Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 14 ოქტომბერი 2009


„რუსეთს სჭირდება პანკისი და ყაზბეგი, რათა სამხრეთი და ჩრდილოეთ კავკასია აკონტროლოს“, - უთხრა „რეზონანსს“ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში ზაალ კასრელიშვილმა, რომელიც კომენტარს აკეთებდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თითქოს ქართველები ტერორისტებს ჩეჩნეთსა და ინგუშეთში იარაღის გადატანაში ეხმარებოდნენ. ეს პროვოკაციაა, რაც შარშანდელი აგვისტოს მოვლენების გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთო, - უთხრა გაზეთს ზაალ კასრელიშვილმა.

„რეზონანსი“ წერს ასევე უმუშევრობაზე. „უმუშევრობა ოფიციალურად 17 პროცენტია, არაოფიციალურად კი - 30“ - ასეთია სტატიის სათაური. გაზეთი წერს, „ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის, თქმით, სწორედ უმუშევრობის კატასტროფული მაჩვენებლების გამო ჩამოვრჩით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებით სომხეთსა და აზერბაიჯანსო“.

„ახალ თაობაში“ გაეცნობით ინტერვიუს ორგანიზაცია „დაცული მოძრაობის“ ექსპერტ ნიკოლოზ რუსიშვილთან. მისმა ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა საცობებისა და პარკირების პრობლემის დასადგენად. კვლევამ აჩვენა, რომ მძღოლების მხოლოდ 25 პროცენტი აქცევს ყურადღებას საგზაო ნიშნებსო, - წერს გაზეთი და მოჰყავს რუსიშვილის სიტყვები: „ქუჩაში საცობების გამომწვევი მიზეზების 48 პროცენტი არასწორი პარკირებისა და მოძრაობის წესების დარღვევის ბრალიაო. დანარჩენი ქვეითად მოსიარულეებისა და ავტომობილების სიჭარბეზე მოდის.“

„ვერსიის“ პირველ გვერდზე ნახავთ დიდ ფოტოს, რომელზეც გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი არიან გამოსახულნი. „დიდი განხეთქილება ნაციონალებში“ - ასეთია სტატიის სათაური. „დაეტაკნენ ერთმანეთს კაცი-მერი და კაცი-ხერხემალი. ამბობენ, უგულავა-მერაბიშვილის კლანებს შორის ისეთი დაპირისპირებაა, მათგან ერთ-ერთი მალე პოლიტიკურ მუმიად იქცევაო“, - წერს გაზეთი. ამავე სტატიაში ნახავთ ბევრ ვარაუდს მთავრობის ინტრიგების შესახებ. „კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აპირებს მიმდინარე წლის დეკემბერშიო“, - წერს „ვერსია“.

ბოლოს, „24 საათი“, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარდგენილ „ეკონომიკური თავისუფლების აქტთან“ დაკავშირებით აწყობს მრგვალ მაგიდას. ამ ვრცელ პუბლიკაციაში ოთხი ექსპერტი იღებს მონაწილეობას. საერთო განწყობა შეჯამებულია სათაურში - „მთავარია არსებობდეს გარანტია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ხშირად არ შეიცვლება“. მრგვალ მაგიდას სათანადოდ დღევანდელ „24 საათში“ გაეცნობით.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG