Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიასთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ


საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიასთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. მისი ადვოკატის, ქეთი ბექაურის თქმით, იგი ეჭვმიტანილის სტატუსით კვლავ დროებითი მოთავსების #2 იზოლატორშია. ადვოკატი ირწმუნება, რომ დაკავების დღეს, თავში მიყენებული დაზიანების გამო, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბექაურის განცხადებით, დანაშაულის იარაღი ამოღებული არ არის და საქმეში არც სხვა მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვება. გამსახურდია დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, 27 ოქტომბერს საღამოს, როდესაც "კოლხურ კოშკში" ბრუნდებოდა, უკნიდან უცნობმა პირმა მკვრივი, ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც გონება დაკარგა და არაფერი ახსოვს. ინციდენტიც ამ დღეს “კოლხურ კოშკთან” მოხდა. ცოტნე გამსახურდია ეჭვმიტანილია მეზობლის, დავით ბაჯელიძის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრაში. დავით ბაჯელიძე ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. ამ დრომდე ცოტნე გამსახურდიას არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება ჰქონდა შეფარდებული. იგი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაშია ბრალდებული. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გამართული აქციების დროს გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, სადაც ცოტნე გამსახურდიას რუსეთთან კავშირზეა საუბარი.
XS
SM
MD
LG