Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 19 აგვისტო 2009


„რატომ დატოვა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა პოსტი“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს, სტანისლავ ლაკობას თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთ და ჯერჯერობით გახმაურებულ მთავარ მიზეზზე-„აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ“ კანონზეა საუბარი. სტატიის თანახმად, გალის მოსახლეობისათვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დისკუსიებმა საბოლოოდ გამოკვეთა ლაკობასა და ბაღაფშის პოლიტიკური გზების დაშორიშორება. სტატიაში ლაკობას მოსაზრებების მთავარი წყაროა რუსული გამოცემა „ოგონიოკისათვის“ უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში მიცემული ბოლო ინტერვიუ. ინტერვიუში ლაკობა ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა და, შესაბამისად, ოპოზიციას სალაპარაკო თემა და არჩევნების მოგების შანსი გაუჩნდა. გაზეთი არ გამორიცხავს, რომ სტანისლავ ლაკობამ დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ჯერჯერობით პოლიტიკური დაჯგუფებებისგან თავი შორს უჭირავს.

„სუბელიანთან ერთად პროკურატურა აქიშბაიათიც დაინტერესდა“ -ამ საკითხზე მკითხველის ყურადღებას დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აჩერებს. „მინისტრი კობა სუბელიანი ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჩვენი ინფორმაციით, ამერიკაში იმყოფება მისი ოჯახიც“, - ვკითხულობთ გაზეთში, რომლის თანახმადაც, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებასთან დაკავშირებით კომენტარს არავინ აკეთებს, თუმცა ხელისუფლების წევრები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ გამოძიება სუბელიანს დევნილებისათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავება და სწორედ ამის გამო გაერიდა ის ვითარებას. გაზეთის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია, დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ, სუბელიანთან ერთად, გამოძიება აფხაზეთის მთავრობის ყოფილი მეთაურით, მალხაზ აქიშბაიათიც დაინტერესდება. საქმე ამ შემთხვევაში, „რეზონანსის“ თანახმად, კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობის ჩასახლების პროცესს და დევნილებისათვის გამოყოფილი ერთჯერადი დახმარების თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება.

დღესვე „რეზონანსში“ წაიკითხავთ, რომ საპარლამენტო უმცირესობა გია თორთლაძის ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას და მის ნაცვლად დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას გეგმავს. „რეზონანსის“ წყაროს ცნობით, უმცირესობას გია თორთლაძის მიხეილ სააკაშვილისადმი განსაკუთრებული ლოიალობა არ მოსწონს.

ქართული პენიტენციალური სისტემის მოსალოდნელ ცვლილებებზე სტატიას დღეს გაზეთ „24 საათში“ წაიკითხავთ. სტატიის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო „პატიმრობის კოდექსის“ განხილვას სექტემბრიდან დაუბრუნდება.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც, „24 საათის“ ცნობით, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში, 2007 წელს იყო ინიცირებული და რომელიც, პატიმრების მოვალეობებთან ერთად, მათ უფლებებსაც განსაზღვრავს - კერძოდ, შვებულების, საკნებში რადიოსა და ტელევიზორის შეტანის, სასურველ პირებთან პაემნების - მათ შორის, გრძელვადიანი პაემნების - უფლებებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით აქვე წაიკითხავთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ცოტა ხნის წინ პატიმრობის კოდექსის პროექტიდან ამ მუხლის ამოღება მოითხოვა იმის გამო, რომ, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, უახლოეს წლებში აღნიშნული მუხლი ვერ იმუშავებს.
XS
SM
MD
LG