Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პრობლემების წინაშე დგას რეგიონის ჟურნალისტიკა


ეუთოს მე-6 რეგიონალური მედიაკონფერენცია
ეუთოს მე-6 რეგიონალური მედიაკონფერენცია
დღეს ქორთიარდ მერიოტმა ეუთოს მე-6 რეგიონალურ მედიაკონფერენციას უმასპინძლა, სადაც, ძირითადად, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოს მედიასივრცეში არსებული პრობლემები და ჟურნალისტური პროფესიონალიზმის საკითხები განიხილეს. კონფერენციაში მონაწილეობას 70-ზე მეტი ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ღებულობდა.

ჟურნალისტური განათლებისა და პრესის თავისუფლების საკითხებს მიეძღვნა 19 ნოემბერს ქორთიარდ მერიოტში ეუთოს მე-6 რეგიონალური მედიაკონფერენცია. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განიხილება ჟურნალისტიკის სფეროში არსებული პრობლემები და ამოცანები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

მედიაკონფერენციაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი, საერთაშორისო ექსპერტი, სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას.

რა კონკრეტული პრობლემების წინაშე დგას დღესდღეობით ჟურნალისტიკა, რამდენად აუცილებელია პრაქტიკოსი ჟურნალისტისათვის ჟურნალისტის განათლება და შემდგომ უკვე ინტენსიური კვალიფიკაციის ამაღლება, როგორ აისახება მედიასაშუალებებით გასულ ინფორმაციაზე ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და, პირიქით, არაპროფესიონალიზმი და როგორია კარგი ჟურნალისტის სტანდარტი - ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობდნენ ქორთიარდ მერიოტში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მედიასაშუალებების როგორც ხელმძღვანელები, ასევე რიგითი ჟურნალისტები.

მიკლოშ ჰარასტი, ეუთოს წარმომადგენელი პრესის თავისუფლების საკითხებში, თვლის, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები აუცილებელი და დროულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სერიოზულად დგას მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის საკითხი: ”მონაწილეებს საკუთარი გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლის საშუალება ეძლევათ. ამ კონფერენციისათვის ჩვენ კონკრეტული თემატიკა ავიღეთ - ჟურნალისტური განათლება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ჯურნალისტიკა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. განვითარდა ინტერნეტი, სადაც მედიასაშუალებების ახალი სახეები ჩამოყალიბდა. მათი მეშვეობით უკვე ყველას შეუძლია გახდეს ჟურნალისტი. აქ ჩვენ განვიხილავთ საკითხს, თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში განათლებამ, მაშინ როდესაც პრაქტიკულად ყველას შეუძლია იყოს ჟურნალისტი.”

საკმაოდ მრავალფეროვან ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ, შესაბამისად, ჟურნალისტს მრავალმხრივი განათლება და პროფესიონალიზმი მოეთხოვება, - გვითხრა დევიდ მოულდმა, ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს უნივერსიტეტის თეორიული განათლებისა და პრაქტიკის, მედიის ხელოვნებისა და კვლევათა პროფესორმა. მოულდი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული მუშაობის კომბინაციაზე საუბრობს: ”ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის ნაზავი. მიმაჩნია, რომ მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებით ღირებულს ბევრს ვერაფერს შექმნი. აუცილებელია პრაქტიკულ მუშაობას თან ერთვოდეს ფუნდამენტური თეორიული ცოდნაც. ისიც აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტიკას მხოლოდ აუდიტორიაში ვერ ასწავლი სტუდენტს, აქ აუცილებელია პრაქტიკული მუშაობაც. საუკეთესო კომბინაცია თეორიისა და პრაქტიკის შერწყმაა.”

აუცილებლად უნდა განისაზღვროს, ვის ვამზადებთ და რისთვის, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი რიხტერი. ჟურნალისტის პროფესიის დაუფლებისას, ის ყველაზე დიდ პრობლემას განათლების ფრაგმენტულობაში ხედავს: ”საკმაოდ ბევრი პრობლემის წინაშე დგას დღეს ჟურნალისტური განათლება, თუმცა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჟურნალისტური განათლების ფრაგმენტულობა მიმაჩნია. დღესდღეობით ძალიან ბევრი სასწავლებელი არსებობს იმისათვის, რომ ჟურნალისტიკას დაეუფლოს ადამიანი, აიმაღლოს კვალიფიკაცია ან მიიღოს საბაზისო ცოდნა. თუმცა ამისათვის მთავარია იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რა სჭირდება ამა თუ იმ პიროვნებას.”

კავკასიის მედიასკოლის დეკანი ლია ჩახუნაშვილი პოზიტიურ ფაქტორად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კავკასიის მედიასკოლას საბჭოთა მემკვიდრეობის ტვირთი არ ამძიმებს და აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა სჭირდება თანამედროვე ჟურნალისტს:

როგორც ეუთოს მე-6 რეგიონალური მედიაკონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, მონაწილეები შეიმუშავებენ ერთობლივ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩამოყალიბდება კონფერენციის დეკლარაციაში და გახდება მომავალი საქმიანობის საფუძველი.

XS
SM
MD
LG