Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და სამხრეთი კავკასია - დაახლოების პერსპექტივა


შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი
შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი
ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეციამ სამხრეთ კავკასიის შესახებ მომზადებული გადასინჯული სტრატეგიული ხედვა წარუდგინა ევროკავშირის წევრებს. სტრატეგიის გადასინჯვა, ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტის განმარტებით, სიმბოლური ზომაა, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს ამ სამი ქვეყნის ურთიერთობა ევროკავშირთან. საქართველო, სომხეთი და აზერაბიჯანი რამდენიმე წელია მონაწილეობენ პროგრამაში, რომელსაც “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” ეწოდება, წელს კი სამივე ქვეყანა გახდა ევროკავშირის “აღმოსავლეთის პარტნიორობის” მონაწილე - უკრაინასთან, ბელორუსიასთან და მოლდავეთთან ერთად.

სამშაბათს ბრიუსელში შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, კარლ ბილდტის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას სთხოვეს მანდატის მომზადება, რათა დაიწყოს მოლაპარაკება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან ასოცირებულ შეთანხმებებზე.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, როგორც ბილდტი აღნიშნავს “რასაკვირველია, განსხვავებულები არიან და მათთან მიდგომაც დიფერენცირებული იქნება, მათ კონკრეტულ პირობებს წაუყენებენ”. ასევე ბილდტის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ერთხმად მიემხრო ამ მიდგომას და ახლა ევროკომისიისაგან ელის დახმარებას - ის მოამზადებს მანდატს ასოცირების შეთანხმებებზე მოლაპარაკების დასაწყებად. “ამის მერე ვნახავთ, როგორ წავიწევთ წინ სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში. აღიარებულია ის, რომ ევროკავშირს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ამ რეგიონში - სტაბილურობის ხელშეწყობის მხრივ,” დასძინა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაში, ბილდტთან ერთად, მონაწილეობდა ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენი. მისი განცხადებით, სამშაბათს გამართული დისკუსიის დროს ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა და ევროკავშირის მტკიცე გადაწყვეტილება, გააგრძელოს თანამშრომლობა სამ პარტნიორთან ამ რეგიონში - სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან.

რაც შეეხება ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობას ამ სამ ქვეყანასთან, ოლი რენმა პრეს-კონფერენციაზე შეკრებილების შეახსენა, რომ “აღმოსავლეთს პარტნიორობის” პროგრამის მიზნებს შორის არის მოლაპარაკება ასოცირებული შეთანხმების შესახებ, “რაც თავის მხრივ ერთ-ერთ მიზნად ისახავს თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნას ევროკავშირსა და თითოეულ ქვეყანას შორის, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება.”

იქვე ევროკომისარმა გაიმეორა მინიშნება, რომელიც მანამდე შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას დიფერენცირებულად მიუდგებიან, რომ მათთან მოლაპარაკებები ერთნაირი ტემპით არ წარიმართება და, შესაძლოა, არც ერთნაირი შედეგით დასრულდეს.

ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად უწევს ევროკავშირი ანგარიშს იმ გარემოებას, რომ რუსეთი მწვავედ რეაგირებს ხოლმე მის მეზობლად სხვების, თუნდაც ევროპელების გააქტიურებაზე, შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარლ ბილდტმა უპასუხა განცხადებით, რომ სამივე ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ შეარჩიოს სასურველი მოკავშირეები.

“ეს ქვეყნები სუვერენული სახელმწიფოები არიან და აქვთ უფლება, თავად გააკეთონ არჩევანი საკუთარ ბედზე. მათ გამოთქმული აქვთ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის სურვილი”, განაცხადა ბილდტმა.

ზოგადად, შვეცია ცდილობს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, ერთი მხრივ, იქ გავლენის გაზრდისაკენ რუსეთის ძალისხმევის დასამუხრუჭებლად, მეორე მხრივ კი იმის გამოც, რომ ევროკავშირის მომდევნო მორიგე თავმჯდომარეებს (ესპანეთსა და ბელგიას), სავარაუდოდ, განსხვავებული პრიორიტეტები ექნებათ.

ასეა თუ ისე, ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ნოემბერში შეძლებს, მოამზადოს სამ ქვეყანასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების სამი პროექტი.

ჩვენი რადიოს უკრაინულმა სამსახურმა საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიულ ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორ ლორ დელკურს მიმართა შეკითხვით, ხომ არ შესუსტდა ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველოს პოზიცია - პოზიცია ქვეყნისა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხრივ, ლიდერად იყო აღიარებული.

ფრანგმა პოლიტოლოგმა პასუხად აღნიშნა, რომ არ იზიარებს შეფასებას, თითქოს საქართველოს მნიშვნელობა დაეკარგა ევროპისთვის. “კონფლიქტის შემდეგ ევროკავშირმა მას ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა მთელი ქვეყნის აღსადგენად. ევროკავშირის შარშანდელმა, დონორთა კონფერენციამ დაადასტურა, რომ დანაპირები შესრულდა კიდეც. ამ ყველაფერში სიახლეა ის, რომ რეგიონის სხვა სახელმწიფოები ახლა გაცილებით მეტ ინტერესს ავლენენ ევროკავშირთან დაახლოების მიმართ. სომხეთი და განსაკუთრებით აზერბაიჯანი, სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ ასეთ მისწრაფებას. აქამდე მხოლოდ საქართველო გამოხატავდა ამ სურვილს”, აღნიშნავს ფრანში პოლიტოლოგი.

და მაინც: ევროკავშირი საქართველოს ადრე უკრაინასთან წყვილში განიხილავდა პარტნიორად, ახლა კი საქართველო იმავე ჯგუფშია, რომელშიც აზერბაიჯანი და სომხეთი, მიუხედავად იმისა, რომ ერევანსა და ბაქოს არავითარი პრეტენზია არა აქვთ, სულ მცირე, ახლო მომავალში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდნენ.

რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, პოლიტოლოგი ლორ დელკური შემდეგ გარემოებაზე მიუთითებს: “პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს პრიორიტეტები განსხვავდება უკრაინის პრიორიტეტებისაგან. უკრაინა წლების მანძილზე, ჯერ კიდევ ნარინჯისფერ რევოლუციამდე, უმთავრესად ევროპის დაფინანსების მოპოვებისაკენ მიისწრაფვის. მისთვის (საქართველოსაგან განსხვავებით) ნატო მეორეხარისხოვანია. ამას ემატება, რომ უკრაინის მოსახლეობაში აზრთა სხვაობა სუფევს “ნატოს საკითხზე”. ამ დროს, საქართველოსთვის კონფლიქტამდე და, ჩემი ვარაუდით, ახლაც მთავარია ნატოში გაწევრიანება. ევროინტეგრაციას ქართველებისთვის არა აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც უკრაინელებისთვის. შესაბამისად, ევროკავშირთან დაახლოების მხრივ საქართველოს წინსვლა უფრო ნელია, და ამ მიმართულებით მისი პოლიტიკა უბრალოდ, ნაკლებად არის განვითარებული, უკრაინასთან შედარებით”. ასე ფიქრობს ფრანგი პოლიტოლოგი ლორ დელკური.

მეორე მხრივ, საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესის” რეპორტაჟში საქართველოა მოხსენიებული აშკარა ლიდერად (სამხრეთკავკასიელ მეზობლებთან შედარებით) ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. მას ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს ბრიუსელში წელს, აგვისტოში გამართული მოლაპარაკების შედეგი, რომ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, გაფორმდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ”რეადმისიისა და ვიზების გაცემის გამარტივების” შესახებ.
XS
SM
MD
LG