Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 30 ნოემბერი 2009


”მთელი კვირა” ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე წერს, მკითხველს ადგილობრივთა კომენტარებს სთავაზობს და მათი სახელების ნაცვლად ინიციალებს აქვეყნებს. ”ხიდზე მოსახლეობის მიმოსვლა დილიდან იწყება. შეგიძლიათ ლარი გადაიხადოთ და ცხენში შებმული ურიკით გადმოხვიდეთ, რომელშიც რვა-ათი კაცი ეტევა. თუმცა შეგიძლიათ ასევე ფეხითაც გადმობრძანდეთ. მიმოსვლისას არანაირი პრობლემა არ არის”, - წერს ავტორი.

”მთელ კვირაში” - და არამხოლოდ ამ გაზეთში - ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. სანიკიძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ფორუმი“ თავისი კანდიდატის დასახელებას არ აპირებს იმ მიზეზით, რომ არც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ”ამისთვის ორი მთავარი მიზეზი გვაქვს. პირველი ისაა, რომ რეალური თვითმმართველობა არ არსებობს და მეორე ის, რომ საარჩევნო მანქანა ისევ ხელისუფლების ხელშია. ”ეროვნული ფორუმი” წინასწარ წაგებულ საქმეზე არავითარ შემთხვევაში არ წავა”, - ამბობს სანიკიძე. ”მთელ კვირაშივე” წაიკითხავთ ვახტანგ ძაბირაძისა და ვახტანგ ხმალაძის წერილს, სათაურით ”რატომ საპარლამენტო რესპუბლიკა?” - ავტორები ამის საპასუხოდ თავიანთ არგუმენტებს სთავაზობენ მკითხველს, თუმცა თვლიან, რომ ამ კითხვის პასუხად ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი საქართველოს ცხოვრების ბოლო ოცწლიანი ისტორიაა.

”ვერსია” ტრადიციონალისტთა ლიდერ აკაკი ასათიანს ესაუბრა. ის თვლის, რომ არჩევნებში ”მომგები 30%-საც მოიგებს. დარჩენილი 70%-ის ასაღებად რომ ოპოზიცია გავერთიანდეთ, დაშავდება რამე? ყველას ვეუბნები, შეხედეთ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას - სამი კონკურენტიდან ერთი პრეზიდენტია, მეორე ვიცე-პრეზიდენტი და მესამე - სახელმწიფო მდივანი. აი, შეთანხმება და საერთო ინტერესი.”

”კვირის პალიტრის” რუბრიკაში ”კვირის თემა” რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ტირძნისელი მოზარდების პატიმრობის ფაქტზეც საუბრობს: ”ბავშვების თემა მართლაც ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს უჩნდება სურვილი თუ ფიქრი - რაც გინდა მოხდეს, მაგრამ ბავშვებს ნუ შეეხება და მათ კისერზე ნუ გადაივლის პოლიტიკური პრობლემებიო. თუმცა ხან კავკასიური ტელევიზიაო, ხან ფილმის გადაღებაო, ხან პუტინის წინააღმდეგ ევროპული მანიფესტაციის დაგეგმვა... ... თუ მორიგი კონფრონტაციის გზა გვაქვს არჩეული, ესეც ერთგვარი მეთოდი და ბრძოლის ხერხია, რათა ბოლომდე წარმოვაჩინოთ რუსეთის სახე მსოფლიოს წინაშე. თუმცა დამაფიქრებელია ”მსოფლიოს” პოზიცია ასეთ ვითარებაში”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე. ”კვირის პალიტრაში” დღეს რობერტ სტურუასთან ინტერვიუსაც ნახავთ: ”პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის ბინძური და უზნეო რამ იყო. ვიცი, რომ ძალაუფლებისთვის მებრძოლი უკან არაფერზე იხევს და მერე ყველაფერი თავიდან იწყება... ”ჰამლეტი” გაიხსენეთ”.

”კვირის პალიტრიდან” შეიტყობთ, რომ აუდიოჩანაწერი, რომელზეც ბოლო დროს თემურ შაშიაშვილი ლაპარაკობს და, მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის დეტალებს შეეხება, 10 დეკემბერს საქართველოში იქნება.

”კვირის ქრონიკა” შაშიაშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ ”ჟვანიას გუნდის ბევრი წევრი იმიტომ ინარჩუნებს ხელისუფლებას და სავარძლებს, რომ მათ გაცილებით მეტი იციან ჟვანიას მკვლელობის შესახებ და ხმას არ იღებენ.” ”კვირის ქრონიკაში” 5 წლის წინ სპეცოპერაციის დროს მოკლული ამირან რობაქიძის მამასთან, სოსო რობაქიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ, რომ მას თემურ შაშიაშვილის თანდასწრებით ერთ-ერთმა პარლამენტარმა, როგორც შაშიაშვილი ამბობს ინტერვიუში, მართლაც უთხრა ვიდეოკასეტის არსებობის შესახებ, რომელზეც მისი შვილის მკვლელობაა ასახული. რობაქიძე დეპუტატის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამისი დრო მოვა.

”ახალი თაობა” მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის მოსკოვში ვიზიტის დეტალებით დაინტერესდა. გაზეთი აქვეყნებს ზურაბ ნოღაიდელთან ინტერვიუს, რომელშიც რესპონდენტი ამბობს, რომ სააკაშვილი ცდილობს ნოღაიდელის ვიზიტების მნიშვნელობა დააკნინოს და სწორედ მისგან მოდის ინფორმაცია, რომ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტები მასთან შეთანხმებულია. ”მე ვმოქმედებ ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს საჯარო პოლიტიკაში მყოფი ადამიანი. ვმოქმედებ ღიად და გასაგებად. არაფერს ვმალავ და არც არის დასამალი. სააკაშვილის პოლიტიკა არის რუსეთთან კონფრონტაცია. სააკაშვილი აგზავნის კიდეც მოსკოვში ემისრებს ხშირად. ეს დანამდვილებით ვიცი”, - ამბობს ნოღაიდელი.

”ასავალ-დასავალი” აქვეყნებს გურამ პეტრიაშვილის, ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატის, წერილს: ”საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა. არ გვჭირდება არც ნატო და არც კვატო. ჩვენს მიწაზე არ უნდა იყოს არავისი სამხედრო ბაზები და ქართველი ახალგაზრდები არ უნდა მონაწილეობდნენ არც ერაყის ომში, არც ავღანეთისაში და არც სხვაგან სადმე”, - ამბობს ის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG