Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი „თბილისობას“ 30–ედ აღნიშნავს


თბილისობა
თბილისობა
წელს თბილისობის დღესასწაულს 30–ედ ზეიმობენ. საბჭოთა საქართველოში დაბადებული თბილისობის აღნიშვნის ტრადიცია დამოუკიდებელ საქრთველოშიც ინარჩუნებს აქტუალობას. ბევრ თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს მოსწონს ქუჩებში გამართული ბაზრობები, კონცერტები, ატრაქციონები და გამოფენები; ბევრიც ძველ დროს შენატრის, როცა ყველაფერი იაფი იყო და ხალხსაც ეზეიმებოდა.

თბილისობა 2009
please wait

No media source currently available

0:00 0:03:37 0:00


თბილისი თბილისობას 30-ედ აღნიშნავს. რიყეზე, ძველებურად, სადღესასწაულო ბაზრობა და კონცერტი იმართება. ტრადიციულად, უხვადაა გამოტანილი კახური ჩურჩხელები და ტკბილეული, იწვება მწვადი და ისმის ფოლკლორული თუ საესტრადო სიმღერა.

ყურძნის წვენით სავსე კასრები
ამ ყველაფერს ბოლო წლებში დიდი საწნახელი და ყურძნის წურვის რიტუალი შეემატა. თბილისის მერიის მიერ შეძენილი ექვსი ტონა კახური ყურძენი დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად დაწურა. წვენის ნაწილით, რაც საგანგებოდ მომზადებულ კასრებში მოთავსდა, საიუბილეო ღვინო „თბილისობა 2009“ დამზადდება, დარჩენილი ნაწილი კი მსურველებმა გაინაწილეს. მათ შორისაა ცხინვალიდან დევნილი ბატონი ივერი:

„...არ მეზეიმება, მაგრამ სოფლელი კაცი, ხომ იცი, ღვინის მოყვარული ხალხი ვართ და გვინდა ყველაფერი...“

კიდევ ერთი მოქალაქე, ჯიმშერ ბაბუციძე, რომელსაც წილად ერგო მერის მიერ დაწურული ყურძენი, ამბობს, რომ თბილისობა ადრე უფრო ხალისიანი იყო:

„ამჟამად ხალხი კი აღნიშნავს, მაგრამ ისე არა, როგორც ადრე იყო.“

გიგი უგულავა
სხვადასხვა პრობლემებით შეწუხებულ მოქალაქეებს ქალაქის მერმა გიგი უგულავამ თბილისობა მიულოცა და ორიოდე დღით ყველაფრის დავიწყებისა და ზეიმისკენ მოუწოდა:

„ყველა პრობლემა, რომელიც უამრავი გვაქვს ქალაქში, გადავდოთ გვერდზე და ორი დღე ვიცხოვროთ ზეიმით.“

თბილისელთა ერთ ნაწილს მერის მოწოდების გარეშეც ეზეიმება. ბავშვები და ახალგაზრდები თავს ცხენით სეირნობით, სახის მოხატვითა და ატრაქციონებით ირთობენ. ბავშვების ამგვარი გართობით კმაყოფილნი არიან უფროსებიც, მათ შორის - ქალბატონი ლელა:

ჩურჩხელებით მოვაჭრეები
„ეს, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის სახალისოა. პოლიტიკური თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრი ვერ ახერხებს ბავშვების გამოყვანას.“

პოლიტიკური მიზეზების გარდა, თბილისობის ძველებურად აღნიშვნაში მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა, ბაზრობაზე გამოტანილი პროდუქციის ფასები უშლის ხელს:

„გადამყიდველები ყველაფერს ძვირად ყიდიან. მწვადები ღირს 10 ლარი, სიმინდი 1.5 ლარი...“

ფასების გარდა, ზოგს თბილისობის აღნიშვნის დღევანდელი ფორმა არ მოსწონს. ატრაქციონებს და სხვა გასართობ საშუალებებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტი შოთა ბაზრობას ამჯობინებს:

„აი, იქით არის, კოლმეურნეობისკენ... ბაზარი უფრო თბილისურია და უფრო კარგი. თბილისობა ატრაქციონებით არ ლამაზდება.“

თბილისობა, რკინის რიგი
ახალგაზრდა მხატვარს, ბაზრობის გარდა, შარდენის ქუჩაზე და ბამბის რიგში მოწყობილი ხილის ფესტივალი უფრო მოსწონს, ვიდრე რიყეზე მოწყობილი ზეიმი.

ამ ადგილების გარდა, თბილისობა ვარდების მოედანზეც აღინიშნა ანტიკვარული და თანამედროვე ავტომობილების გამოფენით.

დედაქალაქის დღის აღნიშვნა – „თბილისობა“ - ორი დღე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG