Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 13 ოქტომბერი 2009


გაზეთები ეროვნული უშიშროების საბჭოს 12 ოქტომბრის სხდომის შესახებ წერენ. ”ალიას” კორესპონდენტმა საბჭოს მუშაობის შესახებ აზრი ჰკითხა როგორც სხდომაში მონაწილე, ისე დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმა ”ალიას” განუცხადა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ”საკმაოდ ადეკვატურები არიან უკვე. ასეთ ფორმატში უფრო მეტად ადეკვატურები არიან, ვიდრე საჯაროდ.” ლეიბორისტ გიორგი გუგავას აზრით, ასეთი შეხვედრებით სააკაშვილი ”ხეირობს” და ”ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ამის საშუალება მიეცემა, აცხადებს, რომ ის საუბრობს და მეგობრობს ოპოზიციასთან”. კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი თვლის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ მიიღებს მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომაში, რადგან ”ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი”. კობა დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ”მთავარი საფრთხეა სააკაშვილი”. ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე, ფიქრობს, რომ სააკაშვილი ოპოზიციას იმ საკითხებზე უნდა ელაპარაკებოდეს, რომლებიც საგარეო საფრთხეს, ეროვნულ კონსოლიდაციას, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს უკავშირდება. ”სამართლიანი საქართველოსთვის” წევრ, დეპუტატ პეტრე მამრაძის აზრით, უშიშროების საბჭოში ოპოზიციის მონაწილეობა მხოლოდ პიარ-აქციაა და ”არარსებული დემოკრატიის კიდევ ერთხელ იმიტაცია”. ოპოზიციის წარმომადგენლებს ”ალია” გაესაუბრა.

უშიშროების საბჭოს შესახებ ”რეზონანსს” თავის მოსაზრებას უზიარებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი: ”ეს საბჭო არის მხოლოდ ფიქცია და მხოლოდ ფორმალური მხარე, რასაც ხელისუფლება ამ ეტაპზე პოლიტიკური დიალოგის ადგილად იყენებს, რაც რეალურად ამ საბჭოს საქმე არაა. ამ საბჭოს ფუნქცია უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემის კოორდინირებული მართვა.” ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ”საქართველოს გზის” ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან, რომელსაც ოპოზიციის ბრძოლა ასე წარმოუდგენია: ”ვიღაცამ უნდა იბრძოლოს საარჩევნო კომისიისთვის, ვიღაცამ - საკონსტიტუციო სასამართლოში, ვიღაცამ - საერთაშორისო ორგანიზაციებში. უნდა ვიბრძოლოთ თბილისშიც, ქუჩაშიც, რეგიონებშიც, მედიაში და უნდა დავიბრუნოთ მედია. ჩემი დასკვნა არის, რომ მხოლოდ ყველა მიმართულებით ბრძოლით თუ მივიღებთ შედეგს და არც ერთი გზა არ უნდა გამოვრიცხოთ”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი წერს: ”ახალ ოპოზიციაში ძალიან ბევრს, ძალიან ზერელედ და ძალიან გულუბრყვილოდ საუბრობენ საზოგადოებრივი არხის რეორგანიზაციაზე, ახალი ”კარგი” სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაზე და ასე შემდგ. ოპოზიცია საუბრობს, ახალ-ახალ თეორიებს თხზავს, ხელისუფლება კი მედიის სრული მონოპოლიზაციისთვის იბრძვის. მან უკვე ”ყვითელი პრესის” გრანდიოზული ქსლის შექმნაც კი მოახერხა. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ”ნაროდნიკულ მოძრაობაში” ჩარჩენილ ბევრ პატივცემულ ოპოზიციონერს პრესის მნიშვნელობა აშკარად არ ესმის და ფონს გასვლა (არჩევნებში გამარჯვება) ინდივიდუალური მრისხანე სატელევიზიო გამოსვლებითაც შესაძლებელი ჰგონია.”
დღევანდელ გაზეთებში წაიკითხავთ, რომ ”კუკავა პარლამენტში შედის!”. ამ სათაურის მიზანიც ის არის, რომ მკითხველის ყურადღება ცნობილი ოპოზიციონერის გვარმა მიიქციოს. ”ახალი თაობა” განმარტავს: ”როდესაც ცნობილი გახდა, რომ კუკავა პარლამენტის წევრი ხდებოდა, ზოგიერთმა იფიქრა, რომ საუბარი იყო კახა კუკავაზე, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ საუბარია ზვიად კუკავაზე, რომელიც მმართველი პარტიის წევრია.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG