Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 სექტემბერი 2009


დღევანდელი ქართული გაზეთები ბევრს წერენ ცვლილებებზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. „ჯერ არავინ იცის, ნოდარ ახალკაცი ნებით წავიდა თუ გაუშვეს იმ ძალებმა, რომლებმაც მოიყვანეს“, - წერს „ახალი თაობა“. „საქართველოს რესპუბლიკა“ ახალკაცის პრეზიდენტობას ასე აფასებს: „გაუპატიურებული საზოგადოებრივი აზრი, გაბახებული ფედერაცია და დამბლადაცემული ნაყოფი“ - ეს „საქართველოს რესპუბლიკის“ მოწინავე სტატიის სათაურია. „ვერსია“ კი კითხულობს, დაიჭერენ თუ არა ნოდარ ახალკაცსო, და ამატებს: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას ჯერ კონტროლის პალატა, შემდეგ პროკურატურა შეისწავლისო.

„რეზონანსი“ კითხულობს, ახსოვს თუ არა სააკაშვილს, რომ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავად შეიწყალა. გაზეთი წერს, ორი დღის წინ უზნაძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაში პრეზიდენტმა რატომღაც ჟურნალისტებს დასდო ბრალი და განაცხადა, შეწყალების პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოსო. „რეზონანსი“ წერს, ძნელი სათქმელია, რისი შეცვლა უნდა პრეზიდენტს, რადგან ეჭვმიტანილი რატი ტეხვიაშვილის საქმე შეწყალების კომისიას არ განუხილავს, ვერც განიხილავდა, რადგან მას არც სასჯელის ნახევარი ჰქონდა მოხდილი და არც კომისიისთვის მიუმართავს შესაბამისი თხოვნით. ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი გაზეთთან საუბარში სწორედ პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების პოლიტიკას აკრიტიკებს: „ნოემბერში ნარკოტიკების გამსაღებლები შეიწყალა, რომელთაც 20 წელი ჰქონდათ მისჯილი და 2 წელიც არ ჰქონდათ მოხდილი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მართლა ვინც შესაწყალებელი იყო, მათ არ იწყალებს.“

გაზეთი წერს ასევე ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, მთავრობას კომერციული ხელშეკრულების გასაიდუმლოება კანონით აეკრძალება. „წარმოუდგენელია, სახელმწიფომ ასეთ ხელშეკრულებებს გრიფით საიდუმლო დაადოს. არასდროს, მომავალშიც კი, ასეთი ხელშეკრულებები გასაიდუმლოებული არ უნდა იყოს. ყველას ახსოვს რამხელა პრობლემა შეიქმნა თუნდაც „ენგურჰესთან“ დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე“, - უთხრა „რეზონანსს“ პარლამენტარმა გიორგი ახვლედიანმა.

მივუბრუნდეთ „ვერსიას“, რომელიც წერს, ექსკლუზიურად მოვიპოვეთ მთავრობის ნახევარწლიანი ანგარიში, რომელსაც პარლამენტი რამდენიმე დღეში მოისმენსო. გაზეთი წერს, ამ 108 გვერდიანმა დოკუმენტმა ისეთი შთაბეჭდილება დაგვიტოვა, თითქოს არსებობდეს სხვა საქართველო, რომელსაც ბედნიერი ერი, ბედნიერი პრეზიდენტი და ფუტკარივით მშრომელი პრემიერი ჰყავსო. მთავრობის პროგრამა - „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ - ჩემი და თქვენი საქართველო არაა, - წერს გაზეთი და ამატებს: „ან, იქნებ, ბედნიერი სააკაშვილ-გილაური საქართველოს ერთიანად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე თვლიან?“- სტატიას „ვერსიაში“ ნახავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG