Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 13 ნოემბერი 2009


„სააკაშვილი კიევში სამუშაო ვიზიტით თოქ-შოუზე დასასწრებად მიფრინავს“ - ასეთია დღევანდელი ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. ”პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაში ვიზიტით მიემგზავრება. პროგრამაში შედის კიევში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნა და ერთ-ერთ უკრაინულ არხზე პოლიტიკურ თოქ- შოუში მონაწილეობა”, - წერს გაზეთი. „უკრაინული მედიის ცნობით, - ამატებს „რეზონანსი“, - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სააკაშვილის ამ ვიზიტზე ინფორმაცია არა აქვს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ სააკაშვილმა თავისი ვიზიტის თარიღი ზემოხსენებული ტელეგადაცემის ავტორთა თხოვნით შეცვალა”.

”რეზონანსი”, ისევე როგორც თითქმის ყველა დღევანდელი გაზეთი, აშუქებს ტელეკომპანია ”მაესტროს”ეროსი კიწმარიშვილის ხელმძღვანელობაში გადასვლას. ”ვერსია” ფართოდ აშუქებს ამ თემას - წერს, კიწმარიშვილმა ”მაესტროში” წასვლის გადაწყვეტილება ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მიიღოო და აქვეყნებს ინტერვიუს „მაესტროს“ ახალ ხელმძღვანელთან. ”ვხედავ, საქართველოს ელექტრონულ მედიაში სიტყვის თავისუფლების ლიკვიდაციაა დაწყებული. ამ პრობლემის წინაშე დგას „მაესტროც“. თუ ეს ბოლომდე გამოუვიდათ, საქართველოს მოსახლეობა ვერ მიიღებს თავისუფალ, ობიექტურ ინფრომაციას”, - უთხრა ეროსი კიწმარიშვილმა ”ვერსიას”.

მივუბრუნდეთ „რეზონანსს“, რომელიც ”ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ნგრევის საქმეზე საპროცესო გარიგების შესახებ წერს. გაზეთის ცნობით, საქალაქო სასამართლომ ერთადერთ ეჭვმიტანილს, საქმეთა მწარმოებელ დავით გვასალიას, პროკურატურის მოთხოვნით, საპროცესო გარიგების თანახმად,ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ”განტევების ვაცად იპოვეს ეს გვასალია და დღეს ისიც გამოუშვეს”, - უთხრა გაზეთს გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის მეუღლემ თეა კახიანმა. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ კომპანია „არტ იქსი“, რომლის მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ ჩამოინგრა, სავარაუდოდ, შენობა, გიგა ბოკერიას ცოლისდას და დავით კეზერაშვილის მეუღლეს ეკუთვნის. თეა კახიანი ამბობს: ”სასამართლოს გადაწყვეტილება - და, საერთოდ, ყველა - იცავს „არტ-იქსის“ დირექტორის რუსუდან ჩერგოლეიშვილის ინტერესს, რომელიც, ამ საქმის მასალებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, „რუსთავი ორის“ ყოფილ დირექტორ ირაკლი ჩიქოვანთან ერთადო.“ ”სწორედ მათ ინტერესებს ემსახურება ის ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა და დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებაც”, - უთხრა „რეზონანსს” ნიკა გელაშვილის ქვრივმა.

დაბოლოს, ”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ ინტერვიუს კობა ნარჩემაშვილთან. ინტერვიუს სათაურია „რატომ ალაპარაკდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი“. ჩემი ბოლოდროინდელი მედიაში გამოჩენა პოლიტიკური გააქტიურება არ არისო, - უთხრა ჟურნალისტს კობა ნარჩემაშვილმა. - უბრალოდ, ბოლო დროს დამაკავშირეს ახალ პოლიტიკურ მოძრაობასთან „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის”. დამაკავშირეს იმიტომ, რომ გია ჟორჟოლიანთან კარგი მეგობრობა მაქვსო”, - უთხრა კობა ნარჩემაშვილმა ”საქართველოს რესპუბლიკას”, რომელიც ყოფილ მინისტრზე წერს: „რაც მთავარია, ის საქართველოდან არ გაქცეულა და რადგან ყოფილ მინისტრს საქართველოში დაედგომება, ალბათ, არცთუ ისეთი ურიგო შავი საქმე ჰქონიაო“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG