Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკომომხმარებლებს სასჯელი უნახევრდებათ


რამდენიმე დღეში - სავარაუდოდ, 6 ნოემბერს - საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენა გაიმართება. პროექტის თანახმად, ამნისტია ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გასამართლებულ პატიმრებს შეეხებათ. საუბარია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო მსჯავრდებულ პირებზე, რომელთაც, კანონპროექტის მიხედვით, სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, ამნისტია 1500-ზე მეტ პატიმარს შეეხება. მათგან 600-მდე პატიმარი სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისთვის უკვე იხდის, 307 პირის მიმართ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მესამე კატეგორიაში კი ის პატიმრები აღმოჩნდნენ, რომლებიც სასჯელს რამდენიმე, მათ შორის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 273-ე მუხლით იხდიან. სასჯელის შეკრებითობის პრინციპის თანახმად, ასეთ პირებს ამნისტია ამ მუხლით მისჯილი სასჯელის ნაწილზე შეეხებათ.

„ეს არის დიდი ამნისტია. ის არის ნაწილი იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმისა“, - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი.

რეფორმა, რომელზეც იგი საუბრობს, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ პოლიტიკის შეცვლასაც გულისხმობს. ეგრეთ წოდებული ანტინარკოტიკული პაკეტის პროექტზე საქართველოს პარლამენტი მუშაობს. პაკეტი, თავის მხრივ, ნარკოტიკის მოხმარების პრევენციაზეა ორიენტირებული და არა ნარკომომხმარებლების საზოგადოებიდან გარიყვაზე. შესაბამისად, ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირების ამნისტიას საქართველოს პარლამენტში ამ პოლიტიკისაკენ ტრანსფორმაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად განიხილავენ.

ნარკომომხმარებელი - ავადმყოფი და არა დამნაშავე - ესაა ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი. ნარკომომხმარებელი, რომელიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ განსახორციელებელი ამნისტიის პრინციპია. ნარკომომხმარებლების მიმართ სასჯელის განახევრების გადაწყვეტილებას უაღრესად პოზიტიურად აფასებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კონსულტანტი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა, რომელსაც მივმართეთ კითხვით, რა ბედი ელით ნარკომომხმარებლებს, რომლებიც საპატიმრო ადგილებს დატოვებენ.

„ვიღაცას, წესით, თავი უნდა დაენებებინა, იმიტომ რომ ნარკოტიკის შოვნა საპატიმრო ადგილებში ზოგან საერთოდ შეუძლებელია, ზოგან, სამწუხაროდ, შესაძლებელია, მაგრამ ბევრად მეტი ღირს. ვთქვათ, ვერ დაანება. ციხიდან რომ გამოვა, არის სისტემა, სადაც შეიძლება მივიდეს და ჩაერთოს პროგრამაში, გადაიხადოს თვეში 150 ლარი და იმკურნალოს.“

ნარკომომხმარებლების ამნისტიის ერთჯერადი აქტის შემოღების ინიციატივაში საპარლამენტო ოპოზიციისთვის, კერძოდ, „ქრისტიან-დემოკრატებისათვის“ სწორედ ისაა გაუგებარი, რას ემსახურება ამნისტია, თუ ხელისუფლება ნარკომომხმარებლებს ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების ალტერნატივას ვერ სთავაზობს.

ამნისტია, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის გარდა, მეორე ნაწილსაც უნდა შეეხოს, რადგან მათ შორის სასჯელის თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა, დანაშაულის თვალსაზრისით კი - ნაკლები. ესაა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ამნისტიის პროექტის საკომიტეტო მოსმენაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დააყენეს. ოპოზიცია თავისი წინადადებების ალტერნატიული პროექტის მომზადებასაც გეგმავს. დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი ამნისტიის აქტის გაფართოებას და იმ პირებზე მის გავრცელებასაც მოითხოვს, ვინც სასჯელს გაუფრთხილებლობით ავტოავარიის გამო იხდის.
XS
SM
MD
LG