Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 აგვისტო 2009


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ოპოზიციის დიალოგის პირველი შედეგები დღეს მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ერთ კვირაში ათი დაკავებულის გათავისუფლების შესახებაა მიღებული გადაწყვეტილება, ვკითხულიბთ გაზეთ „24 საათში“, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციის წარმომადგენლები ამა თუ იმ საკითხის გასარკვევად სისტემატურად უკავშირდებიან სამართალდამცავი უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, შოთა უტიაშვილს. თუ საჭირო იქნება, ერთობლივი კომისიის შექმნაც არ არის გამორიცხული, უთხრა შოთა უტიაშვილმა გაზეთ „24 საათს.“

გაზეთ „ახალ თაობაში“ კი წაიკითხავთ, რომ, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დაწყებული პერმანენტული დიალოგის ფონზე, ოპოზიციის არაერთი ლიდერი საუბრობს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების შევიწროებაზე. ასეთია, მაგალითად, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ გენერალური მდივანი ეკა ბესელია, რომელმაც გაზეთს განუცხადა, რომ ქობულეთის პოლიციამ მისი შვილი და ძმა არა მართლაც ჩადენილი ხულიგნობისთვის, არამედ მასთან ანგარიშსწორების მიზნით დააპატიმრა. „იცით, რომ მე არ მივდივარ მათთან მოლაპარაკებებზე, მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხებზე, არ ვხვდები ვანო მერაბიშვილს და ამ გზით გამისწორდნენ. მზად ვარ, გავუძლო ზეწოლას“,- აცხადებს ეკა ბესელია და იქვე მიუთითებს, რომ პოლიტიკური მოტივებით მისი შვილით პოლიცია უკვე მეორედ დაინტერესდა.

„რუსეთს კავკასია უკვე დაკარგული აქვს“ - ასეთ განცხადებას გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე საქართველოში ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელი ხიზრი ალდამოვი აკეთებს. მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ინგუშეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერორისტული აქტის უკან დგანან ჩეჩენი მებრძოლები, რომელთაც სათავეში ცნობილი საველე მეთაური დოკა უმაროვი უდგას. ხიზრი ალდამოვი გაზეთთან ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობა დაღესტანში დაიწყება და პროცესებში მთელი კავკასია ჩაერთვება, მათ შორის, ჩეჩნეთიც, რომლის დამოუკიდებლობის აღიარებამდე კავკასიაში წესრიგი ვერასოდეს დამყარდება.

„საქართველოს საზღვაო ბლოკადა გამოუცხადეს“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, ძირითადად იმაზეა საუბარი, შესწევს თუ არა უნარი აფხაზეთის ხელისუფლებას იმ მუქარის ხორცშესასხმელად, რომელიც მან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ აფხაზეთის აკვატორიაში მცურავი გემების დაკავების გამო გამოთქვა.

სეპარატისტული ხელისუფლების პირველი პირები აცხადებენ, რომ ამიერიდან თავადაც დააკავებენ საქართველოსთვის განკუთვნილ საზღვაო ტვირთებს. თბილისში მიაჩნიათ, ვკითხულობთ სტატიაში, რომ სოხუმს ამ მუქარის განხორციელების საშუალება ფიზიკურად არ აქვს, თუკი მას ისევ მოსკოვი და შავი ზღვის ფლოტი არ დაეხმარა.
XS
SM
MD
LG