Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ქვემო ქართლის სოფლებს დაახლოებით 3 მილიონი ლარი მოხმარდა


რუსთავი - ქვემო ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი
რუსთავი - ქვემო ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წელს `საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან~ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის” თითქმის 20 მილიონი ლარი გამოყო. აქედან ქვემო ქართლის რეგიონს 2 მილიონ 700 ათასი ლარი ერგო.

დაფინანსება იმის მიხედვით განაწილდა, თუ რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ერთ მცხოვრებზე 7 ლარი იანგარიშეს.

ამ პრინციპით ყველაზე მეტი თანხა, 900 ათასი ლარი, მარნეულის მუნიციპალიტეტს შეხვდა, თითო სოფელს - 5-6 ათასი ლარი. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ზაზა დეკანოიძე აცხადებს, 80-მდე სოფელში 110 პროექტი განხორციელდა, სოფლის საჭიროებები კი თავად მოსახლეობამ განსაზღვრა.

დეკანოიძის თქმით, დაფინანსება, ძირითადად, სარწყავი არხების გაწმენდას, გარე განათებას, კლუბების გადახურვას და სოფლის ცენტრებში თავშეყრის ადგილების შესაფერისად მოწყობას მოხმარდა.

თუმცა დარჩა რამდენიმე სოფელი, მათ შორის ამბაროვკა, სადაც პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებული თავდაპირველი თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი.

აი რას ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აივაზ ისმაილოვი:

„სოფელ ამბაროვკასთვის 6 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ სასმელი წყლის მილების გამოცვლას ეს თანხა არ ეყო, ამიტომ გადავწყვიტეთ სადღაც ეკონომია გაგვეკეთებინა და ეს სოფელი დამატებით დაგვეფინანსებინა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ სოფელს დამატებით 5 ათასი ლარი გამოვუყავით.“

დმანისის მუნიციპალიტეტის პატარა სოფლებს 1000-დან 2500 ლარამდე შეხვდა, თუმცა ზოგიერთ სოფელს გაცილებით მეტი, მაგალითად, სოფელ ჯავახს, სადაც გარე განათებაზე 6 ათასი ლარი დახარჯეს. თუმცა, როგორც ჯონი ადუაშვილი, ადგილობრივი ფერმერების ასოციაცია „ლორეს“ თავმჯდომარე, ამბობს, ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ ჯავახელები და ბევრი სხვა სოფლის წარმომადგენლები გადაერწმუნებინათ და ისეთი პროექტების განხორციელებაზე დაეთანხმებინათ, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ეტაპზე. საქმე ისაა, რომ მოსახლეობა სარიტუალო საქმისთვის ჭურჭლის შეძენას ითხოვდა.

„ქართულ სოფლებში მოსახლეობის 90 პროცენტი ჭურჭელს ითხოვდა. ეს ჭურჭელი ქელეხებისთვის უნდოდათ - ჩვენს სოფლებში ყოველ წელიწადს 10-15 ადამიანი კვდება...ქელეხების გამართვა მართლაც პრობლემაა...ჭურჭელი არ არის“, - ამბობს ჯონი ადუაშვილი.

თუმცა, მისი თქმით, გამოყოფილი ფული უფრო საჭირო საქმეებზე დაიხარჯა: გაყვანილი იქნა გზები, შემოიღობა სასაფლაოები. მოეწყო გარე განათებები და გაიწმინდა სარწყავი არხები.

როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბაკურ მგელაძე აცხადებს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მომავალ წელსაც გაგრძელდება, ის კი არა, თანხები გაორმაგდება და, შესაბამისად, დმანისის სოფლებში უფრო მეტი პროექტი განხორციელდება.

მგელაძის თქმით, მომავალ წელს აქცენტი სოფლის შიდა გზების მოწესრიგებაზე გაკეთდება, რადგან ადგილობრივი სოფლის მოსახლეობა ამ სამუშაოების ჩატარებასაც ითხოვს.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG