Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილებს ქუთაისში საცხოვრებელ ფართობს ურემონტებენ


საქართველოს მთავრობის დაპირებით, დევნილები საკუთრებაში გარემონტებულ საცხოვრებელ ფართობებს მიიღებენ. ხელისუფლება დაპირების შესრულებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ფულადი დახმარებით ფიქრობს. უკვე შეირჩა ქუთაისში თერთმეტი, ხოლო იმერეთის რეგიონში თვრამეტი შენობა, რომელთა გასარემონტებლად 17 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ქუთაისის ვიცე-მერის დავით გორდელაძის თქმით, კეთილმოწყობილ შენობებში დევნილთა 70% იცხოვრებს.

ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილი 12 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ყოფილი სასტუმროებისა და საბავშვო ბაღების შენობებში კომპაქტურად ცხოვრობს. ვიწრო საცხოვრებელი ფართობი, ამორტიზებული კანალიზაცია და არასათანადო ჰიგიენური პირობები წლების განმავლობაში დევნილების უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.

რადიო თავისუფლების რესპონდენტები, რომლებიც გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობენ, ყოფილი სასტუმროს შენობაში ცხოვრობენ. სარეაბილიტაციო შენობების სიიდან სასტუმროები ამოღებულია, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, პირველ რიგში, იქ შესახლებულ დევნილებს შესთავაზებენ გარემონტებულ ფართობს.

ახალ ბინებში დევნილებს მოწესრიგებული სანიტარული კვანძი, უწყვეტი წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ელოდებათ. მიუხედავად ამისა, ბევრ მათგანს ძველი ამორტიზებული ბინების დატოვება, ანუ ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში საცხოვრებლად გადასვლა, უჭირს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ყველა შენობაში მიმდინარეობს. ხელისუფლება სამუშაოების დასრულებას ოქტომბერში ვარაუდობს.
XS
SM
MD
LG