Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 ნოემბერი 2009


დღევანდელი ”ვერსია” დიდ ადგილს უთმობს თამაზ ნინუას მკვლელობის ვერსიებს. ამ თემაზე სხვა გაზეთშიც წაიკითხავთ. ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტ გამსახურდიას თანამებრძოლი ელიზბარ ჯაველიძე გამოთქვამს მოსაზრებას: ”გამსახურდიას ამბის შესწავლას ეს მკვლელობა არ უკავშირდება. მან გამსახურდიას სიკვდილის შესახებ არაფერი იცოდა. რაღაცა ინფორმაცია მასაც შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ არა ისეთი. გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციები სხვა ადამიანებს აქვთ”, - ამბობს ჯაველიძე და აზუსტებს, რომ ეს თუნდაც იგორ გიორგაძეა, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს. ისევ ”ვერსიას” მივუბრუნდეთ, რომლის პირველ გვერდზე ნახავთ სათაურს ”სერიული მკვლელობები დაიწყო!” და გულუასა და ნინუას გადახაზული გვარების შემდეგ ჩამოთვლილია ყოფილი ორი ხელისუფლების წარმომადგენელთა გვარები. გასულ კვირაში თბილისში მომხდარი მკვლელობის ვერსიების გარდა, გაზეთი დღეს აქვეყნებს ინტერვიუს პარტია ”თავისუფლების” წარმომადგენელ სანდრო ბრეგაძესთან. ის საუბრობს 14 ნოემბერს კონსტანტინე გამსახურდიას პირად თანაშემწესთან განხორციელებულ მუქარისშემცველ სატელეფონო ზარზე და პრეზიდენტ გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა დამდგენი კომისიის მუშაობის პერსპექტივაზე. შეკითხვაზე, ვის ინტერესებში შედის მუქარის ზარი, ნინუას მკვლელობა, კომისიის მუშაობის შეწყვეტა, ბრეგაძე პასუხობს: ”ვინმესთვის ხელის დადება ამ სიტუაციაში ძნელია, მაგრამ, მე ასე ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებად ამ საქმის გამოძიება ედუარდ შევარდნაძეს აწყობს. თუ შევარდნაძე ამ საქმეში მართალია, მაშინ, პირიქით, დაინტერესებული უნდა იყოს ამის მტკიცებით და ყველანაირად ხელს უნდა უწყობდეს კომისიის მუშაობას. მაგრამ როდესაც ადამიანი კატეგორიულ უარს ამბობს კომისიასთან თანამშრომლობაზე, მასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება. არ გვინდა, რომ ჩვენი კომისია ვიღაცასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის გარიგების საგანი გახდეს”, - ამბობს სანდრო ბრეგაძე, რომელსაც ”ვერსიის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”ვერსიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ კონსერვატორთა ლიდერ ზვიად ძიძიგურთან, რომელიც თვლის, რომ თუ ოპოზიციაში ერთობა იქნება, ”სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი სწორედ ადგილობირივ არჩევნებით დაიწყება”.

”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია ერთიანობის პერსპექტივას ასე აფასებს: ”მე ვხედავ ძალიან დიდ საფუძველს ერთიანობისთვის. ჯერ კიდევ არის დრო კონსულტაციების გაგრძელებისთვის. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ძირითად ძალებს შორის შედგება შეთანხმება.”

”ახალ თაობაში” ”ეროვნული ფორუმის” ლიდერ კახა შარტავასთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ჩვენი გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებს მივაღწევთ საზოგადოების მოთხოვნით და საზოგადოებას ექნება განცდა, რომ ის გამარჯვებულია.”

”რეზონანსი” წერს, რომ წელს იქნება გარკვეულ დანაშაულში მსჯავრდებულთა ამნისტია, შეწყალება კი - არა. გაზეთისთვის მიცემულ კომენტარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი განმარტავს: ”ტრადიციულად ჩამოყალიბდა ისე, რომ წელიწადში ერთი შეწყალება მაინც არის. წელს ერთი შეწყალება უკვე იყო და ახლა არის მოლოდინი, რომ გიორგობისთვის იქნება კიდევ ერთი შეწყალება. საამისოდ ჩვენი მხრიდან დოკუმენტაცია მზად არის, მაგრამ შეწყალებისთვის ეს არ არის საკმარისი და ჯერჯერობით არ ჩანს არაფერი ისეთი, რაც გვათქმევინებს, შეწყალება იქნება თუ არა. ეს არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის კეთილ ნებაზე”, - განუცხადა გია არსენიშვილმა ”რეზონანსს”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ”ქართული აკადემიის” აჭარის წარმომადგენლობის განცხადება ქვეყნდება. ორგანიზაციის წევრები ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ადგილის შეცვლის განზრახვის მიმართ პროტესტს გამოხატავენ. ტექსტში წაიკითხავთ: ”ილიას ძეგლი ბათუმში სრულიად საქართველოს საკუთრებაა და დაშინებულ მსახიობთა და ჩინოვნიკთა ხელმოწერებით მისი ბედი არ უნდა წყდებოდეს. მით უმეტეს, ძეგლის გადატანის წინააღმდეგ უკვე ათასობით ხელმოწერა შეგროვდა, იმართება საპროტესტო მიტინგები (აქვე საგანგებოდ აღვნიშნავთ: გულწრფელ მადლობას იმსახურებენ ის მსახიობები და თანამშრომლები, რომლებმაც ამ სამარცხვინო ”ინიციატივას” ხელი არ მოაწერეს. მათ შორის არიან რუსი ნატალია რომანოვა და სომეხი კარინა კარდაშიანი)”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG