Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირა ქართულ პრესაში, ძირითადად, ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნაზე მსჯელობით დაიწყო.

ორშაბათს „კვირის პალიტრამ“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ლევან ალექსიძის, ინტერვიუ დაბეჭდა.
” პირადად ჩემთვის, - უთხრა მან გაზეთს, - გამოხმაურებათა შორის ყველაზე ღირებული და ობიექტური ილარიონოვის შეფასება იყო, რომლის აზრითაც, დასკვნა სკანდალურია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოებს თავისი სუვერენიტეტის დაცვას უკრძალავს და ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აცხადებს.

სხვათა შორის, თავად ქალბატონმა ტალიავინიმ გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსში” დასკვნის პრეზენტაციის დროს სიტყვასიტყვით ბრძანა, დიდი ქვეყნის მიერ პატარის დაშინება, მუქარა და ძალის გამოყენება, რასაც 2008 წლის ომში ჰქონდა ადგილი, სამხედრო დანაშაულია და აკრძალული უნდა იყოსო...“ და კიდევ ერთი შეფასება. ლევან ალექსიძე ამბობს: ” კომისიის ობიექტურობაზე თავიდანვე დიდი ეჭვი მქონდა, ვინაიდან კომისიაში შეიყვანეს რამდენიმე გერმანელი ექსპერტი, რომლებმაც ომის მეორე დღიდანვე საქართველოს ლანძღვა-გინება დაიწყეს. დასკვნას რიგ მომენტებში აშკარად ეტყობა ამ ექსპერტების ხელწერა და, შესაბამისად, შესამჩნევია რუსეთის ზეწოლის კვალიც. მიუხედავად ამისა, კომისიის დასკვნაში ფაქტობრივი მასალა კარგად არის დალაგებული.”

ტალიავინის კომისიის დასკვნაზე მსჯელობა მთელ კვირას გაგრძელდა და ამას თან სდევდა შიდაპოლიტიკური პროცესების აღწერა.

„ოპოზიციის გააქტიურება ჯერჯერობით პრესკონფერენციებსა და განცხადებებს არ გასცილებია, მაგრამ ძალიან მალე ოპოზიცია, შესაძლოა, ისევ ქუჩაში გამოვიდესო“, - წერდა „ახალი თაობა“. ”სააკაშვილის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე. მისი იდეა რადიკალური ოპოზიციის ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა”, - ვკითხულობთ „ახალ თაობაში“. გაზეთი წერს, რომ კოალიციის შექმნის საწინააღმდეგო არაფერი აქვს ასევე საზოგადოებრივ მოძრაობას “დაიცავი საქართველო”. ”ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი რამე გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებენ და, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, შეიძლება გაერთიანდნენ კიდეც. - რა სახის იქნება ეს გაერთიანება, ჯერ ძალიან ძნელი სათქმელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისევ ერთიან ლიდერზე იქნება საუბარი. მართალია, ხალხი ოპოზიციისგან ერთიან ლიდერს ითხოვს, მაგრამ თამადა მრავალ ოპოზიციურ სუფრაზე, ეს არ გამოვა. ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციის ლიდერად არავის აურჩევია, თუმცა ხალხისთვის სწორედ ის არის ლიდერი. მის წინააღმდეგ უამრავი კამპანია ააგორეს, სააკაშვილთან ფარულ გარიგებაშიც დასდეს ბრალი. ამის მიუხედავად, ის მაინც რეიტინგული ფიგურაა და, გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიცია სწორედ მას წარადგენს მერის თანამდებობაზეო”, - წერს „ახალი თაობა“.

გაზეთი „ახალი ალიანსიც“ ხაზს უსვამს იმას, რომ ნინო ბურჯანაძის შემოთავაზება დემოკრატიული ფრონტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მეტ-ნაკლებად მიიღო. რა სურს რეალურად ოპოზიციას და რატომ ვერ შედგება დიდი გაერთიანება არასაპარლამენტო პარტიებს შორის? - ამის გარკვევას ცდილობს გაზეთი ”ახალია ალიანსი” პუბლიკაციაში ”თითოეული ქართველი მოქალაქისათვის წამმზომი ჩაირთო”.

ოპოზიციის გაერთიანებისა და ერთიანი ლიდერის თემას შაბათის „ალიაც“ ეხმიანება: „როგორც ჩანს, ეს გაერთიანება ახალი განხეთქილების მიზეზი იქნებაო, - წერს გაზეთი. არ არის გამორიცხული, რომ ფრონტის ხაზი ოპოზიციაშიც გაიხსნას, „ეროვნული ფორუმი“ დიდი ხანია უარს აცხადებს პრაიმერზე და ზოგადად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს.“

„რეზონანსიც“ აგრძელებს შაბათს ამ თემაზე საუბარს. აქ ვკითხულობთ, რომ „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი ოპოზიციაშიც არ არის. დიდი ოპოზიციური პარტიები სხვა ცვლილებებს ითხოვენ, ხოლო პატარები სხვას, რაც თავისთავად ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებსო“, - წერს გაზეთი. – „რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიათა სიას, არც ეს გაზრდილა. კვლავინდებურად მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ “ალიანსი საქართველოსთვის”, “ქრისტიან-დემოკრატები”, “ქართული დასი”, „მრეწველები”, ედპ, პაატა დავითაიას “ჩვენ თვითონ” და გია თორთლაძის “საქართველოს დემოკრატიული პარტია”, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში შედიან. “კონსერვატორები” რამდენიმე თვით ადრე კომენტარს ნაადრევად მიიჩნევენ, ხოლო შედარებით უფრო რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია, როგორიცაა ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა” და ოქრუაშვილის “ერთიანი საქართველოსთვის”, აქციების სამზადისით არიან დაკავებული”, - წერს რეზონანსი.

გაზეთს “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის, ზურაბ აბაშიძის, სიტყვები მოჰყავს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს, რა სახის არჩევნებს სთავაზობს ხელისუფლება ოპოზიციას. “ალიანსი” კი ხელისუფლებას ორ ეტაპს სთავაზობს: მოხდეს როგორც წინასწარი რეგისტრაცია უბნებზე მოქალაქეების მოსვლის დროს, ასევე, თავად ოპოზიცია მივიდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც დასარეგისტრირებლად ვერ მივლენ. ზურაბ აბაშიძე გასაჩივრების წესზეც საუბრობს. “ალიანსი” ასევე მოითხოვს ყველა უბანზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას და თბილისის მერის არჩევნების წესის განსაზღვრას.
და კიდევ ერთი კომენტარი. “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს: ”ოპოზიციაში დიდ პარტიებს სხვა ინტერესები აქვთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაჟორიტარული არჩევნები კი უფრო პატარა პარტიებს აწყობთ, რადგან სადღაც შესაძლებელია მათი კანდიდატის გაყვანა, და აწყობს ასევე ხელისუფლებას, რომ საკუთარი პარტიული რეიტინგის ხარჯზე გაიყვანოს მომხრეები.” - უფრო დაწვრილებით ამ მოსაზრებებს შაბათის „რეზონანსში“ გაეცნობით.
XS
SM
MD
LG