Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ახალგაზრდები ნატოში “გაწევრიანდნენ”


ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს სპიკერი (მარჯვნივ) და თორნიკე მეტრეველი, ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს სპიკერი (მარჯვნივ) და თორნიკე მეტრეველი, ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
თუ საქართველოში აქამდე გაწევრიანების ვადებზე იყო მარჩიელობა, ამჯერად ნატოსთან მიმართებით ვარაუდის ახალი საგანი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ნატოში შესაძლოა ყოველწლიური ეროვნული პროგრამით გაწევრიანდეს და აღარც კი დასჭირდეს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა. ერთი სიტყვით, სანამ ქვეყნის უფროსი თაობის პოლიტიკოსები ამ მარჩიელობაში არიან, უმცროსი თაობის ქართველმა ლიდერებმა ალიანსის კარები უკვე შეაღეს და ე.წ. ახალგაზრდულ ნატოში მაღალ თანამდებობაზეც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები ნატოს შესახებ და ბევრს მიაჩნია, რომ, ნატოში შესვლით, ძალისმიერი გზით მოგვარდება არსებული კონფლიქტები
ნატოზე საქართველოში ბევრი სტერეოტიპია გავრცელებული. ზოგს ჰგონია, რომ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი პურზე წასმული კარაქი და კარგი ცხოვრებაა, ზოგიც ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს და ქვეყანას გაამთლიანებს. ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) ქართველი ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე მეტრეველი მიიჩნევს, რომ სტერეოტიპები იქ წარმოიშობა, სადაც სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა:

“საქართველოში მოღვაწეობისას მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ნატოს ღირებულებებისა და, ზოგადად, პოლიტიკის მიმართ, რადგან ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები ნატოს შესახებ და ბევრს მიაჩნია, რომ, ნატოში შესვლით, ძალისმიერი გზით მოგვარდება არსებული კონფლიქტები. და ამ სტერეოტიპების ნგრევის მიმართულებით ნატოს საინფორმაციო ოფისთან ვგეგმავ აქტიურ თანამშრომლობას.”

21 წლის პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრ თორნიკე მეტრეველს ამბიციური გეგმები არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით აქვს. ახალგაზრდული ატლანტიკური ასოციაციის ქართველ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ამ თანამდებობაზე 10 ოქტომბერს კიევში ჩატარებულ გენერალურ ასამბლეაზე აირჩიეს, ასევე ევალება ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია 5 ქვეყანაში, რომელთაგან 2 ნატოს წევრია.

“ეს ქვეყნებია, - რაც ჩემს კომპეტენციაში ახლა შედის, - აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვეთი, ბულგარეთი და ლიტვა. ამ ქვეყნებიდან ორი ნატოს წევრი ქვეყანაა და მათი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება რეგიონალურ განვითარებაში. და საქართველოს ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციას (YATA), ვფიქრობ, შესწევს ძალა რეგიონში შეასრულოს როლი, ასოცირებული წევრების - სომხეთისა და აზერბაიჯანის -რეგიონალური თანამშრომლობის კონტექსტში.”

გვსურს, რომ ქართულ-ავღანური სამშვიდობო პროცესის შესახებ კონფერენცია მოვაწყოთ. ეს არის უახლოესი მიზნები
ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციას (YATA) ნატოს კადრების სამჭედლოს უწოდებენ. ამ ორგანიზაციის წევრებთან - მომავალ ლიდერებთან - შეხვედრით იწყება ალიანსის ყველა სამიტი, რომელზეც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს ხშირად უწევთ პასუხის გაცემა მწვავე შეკითხვებზე, რომლებიც შეეხება ალიანსის როლსა და მის მომავალს, ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციასა თუ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს. საქართველოს, რომელიც ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) მხოლოდ ასოცირებული წევრია, არ ჰყოლია საკუთარი ვიცე-პრეზიდენტი ამ ორგანიზაციაში, თუმცა თორნიკე მეტრეველის არჩევა ჯერჯერობით არც საქართველოს ხელისუფლებას შეუმჩნევია და არც მის კონტროლირებად ნაციონალურ არხებს. ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი: პირველი ღონისძიება საქართველოში ახალგაზრდული ნატოს ვიცე-პრეზიდენტის მიერ მხოლოდ მომავალი წლის ზაფხულისთვის იგეგმება:

