Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა, რატი, დათო...


არ მახსოვს, როდის შთავაგონე ჩემს თავს, რომ ახლობელი ადამიანის სიკვდილი იგივეა, რაც რომელიმე შორეულ ქვეყანაში ახლობელი ადამიანის გამგზავრება. მგონი მართლა ისე მაგრად დავიჯერე, რომ თითქმის ყველა მეგობარი დავკარგე, ვინც აქედან წავიდა.

ვიღაც უცხოეთში. ვიღაც კი, როგორც დედაჩემი ამბობს ხოლმე - ”იმსაიქიოს”.

ეტყობა, ამიტომაც არ მჯერა სასაფლაოების. არ მესმის, ვის სანახავად, თუ საპატივცემულოდ დადის ხალხი სასაფლაოზე.

მაგრამ ”იმსაიქიოს” თავი დავანებოთ. გიორგობა ახლოვდება და ვცეთ პატივი იმათ, ვისაც ”ედღესასწაულება”.

”ამსაიქიოს” მივხედოთ.

სხვათა შორის, 2003 წლის გიორგობა ჩემთვისაც დღესასწაული გახდა. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიცვალებულები შეიძლებოდა ვერ გაცოცხლებულიყვნენ, მაგრამ უკვე ლეშად ქცეული ქართველები აუცილებლად გაახელდნენ თვალებს. ისინი კი, ვინც ამ ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა, აუცილებლად დაუბრუნდებოდნენ სამშობლოს.

ჩემს ძმას 23 ნოემბრის კადრები გავუგზავნე მექსიკაში. ნახე, რა კარგი ხალხი ვართ, გეყოფა ეხლა, ჩამოდი მეთქი.

ვიღაცეები მართლაც ჩამოვიდნენ. სალომე ზურაბიშვილი როცა მინისტრი გახდა, უკვე საბოლოდ დავიჯერე, რომ ”ამსაიქიოს” მართლაც გაბრწყინება ელოდა; დაგვიბრუნდებოდნენ საუკეთესო ექიმები, არქიტექტორები, მუსიკოსები და ჩვენ გვექნებოდა ყველაზე - როგორც სააკაშვილი ამბობს ხოლმე - ”მაგარი ქვეყანა”!

6 წელი გავიდა იმ წვიმიანი ნოებრიდან. ”ლეშად ქცეულები” უიმედოდ ”ჩაირეცხნენ”. უფრო აქტიურები კი ან წავიდნენ, ანდა წასასვლელად გაემზადნენ. ჩემი ნაცნობ-მეგობრების უმრავლესობამ, ვინც საქართველო დატოვა, თავი იმით გაიმართლა, რომ, ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია და მეორეც - ისინი თავს ”მსოფლიო მოქალაქეებად” გრძნობენ და რაღაც მდაბალი, ნაციონალისტური ვნებებისგან თავისუფლები არიან. კი, ახლა სხედან ფეისბუკში და ჩემზე უკეთაც კი იციან, რა ხდება საქართველოში. მაგრამ, როგორც წესი, ეს იმიტომ კეთდება, რომ რაღაცნაირად დაიმშვიდონ თავი: ”კიდევ კარგი იქიდან წამოვედი! ”.

ვიქტორ ნეკრასოვს ჰკითხეს ერთხელ, სამშობლო რომ გენატრებათ, რას აკეთებთო. ყოველდღე მენატრება და ამ ნოსტალგიას რამე რომ მოვუხერხო, პარიზის ერთ ჯიხურში გაზეთ ”პრავდას” ვყიდულობო.


6 წლის წინ, როცა ”მეფე” მღეროდა წვიმიან რუსთაველზე, ვინ წარმოიდგენდა, რომ ახალი ომისგან წელგატეხილი ქვეყანა ისევ დაცარიელდებოდა იმ ხალხისგან, ვინც რაღაცის გაკეთება იცოდა.

და ”მეფესაც” დავასაფლავებდით. ვინ წარმოიდგენდა ამას?

აგერ, ამსტერდამში - ამ კლაუსტროფობურ ქალაქში, რომელმაც ისევ ვერ შემაყვარა თავი, გოგი ძოძუაშვილი დასახლებულა. მარწმუნებდა, ძალიან კარგი ქალაქია და კარგად ვგრძნობ აქ თავსო.

ე.ი. გოგიც აღარ დაბრუნდება - ამ თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მართლა ძალიან საყვარელია ადამიანი?

ვისხედით ასე ჰოლანდიაში დამკვიდრებულ ქართველებში, მე, რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე. ვუყვებოდით, რა ხდებოდა საქართველოში. ჩემგან აშკარად ეწყინათ, როცა ამსტერდამზე ვუთხარი, რა საშინელი ქალაქია, აქ როგორ ცხოვრობთ მეთქი.

რამ მათქმევინა ახლა ეს? ისევ მაქვს იმედი, რომ დაყრიან ყველაფერს და სამშობლოს დაუბრუნდებიან?

რატიმ თავისი ლექსები წაიკითხა, დათომ, როგორც იცის ხოლმე - ხელებით და ფეხებით - უამბო ქართულ სათვისტომოს, რა ხდებოდა საქართველოში... მეორე დღეს ბუღაძემ ჩართო ამსტერდამის მაღაზიაში ნაყიდი ”ოპერის კარაოკე” და ”სიყვარულის ნექტარი” იმღერა.

არ ვიცოდი, ასე კარგად თუ მღერის ლაშა. ჯერ კიდევ არაა გვიან, შედი კონსერვატორიაში, ხმას გაგისწორებენ, სცენაზე ახვალ და უფრო ადვილად მოშორდები უმეცრების წყვდიადს მეთქი (თბილისში იმ დროს თეა თუთბერიძის ამბავი იყო აქტუალური). ეს ვთქვი და ეგრევე ვინანე. რა სისულელე ვუთხარი!

არაო, ჩვენ არსად არ წავალთო. სამივემ მითხრა.

მწერლები არიან და არა მომღერლები! თორემ დაჰკრავდნენ ესენიც ფეხს და გაქანდებოდნენ დასავლეთში.

თუ არა?

აი, ჰოლანდიელებზე რომ ვამბობდი, როგორი უხეში ხალხია, როგორი ხელოვნურია ეს ”ბორცვუკები”, ეს ველოსიპედები... ხომ ამყვნენ? ვქაქანებდით ამაზე და ოთხივეს გვეტყობოდა თვალებში, რომ თავს ვიმშვიდებდით. ვცდილობდით, გაგვემართლებინა ჩვენი უუნარობა გავარღვიოთ სივრცე, რომელშიც რაღაცის შექმნა - არა აქვს მნიშვნელობა ცუდის თუ კარგის - მაინც მოვახერხეთ. გაგვემართლებინა ”ფარფატი” სივრცეში, რომელსაც სამშობლო ჰქვია.

ასეა. ყველა იმართლებს თავს. ის, ვინც წასვლა მოახერხა და ისიც, ვინც ვერაფერი მოუხერხა ამ უცნაურ პატრიოტიზმს. ნინო მანფრედივით, ”პური და შოკოლადში”.

ამ გამართლება-გამართლებაში სულ უფრო მეტად ცარიელდება ჩემი სამყარო კარგი ხალხისგან.

უცნაური მხოლოდ ისაა, რომ ხშირად ეს კარგი ხალხი დასავლეთის ქართულ რესტორნებში იკრიბება და გაკვირვებულია იმით, რომ 2003 წლის შემდეგ ქართული საზოგადოება ვერა და ვერ განვითარდა.

თან გარბის და თანაც იმას იმეორებს, რომ საქართველოს არაფერი ეშველება.

აი, ლაშა, რატი, დათო არსად წავლენ. დამპირდნენ და მჯერა მათი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG