Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ეცნობა


დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული მთავარი საფინანსო გეგმის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრაზე გავლენა იქონია ეკონომიკური კრიზისით შექმნილმა რეალობამ. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 2009 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე ნაკლებია.

2010 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 6 მილიარდ 668 მილიონი ლარით განისაზღვრა. ეს მიმდინარე წლის სახელმწიფო ხარჯების მოცულობაზე თითქმის ნახევარი მილიარდით ნაკლებია, რასაც, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბოლო ერთი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების შედეგად მიიჩნევს:

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი
„ეს არის იმ ეკონომიკური კლების შედეგი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2009 წელში. 4 პროცენტით შემცირდება ეკონომიკა წლის ბოლოსთვის. აქცენტი გაკეთდა ასეთი, რომ ჩვენ ვამცირებთ ყველა შესაძლო შესამცირებელ ხარჯს ისე, რომ ამან არ მოახდინოს გავლენა ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.“

მთავრობის ასეთი მიდგომის შედეგად, მცირდება ან უცვლელი რჩება ყველა სახელმწიფო სტრუქტურის შესაბამისი სფეროს დაფინანსება, გარდა რეგიონალური, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებისა. ამ სამი უწყების ბიუჯეტი კი იზრდება. ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობის გასაგრძელებლად, სოციალური დაცვის სისტემისა და განათლების დონის გაუმჯობესების მიზნით მიიღო. ამ სამი სამინისტროს პროგრამების დაფინანსების გაზრდა სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მეშვეობით მოხერხდა.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას დეტალურად ილაპარაკა იმაზე, თუ რომელი სფეროს რა პროგრამის დაფინანსება მცირდება ან იზრდება, რა წყაროებიდან მოხდება ამა თუ იმ პროგრამის მუხლის დაფინანსება და როგორ დაიფარება საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც თითქმის ერთი მილიარდი ლარია.

მიუხედავად ამ დეტალური განმარტებებისა, საპარლამენტო უმცირესობა, ძირითადად, ქრისტიან–დემოკრატების სახით, მაინც უკმაყოფილო დარჩა. მათ ლიდერს, გიორგი თარგამაძეს, საგარეო დაზვერვის უწყების დაფინანსების შემცირება არ მოეწონა, ხოლო ფრაქციის წევრს, მაგდა ანიკაშვილს, ჯანდაცვის სფეროს ფინანსირების მოცულობა არ აკმაყოფილებს:

მაგდა ანიკაშვილი, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატები
„არ შეიძლება მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7 იყოს ჯანდაცვის დაფინანსება და ჩვენ გვქონდეს იმედი და პრეტენზია იმისა, რომ ამ სფეროში რაიმე გამოსწორდება – ეს ასე არ მოხდება. მინიმუმ 4–5 პროცენტი უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მდგომარეობის შემსუბუქება იგრძნონ. როცა მთავრობას შემოაქვს ამ ტიპის ბიუჯეტი და უმრავლესობა უჭერს მხარს, ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჯანდაცვა არ არის პრიორიტეტული მიმართულება.“

ძირითადად, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვეს შენიშვნები ქრისტიან–დემოკრატების სხვა წარმომადგენლებმაც და განაცხადეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

მათგან განსხვავებით, 2010 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერას აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა. მისი თითქმის ყველა შენიშვნა გაითვალისწინა მთავრობამ. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის, განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის საფუძველს შექმნის:

გიორგი კანდელაკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
„გადასახადების დაბალ დონეზე შენარჩუნების გზით, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საინვესტიციო გარემო ამ უაღრესად რთულ პერიოდში, რაც, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მიგვიყვანს ეკონომიკურ ზრდამდე და, რა თქმა უნდა, მერე შეგვეძლება გარკვეული ხარჯების გაზრდა. ჩვენ გვქონდა არჩევანი - გაგვეზარდა გადასახადები და გაგვეზარდა ხარჯები.“

2010 წლის ბიუჯეტის განხილვას პარლამენტმა თითქმის ხუთი საათი მოანდომა და შემდეგ თანმდევი კანონპროექტების მოსმენა დაიწყო. ბიუჯეტის პროექტის მიმართ პარლამენტის სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებს მთავრობა განიხილავს და მომდევნო კვირაში ამ შენიშვნებით მოდიფიცირებულ ბიუჯეტს საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს.
XS
SM
MD
LG