Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საიამ“ და ”სამართლიანმა არჩევნებმა” საზოგადოებას ერთობლივი პროექტის შედეგები წარუდგინეს


”დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის გზით” - პრეზენტაცია
”დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის გზით” - პრეზენტაცია
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და ”სამართლიანმა არჩევნებმა” ერთობლივად განხორციელებული პროექტის - ”დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის გზით”- ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია გამართეს.

პროექტი, რომელსაც ორი ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ - 18 თვის განმავლობაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებდა, დასრულდა. 6 ოქტომბერს მისმა ორგანიზატორებმა და მასში მონაწილე თვითმმართველობების წარმომადგენლებმა პროექტის შედეგები შეაჯამეს. ბევრი რამე გაკეთდა, მუშაობის პროცესში არაერთი პრობლემაც გამოჩნდა, რომლის გადაჭრაც ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ ,ორგანიზატორების მოლოდინი მაინც გამართლდა.

”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი ანა მიქელაძე ამბობს, რომ პროექტის მიმდინარეობის მანძილზე აქტიურმა მოქალაქეებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა გაუწიონ ადვოკატობა თავიანთ პრობლემას:

”ჩვენ მათ დავეხმარეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრების ორგანიზებაში. გადავჭერით 16 პრობლემა და ნაწილი ჯერ ისევ მოგვარების პროცესშია. ეს არის, ძირითადად, სოციალური ტიპის პრობლემები. მათი ნაწილი მოგვარდება 2010 წელს, როდესაც ბიუჯეტში ჩაიდება შესაბამისი თანხები.”

გადაუჭრელ პრობლემებს შორის, ძირითადად,“ ისეთი სოციალური პრობლემები მოხვდა, რომელთა მოგვარებისათვის საჭირო თანხები ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ არის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრ ნინო ლომჯარიას განმარტებით,პროექტი ორ ეტაპად მიმდინარეობდა:
”პირველი ეტაპი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებისა და საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა ინფორმირებულობის კამპანია, ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობდა საქართველოს 62 მუნიციპალიტეტში ტრენინგებს საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრებისათვის.“

ლომჯარია ამბობს, რომ კმაყოფილები არიან შედეგებითაც, რადგან 62 მუნიციპალიტეტში პროექტში ჩართულმა მოსახლეობამ შეძლო პრობლემების დაახლოებით 50%-ის მოგვარება სწორედ თავისი ჩართულობითა და მონაწილეობით.

პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიაც, რომლის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის პროექტები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს:

პროექტის პრეზენტაციაზე, გარდა დისკუსიისა იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტურია მსგავს საკითხებში საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ის წარმომადგენლები დააჯილდოვეს, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც პრობლემების ნახევარი მოგვარდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG