Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიული გზებით რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ: მინარეთების მშენებლობის ამკრძალავი შვეიცარიის რეფერენდუმი ევროპაში დიდ გამოხმაურებას იწვევს


მეჩეთი ციურიხში, შვეიცარია
მეჩეთი ციურიხში, შვეიცარია
შვეიცარიაში კვირას ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომლის დროსაც ამომრჩეველთა 57.5 პროცენტმა ქვეყანაში ახალი მინარეთების მშენებლობის აკრძალვას დაუჭირა მხარი, ევროპაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. რეფერენდუმს და მის შედეგს ბევრი მწვავე კრიტიკით შეხვდა, თუმცა გარკვეული მემარჯვენე, პოპულისტი ძალები ამას მიესალმნენ.

„აშკარად დისკრიმინაციული“ და საზოგადოებაში ღრმა დაყოფის გამომწვევი - ასეთი შეფასება მისცა გაერომ შვეიცარიელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, აიკრძალოს ახალი მინარეთების მშენებლობა. ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ნეივი პილაიმ, რომლის ოფისი, სხვათა შორის, ჟენევაში მდებარეობს, რეფერენდუმს და მის შედეგს „უცხოელებით ხალხის დაშინების“ შედეგი უწოდა.

რეფერენდუმის შედეგს მწვავე კრიტიკით შეხვდნენ მუსულმანური ქვეყნები, შვეიცარიის ევროპელი მეზობლები და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები - მათ შორის, Amnesty International-ი. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - შვეციის - საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, ამას სტერეოტიპიზაციის და შიშის შედეგი უწოდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა კი განაცხადა, რომ „შოკირებულია“, და იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარიელები გადაწყვეტილებას გააუქმებენ.

ევროკომისიის წარმომადგენელმა, მიქელე ჩერკონემ, ორშაბათს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, შვეიცარიის ნაბიჯზე ასე ილაპარაკა:

„გადაწყვეტილება, სად და როგორ აიგოს რელიგიური შენობა, ევროკავშირის ცალკეული წევრების გადასაწყვეტია. თუმცა კომისია ყოველთვის აცხადებდა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას წევრმა ქვეყნებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ფუნდამენტური პრინციპები, - მათ შორის, ევროპელი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, - რელიგიის თავისუფლების პრინციპის დაცვის თვალსაზრისით.“

საკუთრივ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყნის მთავრობას ძალიან აშფოთებს ის, თუ რა გავლენას იქონიებს რეფერენდუმი ქვეყნის იმიჯზე.

რეფერენდუმი კვირას გაიმართა და ამომრჩეველთა 57.5 პროცენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში ახალი მინარეთების მშენებლობის აკრძალვას. კენჭისყრის ინიციატორი მემარჯვენე ძალები იყვნენ, რომლებიც მინარეთებს ქვეყნის „ისლამიზაციის“ სიმბოლოებს უწოდებენ.

შვეიცარიის მთავრობა ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიოდა, თუმცა ახლა მაინც მის გამართლებას ცდილობს და აცხადებს, რომ ინიციატივა ექსტრემიზმთან ბრძოლას ემსახურება და, სინამდვილეში, საზოგადოების ინტეგრაციას უწყობს ხელს.

ბევრის აზრით, განსაკუთრებით მწვავე ირონიას ის გარემოება იწვევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სწორედ შვეიცარიაში მიიღეს - ნეიტრალურობით ცნობილ ქვეყანაში, რომელსაც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის დიდი ტრადიციები აქვს და სადაც საერთაშორისო სამართლის ორგანიზაციებს უდევთ ბინა.

რეფერენდუმის შედეგი გავლენას არ იქონიებს შვეიცარიაში არსებულ 4 მინარეთზე და მუსულმანებს არც თავიანთი რელიგიის მიხედვით ცხოვრების შესაძლებლობას შეუზღუდავს. რეფერენდუმი მხოლოდ ახალი მინარეთების მშენებლობას კრძალავს, ანუ მეჩეთების კოშკებისა, საიდანაც მუსულმანებს ლოცვისკენ მოუწოდებენ. რეფერენდუმის შედეგის თანახმად, მთავრობა იძულებული ხდება ახალი მინარეთების მშენებლობა უკანონოდ გამოაცხადოს.

ადამიანის უფლებების და რელიგიის თავისუფლების პრინციპის გარდა, რეფერენდუმის შედეგის კრიტიკას სხვა, ოდნავ უფრო პრაგმატული ფაქტორებიც განსაზღვრავს - მაგალითად, ბევრი შიშობს, რომ მდიდარი არაბი ტურისტები ახლა ჟენევისა და შვეიცარიის სხვა ქალაქების მონახულებას მოერიდებიან და ქვეყანას, შესაბამისად, ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი შეუმცირდება. ამასთან, ბევრი თვლის, რომ რეფერენდუმის შედეგი უარყოფითად აისახება შვეიცარიის მიერ შუამავლის როლის შესრულებაზე ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტში.

ღაზის სექტორში მცხოვრებმა სასულიერო პირმა, შეიხ სობჰი ნასარმა, სააგენტო „როიტერს“ უთხრა:

„შვეიცარიის ხალხი თავისივე იდეალების წინააღმდეგ გამოდის. მათ რელიგიის თავისუფლების სწამთ და ყველას აძლევენ უფლებას, თავიანთი რელიგიური ტრადიციებისა და სწავლების თანახმად იცხოვრონ. რელიგიური ადგილების აგება და მინარეთების მეშვეობით ამ ადგილების ხილვადობის უზრუნველყოფა კი ისლამის ნაწილია, ანუ მინარეთების გამოჩენა ისლამის რელიგიური სიმბოლოების გამოხატულებაა. ამ სიმბოლოების გამოჩენის აკრძალვა ამ რელიგიის უარყოფას ნიშნავს - ეს კი რელიგიის თავისუფლების მათ ფასეულობას ეწინააღმდეგება.“

ასეთი კრიტიკული შეფასებების ფონზე, შვეიცარიის ნაბიჯს დადებითად შეხვდნენ პოპულისტი მემარჯვენე პარტიები დანიასა და ჰოლანდიაში.

დანიის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი პია კიაერსგარდი აცხადებს, რომ მისი პარტია ეცდება ასეთივე რეფერენდუმი გამართოს. პარტიის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ დანიაში ამჟამად მინარეთიანი მეჩეთი არ არსებობს, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ რეფერენდუმი ახალი მეჩეთების აგების წინააღმდეგ გაიმართება. ამ პარტიის წევრების აზრით, მუსულმანი იმიგრანტები თავად უნდა მოერგონ დანიის საზოგადოებას და არა პირიქით.

ჰოლანდიაში ისლამის კრიტიკით ცნობილმა პოლიტიკოსმა და თავისუფლების პარტიის ლიდერმა გირტ ვილდერსმა განაცხადა, რომ მსგავსი რეფერენდუმის გამართვას მისი პარტიაც ეცდება.

შვეიცარიის რეფერენდუმი და მისი შედეგი ევროპული პრესის მთავარ თემად რჩება. ამ დღეებში ევროპული მედია განსაკუთრებული ინტენსივობით მსჯელობს რელიგიის თავისუფლებაზე და, ზოგადად, ევროპის ისლამთან დამოკიდებულებაზე.
ჰოლანდიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „ვოლკსკრანტი“ პირველი დეკემბრის ნომერში რეფერენდუმს „შიშის ტრიუმფს“ უწოდებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ შვეიცარია ევროპაში ერთადერთ გამონაკლისს არ წარმოადგენს - შესაძლოა, ანალოგიურ რეფერენდუმებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგივე შედეგი გამოეღოთო.

დანიის „პოლიტიკენი“ ასევე სამშაბათის ნომერში წერს, რომ, მემარჯვენე ძალების განცხადებების მიუხედავად, შვეიცარიის გადაწყვეტილება ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ რელიგიის თავისუფლებას და შემწყნარებლობას ეწინააღმდეგება. შვეიცარიის რეფერენდუმს და დანიისა და ჰოლანდიის ძალების მიერ მის მხარდაჭერას გაზეთი „ბოლო საზღვრის გადაკვეთას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ მემარჯვენე-პოპულისტ ძალებს ევროპაში რელიგიის თავისუფლების გაუქმება და ამით ევროპის განმანათლებლობის ტრადიციის ძირითადი ფასეულობის მოშლა სურთ.

შვეიცარიაში გამომავალი „ტემპსი“ 1 დეკემბრის ნომერში ზოგადად რეფერენდუმის, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტის, პრაქტიკას აყენებს ეჭვქვეშ. „კვირას შვეიცარიაში დადასტურდა, რომ გონიერმა ადამიანებმა კონტროლი დაკარგეს და გამარჯვება დემაგოგებმა მოიპოვესო“, - წერს გაზეთი და დასძენს: „პირდაპირი დემოკრატია ყოველთვის ოფიციალური ძალაუფლების საპირწონე სამოქალაქო ძალას ნიშნავდა. ის არასოდეს ყოფილა ემოციების სანაგვე ყუთი, სადაც ცოტაოდენი ფინანსების, ცბიერი ზრახვებისა და დარწმუნების უნარის მქონე ნებისმიერი პირი ხალხს საკუთარ ხელ-ფეხზე ბორკილებს დაადებინებდა.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG