Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ორი წელი ელექტროენერგიის გარეშე


83 წლის მარგალიტა გოგილიძე სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში ცხოვრობს. მარტოხელა მოხუცი პენსიას და სიღარიბის შემწეობას იღებს. მისი ყოველთვიური შემოსავალი 112 ლარს შეადგენს. მოხუცს, რომელიც ლეიკემიითაა დაავადებული, საკუთარი შემოსავლით თავი ძლივს გააქვს, ის წამლების ყიდვაზე ფიქრსაც ვერ ბედავს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, სამი თვეა არანაირი წამალი არ უყიდია, რადგან შაქარი და სხვა პროდუქტები შეიძინა, მედიკამენტებისთვის კი ფული არ დარჩა.

მოხუცი შეიძლება ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს. მისი საცხოვრებელი სახლი ამორტიზებულია. სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. წვიმამ არა მარტო სახლის კედლები, არამედ ელექტროსადენებიც დააზიანა და უკვე ორი წელია, მოხუცს შუქი თვალით არ უნახავს.

მოხუცი დასახმარებლად სამტრედიის მუნიციპალიტეტს ხშირად მიმართავს, მაგრამ ხელისუფლება მას უარით ისტუმრებს. არის შემთხვევები, როცა ჩინოვნიკებთან შეხვედრას ვერ ახერხებს.

სამტრედიის გამგებელი ემზარ შუბლაძე მარტოხელა ქალს სათნოების სახლში საცხოვრებლად გადასვლას ურჩევს.

გამგეობაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მწირი ბიუჯეტი ყველა ხელმოკლე ადამიანის დახმარების საშუალებას არ იძლევა.

მოახლოებული ზამთარი 83 წლის მოხუცისთვის ახალ საყოფაცხოვრებო პრობლემებს უკავშირდება, რომელთა გადალახვა წარმოუდგენელია 30 ლარიანი შემწეობით ან 82 ლარიანი პენსიით, რომელიც საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია.
XS
SM
MD
LG