“გვსურს, რომ ქართულ-ავღანური სამშვიდობო პროცესის შესახებ კონფერენცია მოვაწყოთ. ეს არის უახლოესი მიზნები. შემდეგ ეს მიზნები გაიწერება, რადგან ერთი წლის მანდატი გვაქვს. სემინარს ვგეგმავთ ზაფხულისთვის, როცა ჩამოვიყვანთ საერთაშორისო ექსპერტებს და ადგილობრივი ექსპერტებიც იქნებიან ჩართული. სემინარი ორიენტირებულია ნატოს ღირებულებებზე და ნატოს როლზე ავღანეთში. ამ პროექტით ჩვენ შევეცდებით საერთაშორისო ყურაღების მიქცევას ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მიმართ.”

ახალგაზრდული ნატოსა და მისი ვიცე-პრეზიდენტის ერთ –ერთი ამოცანაა ურთიერთობის დამყარება კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. თორნიკე მეტრეველი ამბობს, რომ როგორც ქართულ-აფხაზური, ისე ქართულ –ოსური კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ახალგაზრდების უდიდესი უმრავლესობა ნატოს თვლის მთავარ საფრთხედ, რაც რუსეთის პროპაგანდის გავლენაა. თორნიკე მეტრეველი შესაძლებლად მიიჩნევს ნატოს ღირებულებებზე ერთობლივი შეხვედრა აფხაზი და ოსი ახალგაზრდების მონაწილეობითაც ჩატარდეს:

“მე პირადად ქართულ-აფხაზურ დიალოგში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. და მანდ, აფხაზურ საზოგადოებაში, ნატო, ცხადია, აღიქმება მტრად. მე ვფიქრობ, სამოქალაქო აქტიურობას თუ გამოვიჩენთ, შესაძლებელი იქნება ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს ინფორმაციის დონეზე მაინც განვუმარტოთ, რას ნიშნავს ნატო. რათა მათ იგრძნონ, რომ ნატო მტერი კი არ არის, არამედ დამცველია ოკუპანტისაგან. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ მხარეს ვგულისხმობ ოკუპანტში.“

დღეს რეალურად მე ვფიქრობ, რომ რეფორმები გაჩერებულია საქართველოში და ამას კარგად გრძნობენ ჩვენი მოკავშირეები როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპაში
თორნიკე მეტრეველი არ ფიქრობს, რომ ეს არის იოლად შესასრულებელი ამოცანა. ისევე როგორც ძალიან რთულ პრობლემად მიიჩნევს თავად საქართველოში ფესვგამდგარი ბევრი კლიშეს შეცვლას ნატოსთან მიმართებით. ერთ-ერთი ასეთი ფესვგამდგარი სტერეოტიპი, თორნიკე მეტრეველის თქმით, არის რეფორმები, რომელიც, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, წარმატებით გრძელდება, მაშინ როცა ახალგაზრული ნატოს ვიცე-პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულება აქვს:

“ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, სჭირდება რეფორმები. ეს რეფორმები აუცილებელია როგორც დემოკრატიის განვითარებისათვის, ასევე ნატოსთან ინტეგრაციისთვის. რეფორმები ძალიან ბევრ სფეროში არის გასატარებელი. დღეს რეალურად მე ვფიქრობ, რომ რეფორმები გაჩერებულია საქართველოში და ამას კარგად გრძნობენ ჩვენი მოკავშირეები როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპაში.”

ჩემი თანამოსაუბრე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდები ამ რეფორმის პროცესის მონაწილეები უნდა იყვნენ. “თუ ჩვენ, ახალგაზრდები, ნატოსთან დაახლოებაში არანაირ წვლილს არ შევიტანთ და მხოლოდ მოლოდინი გვექნება იმისა, რომ ყველაფერი თავისით მოვა, მერე არ უნდა გვიკვირდეს ხოლმე, რომ ეს მოლოდინი არ მართლდება,” – ამბობს თორნიკე მეტრეველი, ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) პირველი ქართველი ვიცე-პრეზიდენტი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG