Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული გულზვიადობა ქართული რისკიანობის პასუხად


ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წვრთნისას, 2009 წლის 30 ოქტომბერს
ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წვრთნისას, 2009 წლის 30 ოქტომბერს
სულ რამდენიმე კვირაში პირველი ქართული სამხედრო ასეული ავღანეთში მიმდინარე ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ჩაერთვება. ჯერ ქაბულში, მერე კი, მომავალი წლის გაზაფხულზე, უფრო სახიფათო - ჰელმანდის - პროვინციაში. “ჩვენ არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებლები ვართ, არამედ უსაფრთხოებაში ჩვენი წვლილიც შეგვაქვსო”, - ასე ამართლებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნას. თუმცა ქართული რისკიანობა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აწყდება გულზვიადობას თავისი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან.

პატარა ოკუპირებული საქართველო სულ მალე კვლავ გააკვირვებს ყველას თავისი პოლიტიკური გამბედაობით. საქართველო ნოემბრის ბოლოს ავღანეთში, ფრანგულ ბრიგადაში, 150 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის ქაბულის დასაცავად. მომავალი წლის გაზაფხულისათვის კი კიდევ 500 ქართველი სამხედრო ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში, ჩავა და ამერიკულ კორპუსს დაეხმარება თალიბანის რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უყოყმანოდ მიიღო, რათა დაეხმაროს თავის დასავლელ მოკავშირეებს და თანაც საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასეთი გამოცდილება სასარგებლო იქნება ქართველი სამხედროებისთვისაც, - უთხრა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა რადიო თავისუფლებას.

“პოლიტიკური თვალსაზრისით, მთავარი მესიჯი, ბუნებრივია, არის ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში საქმითაც ვადასტურებთ – კერძოდ, ის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა, რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყანაა, ჩვენ საკუთარ თავს არ მოვიაზრებთ მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებლად, არამედ ჩვენ ქმედებითაც ვართ მზად, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში. და ის კონტინგენტი, რომელსაც ავღანეთში გავგზავნით, რაოდენობის თვალსაზრისით (750 კაცი - კ.ლ), ამის ნათელი გამოხატულებაა. ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბევრ დასავლეთევროპულ ქვეყანასაც კი შერცხვეს იმ წვლილისა, რასაც ამ ქვედანაყოფით გავიღებთ. თუმცა ეს არ არის ვინმეს შესარცხვენად ჩადენილი ქმედება (იცინის). ეს არის იმის გამოხატულება - და, იმედია, რომ გაგებული ვიქნებით შესაბამისადაც, - რომ, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში, როცა კი ამის საჭიროება იქნება.“

ყოველთვის, როდესაც სამხედრო ძალას საზღვარგარეთ გზავნიდა, საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ “შესაბამისად იქნებოდა გაგებული” მოკავშირეების მხრიდან. საქართველოს სამხედრო კონტინგენტი 9 წელი იმყოფობოდა ბალკანეთში და კოსოვოს მოწესრიგებაში ღებულობდა მონაწილეობას. 2000 კაციანი ქართული კონტინგენტი ერაყში, ყველაზე აფორიაქებულ ალ-კუტის პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც 5 ჯარისკაცი დაიღუპა. უმადურობა იქნება არ ითქვას, რომ უსაფრთხოებაში გაღებული ამ არცთუ უმნიშვნელო წვლილის სანაცვლოდ საქართველომ მიიღო სარგებელი სამხედრო პროგრამების სახით, რომელსაც შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ახორციელებდნენ საქართველოს უსაფრთხოების სფეროში. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველო რუსეთის სამხედრო ძალის პირისპირ მარტო დარჩა. ალიანსის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა შარშან შეშფოთება გამოხატა. ამიტომ იბადება კითხვა: პატარა საქართველო, რომელსაც მეზობელი რუსეთიდან კვლავაც ელოდება აგრესიის საფრთხე, დიდ საფასურს ხომ არ იხდის იმისათვის, რომ პასუხად მხოლოდ შეშფოთება მოისმინოს? ეკა ტყეშელაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ამბობს, რომ ალიანსის წევრებში მართლაც არის შეკითხვები სოლიდარულ ვალდებულებებთან მიმართებით. თუმცა, დასძენს, რომ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას ალტერნატივა არა აქვს.

“ძალიან ძნელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისაგან ერთაბაშად ძალიან დიდი და კარდინალური გარდატეხის მომლოდინე ვიყოთ, რეალური ქმედებების თვალსაზრისით. ამ დღეებში ნათლად მოისმინეთ (საუბარი ჩაწერილია რიგაში 23 ოქტომბერს, საერთაშორისო კონფერენციაზე. კ.ლ), რომ დიდი განხილვის საგანია ის, თუ თავად ნატოს წევრებისათვის რამდენად არის გარანტირებული მე-5 მუხლის მოქმედება და არის თუ არა ის რეალურად გარანტიის მიმცემი (ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი გულისხმობს, რომ ალიანსის ერთ რომელიმე წევრზე განხორციელებული თავდასხმა არის თავდასხმა მთელ ალიანსზე. კ.ლ). ეს არ არის მარტივი თემა და იგი მარტო ჩვენს მიმართ არ არის აქტუალური. თავად ალიანსის წევრ ქვეყნებსაც აქვთ სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს გარანტიები და დაცულობა რეალური, რაც, სოლიდარული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ამ ორგანიზაციას გააჩნია. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ორმაგი სარგებლის პოლიტიკა ჩვენთვის. ერთი ის, რომ ჩვენ საერთო ოპერაციებში ვმონაწილეობთ, როგორც სრულყოფილი პარტნიორი, და მეორე არის ის, რომ, საბოლოო ჯამში, ეს არის იგივე გამოცდილება, რაც ამ სფეროში ჩვენს ქვეყანას მაინც სჭირდება.”

კონფერენცია, რომელიც ეკა ტყეშელაშვილმა ახსენა, 23-24 ოქტომბერს რიგაში ჩატარდა და შეეხებოდა შავი და ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნების წინაშე მდგარ ეკონომიკურ და სამხედრო საფრთხეებს. ამ კონფერენციამ პირადად მე საკმაოდ “მწარე გემო” დამიტოვა. განსაკუთრებით დამაფიქრებელი იყო ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ასელბორნის გამოსვლა. ლუქსემბურგი ნატოს წევრი ქვეყანაა და იგი, პირობითად, იმ ბანაკს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანების იდეას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს.

მაგრამ რიგაში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ასელბორნის გამოსვლამ ნამდვილად ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და ექპერტი დააბნია. მან თქვა, ნატო საქართველოს მაშინაც კი არ დაიცავდა, ალიანსის წევრი რომ ყოფილიყოო, და დააზუსტა: „ჩვენ ვერ შევძლებდით აგვემოქმედებინა ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი კოლექტიურ თავდაცვაზე, რადგან არათუ ერთი წლის წინ, არამედ დღემდე ჯერაც ბოლომდე არ არის ჩვენთვის ნათელი, დაესხა თუ არა თავს 7 აგვისტოს რუსეთი საქართველოსო.”

თუმცა სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ რიგის კონფერენციაზე ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი უმცირესობაში იყო და აშკარად უჭირდა კოლეგა მინისტრების არგუმენტებთან გამკლავება. მაგალითად, ურმას პაეტმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიგაში განაცხადა, საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი ვერ შეძლებდა ყველა იმ პროვოკაციის განხორციელებას, რამაც ომი გამოიწვიაო. მარის პიეკსტინსმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, შარშანდელმა აგვისტოს ომმა ერთგვარი მადა გაუღვიძაო რუსეთს, რომელმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ბალტიისპირეთთან ახლოს აშკარა ანტინატოური სამხედრო სწავლებები - “ლადოგა” და “დასავლეთი” - ჩაატარა. საერთოდ, კონფერენციაზე რიგაში, ბევრი გამოთქვამდა შიშს, რომ რუსეთის აგრესიისაგან დაცულები არც ნატოს ახალი წევრი ქვეყნები არიან. თუმცა დიპლომატია დიპლომატიაა და საჯაროდ ამის აღიარებას ხელისუფლების უმაღლესი პირები ერიდებიან. ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზალტერსმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იგი არ იზიარებს აზრს, თითქოს შარშანდელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ლატვია თავს დაუცველად გრძნობდეს:

“ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რაიმე საფრთხეს. ამისთვის შევედით ჩვენ ევროკავშირში და ამისთვის გავწევრიანდით ნატოში. ჩვენ რეალურად ვგრძნობთ მხარდაჭერას კოლექტიური თავდაცვის სისტემისაგან, რომელიც ისტორიაში არსებული ყველაზე წარმატებული თავდაცვითი სისტემაა.”

ბალტიისპირეთის ქვეყნებს საქართველო უყვართ და ყოველმხრივ ეხმარებიან მას, მიუხედავად იმისა, რომ ლატვიას, ლიტვას და ესტონეთს თავადაც ძალიან უჭირთ ეკონომიკური კრიზისისა და სახელმწიფო შემოსავლების კლების გამო. “ჩვენ არც ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შეგვიცვლია დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ჩვენი მეგობარიაო”, - უთხრა რიგაში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრუბაუსკაიტემ, თუმცა განაცხადა, რომ საკუთარ საშინაო და უსაფრთხოების პრობლემას თავად ქართველმა ხალხმა უნდა მიხედოს.

"თქვენი ქვეყნის პრობლემებზე თქვენ უფრო კარგად მოგეხსენებათ. მე არ მსურს ჩავერიო მათში. მე ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ თქვენს ქვეყანას. იზრუნეთ თქვენს ქვეყანაზე. თქვენ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ეს არის და ეს.”

რიგის შარშანდელ და წლევანდელ კონფერენციებს ერთმანეთისგან ერთი წელიწადი აშორებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ შარშანდელ კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, რომელიც წელს რიგაში აღარ მიუწვევიათ. ამის მიზეზი, როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, არის ის, რომ წელს ევროპას უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე საქართველოს უსაფრთხოების საკითხი და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG