Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენს რუსეთთან "უპრეცედენტო დიალოგი" სურს


ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა პრესის საშუალებით მიმართა რუსეთს, გააუმჯობესოს ურთიერთობა დასავლეთთან. ყოველდღიურ “ფაინენშელ თაიმსთან” ინტერვიუში რასმუსენმა განაცხადა, რომ მას აქვს “ხედვა, რასაც იგი “ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორობას” უწოდებს.

რასმუსენის თქმით, ბრიუსელში არსებულმა სამხედრო ალიანსმა უნდა ითანამშრომლოს დღევანდელი დღის ისეთი მთავარი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა უსაფრთხოების ოპერაცია ავღანეთში, ტერორიზმი და მეკობრეობა.

ნატოს გენერალური მდივანი აპირებს მიაღწიოს “ღია და უპრეცედენტო” დიალოგს მოსკოვთან, რომლის მიზანიცაა შეიქმნას ახალი ატმოსფერო ცივი ომის დროინდელ ყოფილ მეტოქეებს შორის. რასმუსენი გეგმავს გაგზავნოს რუსეთში დელეგაცია, რომელიც შეეცდება გაიგოს, რას ფიქრობენ კრემლში იმაზე, თუ როგორ შეუძლია ნატოს ცივი ომის შემდგომი ვითარების გაუმჯობესება. რასმუსენმა თქვა, რომ რუსეთს ლეგიტიმური უფლება აქვს საკუთარი წარმოდგენა ჰქონდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და იგი აპირებს გაითვალისწინოს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის წინადადებები ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ.

დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობას აგვისტოდან შეუდგა - ვითარებაში, როდესაც 28 წევრისაგან შემდგარი ალიანსი კვლავ საკუთარი როლის ძიებაშია.

იდეამ, ალიანსი გარდაქმნილიყო ერთგვარ საერთაშორისო პოლიციურ ძალად, დაკარგა ალიანსის შიგნით მომხრეები, ავღანეთში მიმდინარე სისიხლისმღვრელი და ხანგრძლივი ბრძოლების ფონზე.

რასმუსენის ასეთი დამთბარი მიდგომა მოსკოვის მიმართ ნაკარნახევია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას გავლენით, რომელმაც ივლისში ვიზიტის დროს რუსეთში ორმხრივი ურთიერთობის ხელახალ გადატვირთვაზე ისაუბრა.

ამასთან, არც პრეზიდენტ მედვედევის და არც პრემიერ-მინისტრ პუტინის მხრიდან ამ დამოკიდებულებას ჯეროვანი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია.

კრემლი ღრმად შეურაცხყოფილია იმის გამო, რომ ნატომ გამოხატა ნება ალიანსში გაწევრიანდნენ რუსეთის მეზობლები, საქართველო და უკრაინა, როდესაც ეს ქვეყნები საჭირო კრიტერიუმებს მიაღწევენ. რუსეთს მოსვენებას უკარგავს შეერთებული შტატების გეგმა, რომელიც ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების განლაგებას ითვალისწინებს.

დაბოლოს, გასულ წელს რუსეთის შეჭრამ საქართველოში უკიდურესად გაართულა ურთიერთობები დასავლეთთან, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ნატო მაინც ავლენს ნებას, გააკეთოს ყველაფერი, რათა ევროპის უსაფრთხოების ძირითად საკითხებში თანამშრომლობა სტაბილური გახდეს, რაც ვარშავის ხელშეკრულების გაუქმების 20 წლის შემდეგაც კი მოუგვარებელია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG