Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისელი მძღოლები ერთი დღით გაიფიცნენ


ქუთაისის თვითმმართველობა და სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები ქალაქის სატრანსპორტო სქემასთან დაკავშირებით კვლავ ვერ თანხმდებიან. 300-მდე მძღოლმა ტენდერის პირობები გააპროტესტა და ერთდღიანი გაფიცვა მოაწყო. მათი თქმით,მერიამ სატენდერო კომისიაში ტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენელი სრულუფლებიანი წევრის სახით არ შეიყვანა. ამასთან, ფირმამ, რომელიც მძღოლებმა ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავების შემდეგ შექმნეს, ტენდერში მონაწილეობის უფლება ვერ მიიღო. მძღოლები შიშობენ, რომ უმუშევრობა ემუქრებათ.

კონფლიქტი თვითმმართველობასა და მძღოლებს შორის აგვისტოში დაიწყო, როცა ახალი სატრანსპორტო სქემის შესახებ გახდა ცნობილი. სადავო საკითხის დარეგულირებაში პროფკავშირი ჩაერთო და მგზავრთა ნაკადისა და საგზაო მოძრაობის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა. კომისიამ მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ შეთანხმება არ სრულდება.

ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქში მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლება სურს. ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია აცხადებს, რომ ტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდება ისე, რომ მძღოლების უფლებები არ დაირღვევა.

მერიამ ტენდერი სექტემბერში გამოაცხადა. ფირმები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფს, ნოემბერში გახდება ცნობილი.

ტენდერი სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მიკროავტობუსების მფლობელი ოთხი ფირმა იბრძვის სანებართვო მოწმობების მისაღებად. კონკურსზე თერთმეტი სამარშრუტო ხაზია გამოტანილი. კომისია გამარჯვებულს მანქანებისა და ბაზების ტექნიკური დათვალიერების საფუძველზე გამოავლენს.

ქუთაისში 28 ხაზზე 180 მიკროავტობუსი, ხოლო 18 ხაზზე 80 ავტობუსი მუშაობს. მერიის გეგმის მიხედვით, მიკროავტობუსების რაოდენობა 160-მდე შემცირდება, ავტობუსების რაოდენობა კი 100-მდე გაიზრდება. 2012 წლიდან ქუთაისში მგზავრობა მხოლოდ ავტობუსებით იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG