Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შენდება თუ არ შენდება რაჭა?


„ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დღემდე არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები 8 სექტემბერს რაჭაში მიწისძვრით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღსადგენად და გასამაგრებლად. ამის შესახებ განცხადება მათ მას შემდეგ გააკეთეს, რაც თავად გაეცნენ ონის რაიონში არსებულ სიტუაციას და პირადად გაესაუბრნენ მიწისძვრით დაზარალებულ ადამიანებს. ამ საკითხთან დაკავშირებით „ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერებმა, სოზარ სუბარმა და დავით გამყრელიძემ, დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ აღდგენითი სამუშაოების გაჭიანურების კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზზე ისაუბრეს.

მოსახლეობა დღემდე გაურკვევლობაშია და არ იცის რა ზომები იქნება მიღებული მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. რაც ყველაზე მთავარია, კარზე მომდგარი ზამთრის წინ ადამიანები პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილნი, - აცხადებენ“ ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერები სოზარ სუბარი და დავით გამყრელიძე. „ალიანსი საქართველოსათვის“ წარმომადგენლებმა ონის რაიონში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც ისინი ამბობენ, ხელისუფლებისგან დღემდე არ გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯები ახალი საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად და გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად.

8 სექტემბერს რაჭაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 700-ზე მეტი სახლი საცხოვრებლად უვარგისი შეიქნა, 3000-ზე მეტ სახლს კი მეორე და მესამე კატეგორიის დაზიანებები აქვს მიყენებული.

„ჩვენი ალიანსის წევრებმა მიწისძვრით დაზარალებულები თავიდანვე მოინახულეს და ოჯახ-ოჯახ შეისწავლეს მათი მდგომარეობა, თუმცა მაშინ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული განცხადებები გაგვეკეთებინა, რადგან ვიფიქრეთ, ხელისუფლება გარკვეულ ზომებს მიიღებდა სიტუაციის გამოსასწორებლად“, - განაცხადა „ალიანსი საქართველოსათვის“ თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 11 ნოემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

„ალიანსი საქარველოსათვის“ ლიდერები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ, რაც განსაკუთრებით სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების იგნორირებაში გამოიხატება. დავით გამყრელიძის განცხადებით, საპრეზიდენტო და სამთავრობო ფონდების ძირითადი ნაწილი პრეზიდენტის გასართობ ღონისძიებებში იხარჯება. მან 11 ნოემბერს ლოპოტაში გამართულ მთავრობის სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს, პირველ რიგში, სწორედ სტიქიით დაზარალებულთა საკითხის განხილვისაკენ მოუწოდა. დავით გამყრელიძის ვარაუდით, აღდგენითი სამუშაოების გაჭიანურება დაკავშირებული უნდა იყოს ხელისუფლების სურვილთან, ხეობიდან ბუნებრივად დაიწყოს მიგრაციის პროცესი. თავის ეჭვს დავით გამყრელიძე ასე განმარტავს: ”შეგახსენებთ, რომ ამ ტერიტორიაზე თურქები ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურს აშენებენ და შესაძლებელია ეს მშენებლობა შეფერხდეს, თუკი იქ მოსახლეობა დარჩება.”

საპირისპირო არგუმენტები მოჰყავს აღდგენითი სამუშაოების გაჭიანურებასთან დაკავშირებით ონის რაიონის გამგებელს ამირან სხიერელს. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, „ალიანსი საქართველოსათვის“ წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სიტუაციას და თავად დარწმუნდნენ იმაში, რომ ონის რაიონში არც ერთი წუთით არ შეჩერებულა აღდგენითი სამუშაოები: ”ამ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება არც მიმაჩნია მიზანშეწონილად. არა მხოლოდ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, არამედ უახლოეს დღეებში მოსახლეობას სპეციალურად გახსნილ ანგარიშებზე თანხებიც ჩაერიცხება კომპენსაციის სახით. ჩვენ ჩვენს დაპირებებს ვასრულებთ.”

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კონსტანტინე მგელაძემ აგვიხსნა, იმისათვის რომ აღდგენითი სამუშაოები ჩატარებულიყო, სპეციალისტებმა წინასწარ ჯერ სახლები აღწერეს, შემდეგ სტიქიის ზონაში კიდევ ერთხელ გაიგზავნენ სპეციალისტები, რომლებმაც მოამზადეს პროექტები და აქტები იმის შესახებ, თუ როგორი გამაგრებითი სამუშაოები ესაჭიროებოდა დაზიანებულ შენობებს. მხოლოდ ამის შემდგე გახდა შესაძლებელი სამი სამშენებლო კომპანიის შერჩევა, რომლებიც ამ ეტაპისათვის აღდგენით სამუშაოებს ატარებენ.

„ალიანსი საქართველოსათვის“ მოითხოვს ხელისუფლებამ უმოკლეს ვადაში სპეციალური კომისია შექმნას ამ ბოლო დროს სტიქიით მიყენებული ზარალის დასათვლელად და მის ასანაზღაურებლად საჭირო ხარჯები გაითვალისწინოს მომავალი წლის ბიუჯეტში.ამ შემთხვევაში იგულისხმება არა მხოლოდ მიწისძვრის, არამედ კახეთში წყალდიდობების შედეგად მიყენებული ზარალიც.
XS
SM
MD
LG