Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 23 სექტებმერი 2009


დღევანდელი პრესა ”ალიანსი საქართველოსთვის” მიერ 22 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ”რამ მიიყვანა სუბარი ალასანიამდე, ამასთან დაკავშირებით ამ დღეებში უამრავ მოსაზრებას მოვისმენთ. ოპოზიცია სუბარის მიმართ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას ჯერჯერობით ერიდება, თუმცა მისი გადაწყვეტილებით ისინი აშკარად უკმაყოფილონი არიან”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი და იმავე სტატიაში განაგრძობს: ”მართალია, ალასანია ხელისუფლების თამაშის მოთამაშედ ითვლება, მაგრამ ნაციონალებში ისიც ბევრს არ მოსწონს. ოპოზიციის ნაწილი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ალასანიასთვის ხელისუფლების გადაბარება უკვე დაიწყო. გუშინდელი განცხადების შემდეგ ოპოზიციას ეს აზრი უკვე განუმტკიცდა.”

”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერთან. ”ქვეყნის შიგნით საზოგადოება ხედავს, რომ ქუჩის აქციებით იმ ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია, რისი მიღწევაც გვინდა. ამიტომ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ჩემი აზრით, სათანადო ძალა როგორც ჩვენს ალიანსს, ასევე ოპოზიციას და საზოგადოებას აქვს. ეს საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში შეგვაძლებინებს ცვლილებების განხორციელებას”, - ამბობს ირაკლი ალასანია და თვლის, რომ მშვიდობიანი აქციების,როგორც ინსტრუმენტის, გამორიცხვა არ შეიძლება.

”24 საათის” პირველ გვერდზე ქვეყნდება წერილი, სათაურით ”ოპოზიციის შემოდგომა”. ავტორი წერს: ”ამ შემოდგომაზე გაირკვევა, რომელი ფლანგი გადასწონის ოპოზიციაში - არჩევნების, ანუ ცივილიზებული პროცესების მომხრეების, თუ ქუჩის აქციების. ალასანია-გაჩეჩილაძის გაერთიანების შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძის ”მანანიზაციის” [მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გულისხმობს ავტორი - ნ.გ.] საფრთხე რეალურია, თუ მან ექსტრემიზმი არ აირჩია თავისი ბრძოლის იარაღად. მაგრამ ქუჩის აქციების მომხრეების სრული მარგინალიზება ხელისუფლებას მხოლოდ ერთადერთი გზით შეუძლია - ჩაატაროს პრაქტიკულად უნაკლო არჩევნები, რაც წინასაარჩევნოდ ყველა სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნასაც გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 7 ნოემბერს და 9 აპრილს სხვა რომელიმე თარიღი მიემატება.”
”ვერსიაში” ქვეყნდება ინტერვიუ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძესთან. ”ესენი რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ, ჩვენ მათ ფონზე არც გამოვჩნდებოდით. ლევან ვეფხვაძე ერთი წლის წინ არავინ იყო, ხალხო! აბსოლუტური კარტ-ბლანში მომცეს, როცა მანდატებზე უარი თქვეს. დიდი მადლობა მათ ამ შანსისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის ჯობდა, საქართველოს პარლამენტში ისინიც ყოფილიყვნენ. გვიანი არც ახლაა” ,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე და თვლის, რომ ახლა ოპოზიციას, პარლამენტში შესვლის გარდა, სხვა შანსი არა აქვს.
”ვერსია” უბრუნდება ბორის ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ”ვიდრე ქართული მედია იმის გარკვევითაა დაკავებული, რუსი ოლიგარქი, რომელსაც არცთუ სუფთა წარსული აქვს, საქართველოში მართლა იმყოფებოდა თუ არა, კონფიდენციალურმა წყარომ ”ფაქტნიუსს” ბერეზოვსკის თბილისური ვოიაჟის ერთობ სკანდალური ვერსია მოაწოდა”, - წაიკითხავთ გაზეთ ”ვერსიაში”. იქვე წერია, რომ ოლიგარქის თბილისში ვიზიტის მთავარი საკითხი მედია იყო. წყაროს თანახმად, ბერეზოვსკის უთქვამს: ”მე გადავუხდი კომპენსაციას ინასა და ბადრის ოჯახს, შევწყვეტ ინა გუდავაძის მიერ ინიცირებულ სასამართლო პროცესებს საქართველოს წინააღმდეგ, შევწყვეტ ოპოზიციის დაფინანსებას, მაგრამ სანაცვლოდ ვითხოვ ”იმედს”-ო. იმავე ”ფაქტნიუსის” წყაროს ცნობით, იმედი რუსულენოვანი გახდება და მისი ძირითადი სამიზნე ჩრდილოეთი კავკასია იქნება. აქვე გეტყვით, რომ 23 სექტემბერს გავრცელდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადება, რომ ოჯახი ფლობს ”უეჭველ მტკიცებულებას” ვიდეო-თვალის ჩანაწერებისა და თვითმხილველთა ჩვენებების სახით, რომ ბორის ბერეზოვსკი 11-12 სექტემბერს ღამით იმყოფებოდა თბილისში. განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ ”ოჯახს არ გააჩნია ინფორმაცია ბერეზოვსკის ვიზიტის მოტივაციისა და მიზნების შესახებ”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG