Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გათავისუფლდნენ გირგვლიანის მკვლელობის გამო გასამართლებული პოლიციელები


გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეს ადამიანები ხელსაყრელი ფონის შესაქმნელად გამოუშვა
გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეს ადამიანები ხელსაყრელი ფონის შესაქმნელად გამოუშვა
6 სექტემბერს, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის შუამდგომლობით, სასამართლომ 338 პატიმარს სასჯელის ფორმა შეუცვალა. ვადამდე პირობით გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილე პოლიციელები, რომლებსაც, 2008 წლის 24 ნოემბრის შეწყალების აქტის საფუძველზე, სასჯელი ისედაც განახევრებული ჰქონდათ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ყოფილ უფროსს გია ალანიას სასამართლომ 8 წლით, ხოლო იმავე სამსახურის ყოფილ ოფიცრებს ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძეს 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო გასამართლებულმა ოფიცრებმა პატიმრობაში მხოლოდ სამი წელიწადი გაატარეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წარმომადგენლის ანტონ ქელბაქიანის თქმით, სასჯელის ფორმა შეეცვალათ უმძიმესი დანაშაულის გამო - მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის - მსჯავრდებულ პატიმრებსაც:

„კომისიამ და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კანონის უზენაესობიდან გამომდინარე მიიღეს. თუ პირი თანამშრომლობდა ადმინისტრაციასთან, არ არღვევდა რეჟიმს, აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს - ასეთ მსჯავრდებულს ეკუთვნის ვადამდე პირობითი გათავისუფლება.“

ანტონ ქელბაქიანის თქმით, სულ, ჯამში, ვადამდე პირობით სამასზე მეტი მსჯავრდებული გათავისუფლდა, თუმცა დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეს ადამიანები ხელსაყრელი ფონის შესაქმნელად გამოუშვა:

„მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ 4 მკვლელთან ერთად გათავისუფლდნენ, რომ უნდა უმადლოდნენ სანდრო გირგვლიანის სულს. სწორედ ის დაგეხმარათ, რომ დღეს თქვენს ოჯახებში იმყოფებით. არაფერ შუაშია შაშკინი, ახალაია, მერაბიშვილი და სააკაშვილი. ეს ადამიანები ამ ყოფილმა პოლიციელებმა გადაარჩინეს. მათ აიღეს საკუთარ თავზე დანაშაული“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ცაგარეიშვილმა. იგი მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის ნამდვილი მკვლელები დაუსჯელები დარჩნენ. ამასვე ამტკიცებს გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი. შალვა შავგულიძის თქმით, მართლმსაჯულება სათანადო სიმაღლეზე ვერც სასამართლო პროცესის მსვლელობისას აღმოჩნდა და ვერც განაჩენის გამოტანის შემდგომ პერიოდში.

შალვა შავგულიძე: „დაფარეს და არ ამხილეს სხვა დამნაშავეები. განსასჯელების ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია: განზრახ მკვლელობის ნაცვლად, ჩაიწერა სხეულის განზრახ დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით მოჰყვა სიკვდილი. შემდეგ ეს მუხლი, რომელიც 13 წელს ითვალისწინებდა, კანონში შეტანილი ცვლილებით გაანახევრეს. შემდეგ ეს მისჯილი ექვსი წელი პრეზიდენტის შეწყალებით განახევრდა და, ბოლოს, ვადამდე პირობითი გათავისუფლებაც შესაძლებელი გახდა.“

შალვა შავგულიძის მსგავსად, მსჯავრდებული პოლიციელების ვადამდე პირობით გათავისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილიც გამოეხმაურა. ახალი მემარჯვენეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ''რა არის ეს? ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების ცინიკური გამოწვევა თუ მკვლელების წინაშე ვალდებულება ინფორმაციის დაფარვის სანაცვლოდ? ალბათ, ორივე ერთად.“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, აუცილებლად დაისჯება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მონაწილე ყველა პირი. დამნაშავეების სათანადოდ დასჯას მოითხოვენ ის თბილისელებიც, რომლებსაც რადიო თავისუფლება რუსთაველის გამზირზე გამოელაპარაკა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ დაცინვასა და შეურაცხყოფას საზოგადოება ადეკვატურად უპასუხებს. მოძრაობა „შვიდი ნოემბრის“ ლიდერის დაჩი ცაგურიას თქმით, დაიწყება ფართომასშტაბიანი მოძრაობა, რათა საზოგადოების ყველა წევრმა იცოდეს, რომ ქალაქში მკვლელები დადიან:

„მათ ფოტოებს, სახელებსა და გვარებს გამოვაქვეყნებთ ყველგან, რომ ქუჩაში გამვლელი ბავშვიც კი ცნობდეს ამ ადამიანებს, რომ თავი მოარიდონ მკვლელებს. ჩვენ მივალთ ყველგან, სადაც ისინი იქნებიან, მივალთ მათ მეზობლებთან, ახლობლებთან და ყველას ვეტყვით, რომ ეს ადამიანები მკვლელები არიან.“

იურისტების განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვადამდე პირობით გათავისუფლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულ მხარეს ხელი აქვს ჩაქნეული. გირგვლიანების ოჯახის ადვოკატის შალვა შავგულიძის თქმით, ევროპის სასამართლომ უკვე დაასრულა მხარეებთან კომუნიკაციის სტადია და სულ მალე სარჩელის განხილვაც დაიწყება.

„დარღვეული იქნა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი - ეს არის სიცოცხლის უფლება; დარღვეული იქნა მესამე მუხლი - წამების აკრძალვა და მექვსე მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება. თუ ევროპის სასამართლო დაადასტურებს კონვენციის ამ მოთხოვნების დარღვევას, ეს იქცევა ახალ გარემოებად, რომელიც გამოიწვევს ხელახალ გამოძიებასა და განხილვას საქართველოს სასამართლოში, რათა საბოლოოდ დადგეს სამართლიანი და ადეკვატური განაჩენი“, განუცხადა რადიო თავისუფლებას შალვა შავგულიძემ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG