Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარკირების ახალი წესები ამოქმედდა


დღეიდან თბილისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა. სიახლე ავტომფლობელებს 25 ლარის ღირებულების წლიური ბარათის შეძენას ავალდებულებს. ბარათით მძღოლები ერთი წლის განმავლობაში შეუზღუდავად ისარგებლებენ. პარკირების ახალი სისტემის ძალაში შესვლის შესაბამისად, პირველი ოქტომბრიდან გაუქმებულად ითვლება კომპანია „სითი პარკის“ მიერ შემოღებული პარკირების საფასურის გადახდის სამი ალტერნატიული მეთოდი, რომელიც თბილისის მერიამ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, სიძვირის, არაკომფორტულობისა და მოუხერხებლობის გამო გააუქმა.

პარკირების ადმინისტრირება დედაქალაქში თბილისის მერიის ზედამხედველობისა და კონტროლის პირობებში მოხდება, პარკირების წლიური 25 ლარიანი ბარათების საფასურის გადახდა კი ავტომფლობელებს „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „სახალხო ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ თავად არჩევანი „სახალხო ბანკზე“ შეაჩერა და განმარტებაც პარკირების ახალი სისტემის სიმარტივისა და მოხერხებულობის შესახებ იქ გააკეთა:

“შევამცირეთ ჯარიმების ოდენობა და მოჭრილად ჯარიმა პარკირების დარღვევებზე იქნება 10 ლარი. მე ვფიქრობ, რომ ეს მოსახლეობისთვის არის, პირველ რიგში, იაფი, მეორე - გასაგები და ადვილი ადმინისტრირებისთვის. ამიტომ მინდა მე ჩვენს ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდო, ერთი მხრივ, ბუნებრივია, შეიძინონ ბარათები და, მეორე მხრივ, დავიცვათ წესები იმისათვის, რომ თბილისში მინიმუმამდე დავიყვანოთ საცობები.“

თბილისის ქუჩების მანქანებისა და საცობებისაგან განტვირთვა და მძღოლებისათვის მოძრაობის გამარტივება იყო, თავის მხრივ, კომპანია „სითი პარკის“ მიზანიც. ებრაულმა კომპანიამ თბილისში პარკირების საკითხის მოწესრიგების მიზნით გამართულ ტენდერში 2007 წლის ნოემბერში გაიმარჯვა. კომპანიას პარკირების მართვის უფლება 15 წლის ვადით გადაეცა, თუმცა მის მიერ შემოღებულმა წესებმა დედაქალაქში სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავა. „სითი პარკის“ მიერ შემოღებული სისტემის თანახმად, დედაქალაქი სამ - 20 თეთრიან, 50 თეთრიან და 1 ლარიან - ზონად დაიყო. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი პარკირების საათობრივ საფასურს დადგენილი წესით - მობილური ბარათით, პარკომეტრითა და პარკირების გადასაფხეკი ბარათით - არ გადაიხდიდა, პირველ ჯერზე 20 ლარით ჯარიმდებოდა. „სითი პარკის“ წესები მიუღებელი აღმოჩნდა მძღოლებისათვის. მძღოლების მღელვარება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არაერთი საპროტესტო განცხადების მიზეზიც გახდა. განცხადებებმა არ დააყოვნა არც მმართველი პარტიიდან და თბილისის მერიიდან. სისტემა დასახვეწი და მოსაწესრიგებელი, ტარიფები კი მეტისმეტად მაღალი იყო - ამ მოტივით მერიამ თბილისში პარკირების ადმინისტრირება თავად იტვირთა და თბილისელებისათვის უფრო მისაღები მოდელი აამუშავა. „სითი პარკში“ იმედოვნებენ, რომ კონტრაქტი მერიასთან არ გაწყდება და კომპანიას პარკირების ახალ სისტემაში ადმინისტრირების ფუნქცია შეუნარჩუნდება. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ჯაფარიძის თქმით, მერიასთან ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ავტომანქანების პარკირების რომელი სისტემაა მისაღები თქვენთვის? - ამ შეკითხვით მძღოლებსაც მივმართეთ. მათი ერთი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ, ოფიციალური 25 ლარის გარდა, არაოფიციალურად მომსახურების საფასურის გადახდა ეგრეთ წოდებული „სტაიანშიკებისთვის“ მაინც მოუწევთ.

მძღოლების ამ შენიშვნის პასუხად, დედაქალაქის მერიაში განგვიმარტეს, რომ ეგრეთ წოდებული „სტაიანშიკისთვის“ მომსახურების საფასურის გადახდა თავად ავტომანქანის მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება პარკირების წესების დაცვასა და პარკირების უფლების ფლობას, მასზე მეთვალყურეობა სპეციალურ კონტროლიორებს ევალებათ.
XS
SM
MD
LG