Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 ოქტომბერი 2009


დღევანდელი პრესა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ეხმაურება. ”რეზონანსი” პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ ინიციატივებს რამდენიმე პუბლიკაციას უძღვნის. პირველ გვერდზე კი წაიკითხავთ: ”ქართულ ”წარმატებულ” ეკონომიკას მსოფლიოს სხვადასხვა ეკონომიკური სახის რეიტინგებში ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს. გაეროს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მსოფლიოში ცხოვრების დონის რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილზეა. ასევე, საკმაოდ დაბალი სარეიტინგო ქულა აქვს ჩვენს ქვეყანას მშპ-ს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის, სარეიტინგო სიაში (ერთ სულ მოსახლეზე): მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო 97-ე, სავალუტო ფონდის ანგარიშში 107-ეზე, ხოლო, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, 113-ე ადგილზეა. ყველაზე ტრაგიკომიკური კი ის არის, რომ მაშინ, როცა სააკაშვილი ქვეყნის არნახულ ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრობს, ყველა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლით, საქართველო ჩამორჩება თავის ორივე სამხრეთკავკასიურ მეზობელს - აზერბაიჯანსა და, ფაქტობრივად, იზოლაციაში მყოფ სომხეთსაც”, - წერს ”რეზონანსი”.

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შესახებ წერს ”ახალი თაობაც” სტატიაში, სათაურით - ”მთავრობამ ქამრები უნდა შემოიჭიროს, რაც პრეზიდენტმა თქვა, მხოლოდ ფორმალობაა”. ”ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ეკონომიკის ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან. ის ამბობს: ”ჩემი აზრით, ინიციატივა ძალიან კარგია, მაგრამ ყველაფერს ცხოვრებაში გატარება უნდა. ჩვენ გამოცდილი ხალხი ვართ და გვინახავს ბევრი კარგი წამოწყებული პრინციპი, თუნდაც, ზურაბ ჟვანიასა და ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაწერილი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. ამიტომ, თუ ეს ყველაფერი ისე განხორციელდება, როგორც წინასწარ არის დეკლარირებული, მაშინ მილოცვისა და მისალმების მეტი აქ არაფერი გვრჩება. მე მეშინია, რომ როცა პატარა გადასახადების თვალსაზრისით სახელმწიფოს შემოსავლები შემცირდება, მაშინ რაღაც სხვა ზომები იქნება გასატარებელი.”

”24 საათი” – ”ეკონომიკური თავისუფლების აქტი” პარლამენტართა სამსჯავროზე”: ”მიხეილ სააკაშვილი 6 ოქტომბრის საპარლამენტო გამოსვლისას უჩვეულოდ ლაკონიური იყო - 40 წუთში ”ჩატეულ” ეკონომიკურ ინიციატივებს კი მთავარ ხაზად ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგულება გასდევდა”, - წერს ”24 საათის” ავტორი. ამავე გაზეთში ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ქვეყნდება ინტერვიუ ექსპერტთან ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გელო-ეკონომიკის საკითხებში - რობერტ კატლერთან. ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა ენერგომარშრუტის საქართველოდან სომხეთზე შესაძლო გადანაცვლებას შეეხებოდა. ექსპერტი პასუხობს, რომ დღეს ამას შესაძლებლად არ თვლის. კატლერი განმარტავს:

”გაზსადენის მშენებლობა პოლიტიკურ მიზანშეწონილობასთან ერთად უფრო მეტად ეკონომიკურ გათვლებზეა დამოკიდებული. თავდაპირველად, როცა ”ნაბუქოს” პროექტის საკითხი წყდებოდა, სომხეთი მარშრუტად მანძილის სიმოკლისა და სიიაფის გამო მართლაც განიხილებოდა. დღეს, შესაძლოა, ამ მარშრუტზე არჩევანის გაკეთება პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლებელი ყოფილიყო, თუმცა, საქართველოში სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი გადის და არსებული ენერგოინფრასტრუქტურის გაგრძელება ეკონომიკურად გაცილებით მომგებიანია, ვიდრე სხვა მარშრუტზე არჩევანის შეჩერება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკური ურთიერთობებიც.”

”ვერსიის” მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების განხილვას ეთმობა. ”ქართულ ოპოზიციაში კიდევ ერთი სიახლეა. მას შემდეგ, რაც ალასანიას ალიანსმა საარჩევნო სტარტი აიღო, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც საკმაოდ დიდხანს დუმდა, ”დემოკრატიული ფრონტის” შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ცნობილია, რომ ახალ ერთობაში თავს ის პოლიტიკური პარტიები მოიყრიან, რომლებიც ყოველთვის რადიკალურ ტალღაზე იყვნენ აწყობილები. შესაბამისად, არაა ძნელი მისახვედრი, რომ ოპოზიციაში დიდი ხნის წინ დაწყებული განხეთქილება დღეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა”. ”ვერსიაში” ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრ ფიქრია ჩიხრაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”ჯერჯერობით, იმის გარდა, რომ იქნებიან რადიკალურები და შეურიგებლები, არაფერი მოგვისმენია. ჩვენც ვაპირებთ ვიყოთ რადიკალურები და შეურიგებლები ჩვენს მიზანში. თუ ისევ თარიღებზე გათვლილ აქციებს გვთავაზობენ, მონაწილეობას არ მივიღებთ.” ჩიხრაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას ერთი ლიდერი ვერ ეყოლება, თუმცა საკმაოდ რეალურია საერთო კანდიდატის ყოლა. ”თუ ამ პერიოდში პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდება და გამოიკვეთება არჩევნებში მონაწილე პარტიები თავიანთი კანდიდატურებით, მერე თავისუფლად შეგვიძლია პრაიმერზე წავიდეთ - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წონადი ორი-სამი კანდიდატურა იქნება”, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე, რომელსაც ”ვერსია” ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG