Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 25 ნოემბერი 2009


მიმოხილვას ვიწყებთ ”24 საათით”, რომელიც პირველ გვერდზე აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „რუსეთი-სომხეთი-საქართველო“. სტატიაში დასმულია შეკითხვა, სჭირდება თუ არა საქართველოს ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა. ამ კითხვაზე პასუხს კარგა დიდი ადგილი ეთმობა: ავტორი აღწერს გეოპოლიტიკურ სიტუაციას რეგიონში, ჰყვება ლარსის გადაკეტვისა და მისი გახსნის ისტორიას, მიმოიხილავს სომხეთის პრობლემებს, მდგომარეობას ჯავახეთსა და სტეფანწმინდის რაიონში და ასკვნის: ლარსის გახსნის ფორსირება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებს, ხოლო ხელისუფლების მზაობა ლარსის გახსნისათვის მიგვითითებს საზოგადოებისათვის ჯერჯერობით უცნობი სერიოზული საგარეოპოლიტიკური არგუმენტების არსებობაზე. თუ ასეა, გახსნის მომხრეების არგუმენტების მოსმენის იმედიც მაქვსო”, - წერს ავტორი ”24 საათში”.

ასევე ”24 საათში” ნახავთ პრესომბუდსმენის სვეტს, სადაც ავტორი, შთაგონებული უკრაინული სატელევიზიო შოუთი, რომელშიც პრეზიდენტი სააკაშვილი გამოდიოდა, საქართველოს მასშტაბებზე და ამის მნიშვნელობასა თუ უმნიშვნელობაზე მსჯელობს.

სხვანაირად აღიქვა შოუ ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორმა, რომლის სტატიის სახელწოდებაცაა ”გაშოლტვა შუსტერულად, მაგრამ არა სულ შტერულად”. გაზეთი წერს: „შუსტერის შაბათის შოუ საჯალათო კუნძს დაემსგავსა - უკრაინელები მათთვის უცხო ქვეყნის პრეზიდენტს ისე უმოწყალოდ შოლტავდნენ, რომ მხოლოდ ტყლაშუნი და გაშოლტილის ყვირილი ისმოდა, რომელიც კბილებითაც და ფრჩხილებითაც ებღაუჭებოდა მირაჟსო.”

”ვერსიაში” ნახავთ ვრცელ სტატიას, სათაურით ”ვინ რამდენი მილიონი დაკარგა ფინანსური კრიზისის დროს.” გაზეთი წერს, ეკონომიკის ექსპერტების დახმარებით მილიონერი ქართველების ათეული შევადგინეთ და მათივე დახმარებით იმის დადგენაც ვცადეთ, ვინ და როგორ იზარალა ფინანსურ კრიზისშიო. გაზეთი არ ასახელებს ექსპერტების ვინაობას, არც იმას წერს, თუ როგორ დათვალეს ვის რამდენი მილიონი აქვს. ისე, გაზეთი წერს, ყველაზე მდიდარ ქართველებს სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას, მეორეზეა გია ჯოხთაბერიძე, მესამეზე კი კახა ბენდუქიძეო.

”რეზონანსი” წერს, პოლიციას სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩხრეკის უფლებას აძლევენ და, კანონით, პატრულს რეიდისას მოქალაქეების და მანქანების გაჩხრეკა შეეძლებაო. ”რეზონანსი” ამატებს, მთავრობა აცხადებს, ცვლილება მხოლოდ ინვალიდი დამნაშავის დაკავების პროცედურას შეეხება და ოპოზიციის შიში, რომ პოლიცია ამ უფლებას პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენებს, გაუგებარიო. გაზეთში დაწვრილებითაა აღწერილი, თუ რა ცვლილებები შედის კანონში და რა შედეგებია მოსალოდნელი.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG