჩნევს. ასე რომ, თუკი ამ მომხმარებელმა კვლავ იყოყმანა და ვერ მივაღწიეთ გერმანიისა და ჩინეთის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღებას, რათა იქაურმა მომხმარებელმაც მეტი ფულის გაღება დაიწყოს, გლობალური ეკონომიკის თვალსაზრისით, პრობლემა გაგვიჩნდება.”

ახლა აშშ სხვა რისკის წინაშეა - გადაჭარბებული ვალის ან, რასაც “გადასახდელებში დისბალანსს” უწოდებენ.
რაც ახლა, კრიზისის გამწვავების პირობებში, უნდა გაკეთდეს, ლახმანის აზრით, ისაა, რომ წამყვანმა ექსპორტიორმა ქვენებმა, როგორიცაა გერმანია და ჩინეთი, ითანამშრომლონ აშშ-თან, კრიზისის დაძლევის საქმეში უკეთესი კოორდინაციისთვის. ლახმანი ასე მჯელობს:

“გლობალურ ეკონომიკას დასჭირდა მასტიმულირებელი ზომები. ამ დროს კი გერმანიას და ჩინეთს უფრო დიდი ხელშეწყობა არ უნდა ჰქონდეთ, ვიდრე შეერთებული შტატების ეკონომიკას. აქ საჭიროა წონასწორობის მიღწევა. სხვა შემთხვევაში, როცა აშშ-ის ეკონომიკა წამოიმართება, მას გაუჩნდება“გადასახდელებში დისბალანსი.”

ეს კი, ალბათ, პრობლემებს შეუქმნის ექსპორტიორ ქვეყნებს, რომლებიც ახლა თითქოს გამოჯანსაღების გზას დაადგნენ, გვეუბნება ლახმანი, რასაც არ ეთანხმება ალან მელცერი, ეკონომიკის პროფესორი პიტსბურგის უნივერსიტეტში. მისი თქმით, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა მთავრობის ჩარევაა. სინამდვილეში კი, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, არ სჭირდებათ მთავრობის ფართო ჩარევა, სამთავრობო მასტიმულირებელი გეგმით, იმისათვის, რომ რეცესიას თავი დააღწიონ. მელცერი ამტკიცებს, რომ კერძო მრეწველობას სავსებით შესწევს უნარი, გაუმკლავდეს პრობლემას, მთავრობამ რომც ვერ მოახერხოს ეს თავისი საშუალებებით:

“ჩემი აზრით, გერმანელები ფრთხილ და ჭკვიანურ პოლიტიკას მისდევენ. ისინი ისეთ პანიკას არ მიეცნენ, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციას დაემართა. მე ვფიქრობ, გერმანია გამოჯანსაღების გზაზეა. ამ ქვეყნის კერძო სექტორს საკმარისი სიცოცხლის უნარი აქვს ამისთვის, თუ ჩარევითა და დაბეგვრით ხელი არ შეუშალეს. ასე რომ, გერმანია გამოჯანსაღდება და ეს, სრულიად შესაძლებელია,მოხდეს უკვე გაისად, კერძო სექტორის მეშვეობით.”

მელცერის თქმით, ტენდენცია ფულის დაზოგვისა დროებითი მოვლენაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არა მხოლოდ ამერიკაში, ყველგან იზარალა ხალხმა ფინანსურად. როცა ისინი იგრძნობენ, რომ აღადგინეს დანაკარგი, კვლავ დაიწყებენ ფულის ხარჯვას. მელცერი დარწმუნებულია, რომ თუკი მთავრობები არ შეეცდებიან თავიანთი ქვეყნების ეკონომიკას თავს საკუთარი ნება მოახვიონ და ბიზნესს და ინვესტორებს გადასახადების დაწესებით ხელს არ შეუშლიან, ანუ თუ ფული ეკონომიკის ზრდას მოხმარდება, მსოფლიო ეკონომიკები რეცესიისთვის თავის დასაღწევად გზას თავად მოძებნიან.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG