Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი სახიფათო პროვოკაციის გაგრძელებაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც სამშაბათს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში უკანონო თევზჭერის ბრალდებით, რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ახალი კონფლიქტისთვის წინაპირობის შესაქმნელად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის უკიდურესად დაძაბვას ცდილობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და რუსეთის მოქმედების გამო, საერთაშორისო საზოგადოებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს აფხაზეთის განყოფილებამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში საქართველოს მოქალაქეთა დაკავების ფაქტი უარყო. განყოფილების პრეს-სამსახურის უფროსის ვასილი მალაევის განცხადებით, რუსი მესაზღვრეები და მათი ხომალდები, რომლებიც აფხაზეთის საზღვაო საზღვარს იცავენ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში არ ყოფილან. სამეგრელო ზემო-სვანეთიში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ დააზუსტა, რომ მეთევზეები არა ანაკლიაში, არამედ გალის რაიონის სოფელ ფიჩორაში დააკავეს. ბოლო მონაცემებით, 10 დაკავებულიდან გალის 8 მკვიდრი გათავისუფლებულია, ანაკლიაში მცხოვრები 2 მეთევზე კი ისევ დაკავებული ჰყავთ.
XS
SM
MD
LG