Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა ევროკავშირის დასკვნის გამოქვეყნების თაობაზე


საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას დასავლეთის ბევრი წამყვანი გამოცემა გამოეხმაურა.

სხვა გამოცემებთან ერთად, ევროკავშირის ანგარიშის შესახებ სტატიები დაიბეჭდა ”ნიუ-იორკ ტაიმსში”, ”ვაშინგტონ პოსტში”, ”ფაინენშელ ტაიმსში”, ”უოლ სტრიტ ჯორნალში”, ”დეილი ტელეგრაფში”, ”გარდიანში”, ”ინდეფენდენტში”,”აირიშ ტაიმსში”. სტატიები, ძირითადად, ინფორმაციული ხასიათისაა - ჰედლაინების უმეტესობა მკითხველს ამცნობს, რომ, ანგარიშის თანახმად, ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს ედება, თუმცა ეს რუსეთის მიერ პროვოცირებულად არის მიჩნეული.

”საქართველო ეჭვქვეშ აყენებს ანგარიშს, რომელიც ამბობს, რომ პირველი გასროლა მან მოახდინა” - ასეთი სათაურით დაბეჭდა სტატია ”ნიუ-იორკ ტაიმსმა”. სტატიის თანახმად, ევროკავშირის კომისიამ დაადგინა, რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებამდე რუსეთის საზღვარი მართლაც გადაკვეთეს დაქირავებულმა ჯარისკაცებმა და რომ ადგილზე რეგულარული ჯარის სამხედროებიც იმყოფებოდნენ. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ დამტკიცებულიყო საქართველოს მთავრობის განცხადება, ცხინვალზე იერიშის მიტანამდე უკვე დაწყებული იყო რუსეთის ძალების შეჭრა საქართველოშიო. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა დასკვნის ამ ასპექტს არ ეთანხმება და კვლავ აცხადებს, რომ მაშინ, როცა საქართველომ იერიში მიიტანა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ანკლავზე, რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრა უკვე დაწყებული იყო. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ომის მიზეზების შესახებ ამ ჯერჯერობით ყველაზე სიღრმისეული გამოძიების თანახმად, დამნაშავედ ორივე მხარეა მიჩნეული. ”კონფლიქტი საქართველომ დაიწყო სამხრეთ ოსეთზე შეტევით, მაგრამ ძალადობა რუსეთის გრძელვადიანმა პოლიტიკამ გამოიწვია და შემდეგ გამოიყენა”, - ვკითხულობთ ”ნიუ-იორკ ტაიმსში”.

”გამოძიების თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო - ევროკავშირისთვის წარდგენილი ანგარიში გმობს რუსეთის რეაქციას” - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ”ვაშინგტონ პოსტი”. ”ევროკავშირის მიერ შეკვეთილი დამოუკიდებელი გამოძიების დასკვნით, საქართველომ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონზე თავდასხმით ბიძგი მისცა გასული წლის ომს რუსეთთან”, - ვკითხულობთ სტატიაში. იქვე აღნიშნულია, რომ თანახმად ამ ანგარიშისა, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ომის ირგვლივ არსებული საზოგადოებრივი აზრი, ”[ცხინვალზე თბილისის] შეტევის შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრა უკანონო და გაუმართლებელი იყო და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა ოსურმა დაჯგუფებებმა ქართული სოფლების ეთნიკური წმენდა აწარმოეს”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ანგარიშის დასკვნით, ”პასუხისმგებლობის სრულად რომელიმე მხარისთვის დაკისრება შეუძლებელია … ყველა მხარე გაუმართლებლად მოიქცა და ამის გამოსწორება მათი პასუხისმგებლობა უნდა იყოს”.

”რუსეთთან ომის დაწყება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება” - ასეთი სათაურით აქვეყნებს წერილს ბრიტანეთის ”გარდიანი”. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის გამოძიების თანახმად, სამხრეთ ოსეთზე განურჩეველი შეტევა თბილისმა განახორციელა და რომ გამოძიება ორივე მხარეს ადანაშაულებს ომის კანონების დარღვევაში ხუთდღიანი კონფლიქტის დროს. ”გარდიანშიც” აღნიშნულია, რომ ანგარიშის თანახმად, ”პასუხისმგებლობის სრულად რომელიმე მხარისთვის დაკისრება შეუძლებელია”. თუმცა სტატიის ავტორი იქვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ანგარიშის დასკვნა დისკომფორტს შეუქმნის საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც დაბრალდა ომის დაწყება ცხინვალზე იერიშის მიტანით.

ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა გერმანიის ჟურნალ ”შპიგელის” ინტერნეტ-ვერსიაში. ”ევროკავშირის გამომძიებლები სააკაშვილის სიცრუეს ააშკარავებენ” - ასეთია წერილის სათაური. სტატია იწყება ციტატით ანგარიშიდან: ევროკავშირის ”მისია საკმარისად დასაბუთებულად ვერ მიიჩნევს საქართველოს მტკიცებას, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი შეჭრა 2008 წლის 8 აგვისტომდე მოხდა”, ანუ, - განაგრძობს ”შპიგელში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, - უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ანგარიში ამბობს, რომ ომი ”საქართველომ დაიწყო.”

1 ოქტომბრის ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში” გამოქვეყნდა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის სტატია. ”როგორც კატასტროფული მოვლენების უმრავლესობას, 2008 წლის აგვისტოს ომსაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის - დედაქალაქ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა იყო, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოჰყვა. კიდევ ერთი ფაქტორი იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”გაყინული კონფლიქტების” მოგვარებაში პროგრესის ნაკლებობა 15 წელზე მეტი ხნის მანძილზე”, - წერს ტალიავინი. იმავე წერილში წაიკითხავთ: ”2002-2006 წლებში საქართველოში გაეროს საგანგებო წარმომადგენლად მუშაობისას, მე მოწმე ვიყავი იმედის ვიწრო სარკმლის გაღებისა და დახურვის 2005 წლის პირველ ნახევარში, რის შემდეგაც რუსეთისა და დასავლეთის განსხვავებულმა დამოკიდებულებამ კოსოვოს საკითხის მიმართ, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებამ, ბოლო მოუღო არსებითი მოლაპარაკებების პერსპექტივას”. ტალიავინი საერთაშორისო საზოგადოებრიობის როლზეც წერს: ”როგორ შეიძლებოდა ასეთი კატასტროფული შედეგის თავიდან აცილება? ნათელია, რომ უკეთესად შეიძლებოდა საქმეში ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენება, თუმცა ამისათვის საჭირო იყო ყველა ძირითადი მოთამაშის გულწრფელი ინტერესი იმისადმი, რასაც ევროკავშირი ”ეფექტიან მულტილატერალიზმს” უწოდებსო”, - წერს ჰაიდი ტალიავინი ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში”.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG