Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 ნოემბერი 2009


საქართველოს ტერორისტებთან თანამშრომლობის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება და პანკისში რუსეთის მხრიდან პროვოკაციის ალბათობა დღევანდელ პრესაშიც ფასდება. პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ”კვირის პალიტრას” ეუბნება: ”ეს ზეწოლის ისეთი ფორმაა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი დროის მოგებას ცდილობს. სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მუდმივი დაძაბულობაა. ახლა უკვე პანკისის ხეობის გარშემო აჟიოტაჟის ატეხა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მუდმივ დაძაბულობასა და გაურკვევლობაში ამყოფოს საქართველო და ამით ქვეყნის მარგინალიზაცია გამოიწვიოს”, - ამბობს გეგეშიძე. ”კვირის პალიტრაში” პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”რუსეთის ამ ბრალდებებს რომ სერიოზულად არავინ აღიქვამს, აშშ-ში ყოფნის დროსაც დავრწმუნდი. იქ შევხვდი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და საბჭოს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს, რომელთაც უსაფრთხოების თემაზე ყველა მიმდინარე ინფორმაცია აქვთ და არც ერთი მათგანი არ აღიქვამს სერიოზულად რუსეთის ბრალდებებს პანკისის ხეობაზე”, - ამბობს დავით ბაქრაძე. ”კვირის პალიტრაშივე” წაიკითხავთ, რომ, სავარაუდოდ, თბილისიდან გაიტაცეს აჰმედ ზაკაევის ახლო ნათესავი საიდ ჰუსეინ ტაზბაევი.

”ვერსია” - და არამხოლოდ ეს გაზეთი - დღეს ზვიად გამსახურდიაზე წერს: ”ვინც მცირედ მაინც ჩახედულია 90-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ კულუარებში, დამეთანხმება, ცალსახად ვერც ერთი კომისია თუ თანხმობის ჯგუფი შედეგს ვერ მიიღებს, სანამ შეფასება არ მიეცემა ყველა იმ ისტორიულ ფაქტსა თუ მოვლენას, რაც თუნდაც 1988 წლიდან დღემდე ხდებოდა.” სტატიის ავტორი მკითხველს წარუდგენს 1991 წლის დოკუმენტის ასლს, რომელსაც მაშინელი ჯანდაცვის მინისტრი მანანა ძოძუაშვილი აწერს ხელს და რომლითაც ის ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს ”ავადმყოფ” ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას ავადმყოფობის ისტორიის გადაგზავნას სთხოვს. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ”ვერსიისთვის” მიცემულ კომენტარში განმარტავს: ”საბჭოთა პერიოდში მისი ფსიქიატრის მიერ დასმული დიაგნოზი რაში დასჭირდა ძოძუაშვილს? ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ზვიადი კიდევ უფრო გამოჭერილი ჰყოლოდათ ამ ქალებს: გიჟი ხარ და ჭკვიანად იყავიო.”

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებათა კვლევის ზოგიერთ დეტალზე ესაუბრება ჟურნალისტი გიგლა გობეჩია ”ასავალ-დასავალს”. ინტერვიუს დასასრულს კი გამოთქვამს იმედს, რომ ”მოვა დრო და ყველაფერი აუცილებლად ითქმება.”

”ასავალ-დასავალში” გია გაჩეჩილაძესთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის კორესპონდენტს ახალ ტელეპროექტზეც ესაუბრება. ”ეს იქნება სააკაშვილის სასამართლო პროცესი”, - ამბობს გაჩეჩილაძე და ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვას უპასუხებს: ”დიახ, იმ პროექტს, რაც ჰქონდა თემურ შაშიაშვილს და რაც გვქონდა ჩვენ, ერთმანეთთან შევაჯერებთ და, საბოლოო ჯამში, დავიწყებთ იმ პროექტს, რასაც ჰქვია ”ხალხი ასამართლებს”. ეს იქნება სამთვიანი სასამართლო პროცესი, რომელიც გადაიცემა ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში და ეს სასამართლო პროცესი დაამთავრებს კიდევაც სააკაშვილის რეჟიმს!” - ამბობს გია გაჩეჩილაძე.
”კუკავა ახალ ოპოზიციურ ბლოკს ქმნის. კონსერვატორები დავითაშვილთან და გაჩეჩილაძესთან ერთად აპირებენ ბრძოლას”, - წერს ”კვირის ქრონიკა”. ”აქამდე კი საუბარი იყო იმაზე, რომ გაჩეჩილაძე ”ალიანსში” აპირებდა გაერთიანებას, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი სხვა ბლოკს ჩაუდგება სათავეში და თბილისის მერობისთვის ბრძოლაში, შესაძლოა, ალასანიასაც კი დაუპირისპირდეს”,- წერს ავტორი.

”კვირის ქრონიკა”, შალვა ნათელაშვილი: ”ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ. გამორიცხულია ჩვენი იქ შესვლა, რაც არ უნდა გვაპიარონ - ხელფასებს იღებენ, ხელფასებს იღებენო! დიახ, ვიღებთ! არა მარტო ვიღებთ, არამედ 10 წლის ხელფასი, რომელიც არ მოგვცეს, იმიტომ რომ პარლამენტში არ შეგვიშვეს უკანონოდ, ამ 10 წლის ხარჯები, პრემიები, ხელფასები, ყველაფერი არის დათვლილი და სტრასბურგში დევს სარჩელი. სამმილიონ-ნახევარი ევრო აქვს სახელმწიფოს ჩვენთვის გადასახდელი და ამ ფულს მე ამოვიღებ სააკაშვილისა და მისი ძმების ჯიბიდან”, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”ახალი თაობა” წერს, რომ ”შესაძლოა, სულ მოკლე ხანში ინა გუდავაძის დაკავება და შემდგომში მისი აშშ-ში ექსტრადირება მოხდეს.” სტატიის მიხედვით, საქმე ეხება აშშ-ის მოქალაქის, ადვოკატ ემანუელ ზელცერის დაკავებას ბელორუსის უშიშროების მიერ და ამ საქმეში ინა გუდავაძისა და მისი ადვოკატის მონაწილეობას.

”ახალ თაობაში” ”საქართველოს გზის” ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუც ქვეყნდება: ”ხელისუფლებამ იმდენად გაიშიშვლა თავი, რომ დღეს ქვეყნის გარედან ბევრად მეტი გაგებაა ჩვენი პოზიციებისა და, შესაბამისად, ბევრად მეტ მხარდაჭერას შეიძლება ველოდოთ”, - ამბობს ზურაბიშვილი.

”24 საათში” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლოებისთვის შემუშავებულ ”მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტების” ამოქმედებაზე წაიკითხავთ. ”ჩვენი აზრით, მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება მაღალ დონეზე, თუ მომსახურება არ იქნება შესაფერისი. ამიტომ შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტანდარტები, რომელიც ეხება სასამართლოში მომუშავე ნებისმიერ მოხელეს, მანდატურითა და კანცელარიის თანამშრომლებით დაწყებული, მოსამართლით დამთავრებული”, - განუცხადებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ვალერი ცერცვაძეს ”24 საათისთვის”. სტატიის ავტორი წერს: ”რით შემიძლია დაგეხმაროთ?” - ეს ის ძირითადი ფრაზაა, რომლის გამოყენებაც მოქალაქეებთან ურთიერთობისას სასამართლოს ნებისმიერი თანამშრომლისთვის სავალდებულო იქნება.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG