Accessibility links

ახალი ამბები

მოლდავეთის პარლამენტმა ისევ ვერ აირჩია პრეზიდენტი

მოლდავეთის პარლამენტმა დღეს ვერ აირჩია პრო-დასავლური კოალიციის კანდიდატი მარიან ლუპუ პრეზიდენტად მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა კომუნისტებმა პარლამენტის სხდომა დატოვეს. პარლამენტის საარჩევნო კომიის თავმჯდომარე იონ პლესკას განცხადებით, მარიან ლუპუს 53 ხმა ერგო. კენჭისყრის დაწყებამდე დარბაზი დატოვა ყველა კომუნისტმა დეპუტატმა. მოლდავეთის მმართველი კოალიციის, „ალიანსი ევროპაში ინტეგრაციისთვის“ დეპუტატებს 53 მანდატი აქვთ და მათ ოპოზიციონერი კომუნისტების, სულ ცოტა, 8 ხმა სჭირდებოდათ 61 ხმით ლუპუს ასარჩევად. კომუნისტებმა წინა კენჭისყრის დროს, 10 ნოემბერსაც დატოვეს პარლამენტი, რათა არ დაეშვათ პრეზიდენტად მარიან ლუპუს არჩევა.

ყველა ახალი ამბავი

კორონავირუსი არ დაუდასტურდა ინგოროყვას კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომელს

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელიც ტემპერატურის გამო კორონავირუსის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაინფიცირებული არ აღმოჩნდა. როგორც რადიო თავისუფლებას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა.

გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობა, მას შემდეგ დადგა, რაც რამდენიმე დღის წინ კლინიკას დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც მათ საავადმყოფოში ამბულატორიული მიზეზით რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა, დაუდასტურდა კორონავირუსი. ამიტომ ორი ექიმი და ადმინისტრაციის ერთი თანამშრომელი, რომელიც მოგვიანებით კორონავირუსის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თვითიზოლაციაში იყვნენ.

2 აპრილის 17:00-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 130 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 550 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

პუტინმა 30 აპრილამდე გააგრძელა არასამუშაო დღეების პერიოდი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში არასამუშაო დღეების რეჟიმი 30 აპრილამდე გააგრძელა.

მან განაცხადა, რომ თანამშრომლებს უნდა შეუნარჩუნდეთ ხელფასები იმ პერიოდში, როცა ისინი არ იმუშავებენ.

პუტინმა დამატებითი უფლებამოსილებები მიანიჭა ფედერაციის სუბიექტთა ხელმძღვანელებს, რათა თავად დაადგინონ კონკრეტულად მათი რეგიონისთვის ოპტიმალური პროფილაქტიკური ზომები.

რუსეთში რეგიონების უმრავლესობამ დამოუკიდებლად მიიღო საკარანტინო ზომები. ფედერალური საგანგებო ვითარება არ შემოღებულა. გამოცემა „მედუზის“ წყაროების თანახმად, ეს იმის გამო კეთდება, რომ პუტინს არ სურს ასოცირებული იყოს არაპოპულარულ ზომებთან.

ეს ამ ფორმატში პუტინის მე-13 გამოსვლაა 2000 წლის შემდეგ. უკანასკნელი მისი გამოსვლა 25 მარტს შედგა. მაშინ მან 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი უქმეებად გამოაცხადა, ილაპარაკა ზოგიერთი გადასახადის გაზრდაზე და მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად.

უკანასკნელ დღე-ღამეში რუსეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 771 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 3548, ყველაზე მეტი მოსკოვში - 2475. გარდაცვლილთა რიცხვმა 30-ს მიაღწია.

რუსუდან გოცირიძე: კვირას წირვა რომ გადავიხადო, ხმას არ გამცემს პატრული?

რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე საგანგებო მდგომარეობის პირობებში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წირვის გამართვის ნებართვის საკითხს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

“მე კვირას რომ მივიდე ეკლესიაში და წირვა გადავიხადო... მრევლი რომ მოვიდეს და ერთმანეთისაგან 2 მეტრიან დისტანციაზე დადგეს, დაახლოებით 50 ადამიანი ისე კოხტად მოთავსდება, როგორც დაგიბარებია... ანუ, თუ მე გამოვაცხადებ, რომ ღმერთის ნებაზე უნდა ვიაროო, ხმას არ გამცემს პატრული? .... ესაა ჩვენი საგანგებო მდგომარეობა? ამის გამოა ხალხს რომ მოჩვენებები დაეწყო მარტო სახლში ჯდომით? .... რეებს გვეხუმრება ეს ხალხი?.....

მასხრათ გვიგდებთ ბატონო ხელისუფლება და დიდად პატივცემულო ჯანდაცვა?”, - კითხულობს რუსუდან გოცირიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან რადიო თავისუფლება ელოდება პასუხს იმის შესახებ, შეექმნებათ თუ არა პრობლემა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში, თუ ისინიც მოინდომებენ ღვთისმსახურების ჩატარებას, მორწმუნეთა შორის დისტანციის დაცვით.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

სახალხო დამცველი: 2019 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება და სადაც 2019 წლის მოვლენებია გაანალიზებული, ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას ლგბტ+ პირთა დაცვისთვის და ძირითადად უმოქმედ რჩება მაშინ, როდესაც უფლებების შეზღუდვის ფაქტები კერძო პირებიდან მომდინარეობს. ომბუდსმენი თვლის, რომ ლგბტ+ თემის წევრებს განსაკუთრებით უჭირთ გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობას და დისკრიმინაციას. ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის გართულებულია შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შესწავლილი საქმეების მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები.

სახალხო დამცველი თვლის, რომ 2019 წელს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერებისთვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაში, რადიკალური ჯგუფების მხრიდან ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამ შემთხვევებში თვალსაჩინო იყო სახელმწიფოს განსხვავებული რეაგირება მოძალადე ჯგუფების მიმართ, რომლებიც შეკრების უფლების საფარქვეშ ცდილობდნენ სხვათა უფლებების უხეშად და ძალადობრივად დარღვევას. სახალხო დამცველის შეფასებით, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან კონტრაქციების მსგავსი მიზნით გამართვა უფლების ბოროტად გამოყენებაა, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები დაცული არ არის შეკრების თავისუფლებით.

სახალხო დამცველი: პრეზიდენტმა სიცოცხლის უფლება დაარღვია

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება და სადაც 2019 წლის მოვლენებია გაანალიზებული, პრეზიდენტმა იმ პირების შეწყალებით, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდნენ და მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდათ, სიცოცხლის უფლება დაარღვია.

2019 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 34 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის იყვნენ განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულებიც და მათ მნიშვნელოვან ნაწილს, მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ საზოგადოების პროტესტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა, სამართლიანი იყო.

"საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შეწყალების მოტივაციის შესახებ, თუმცა შესაბამისი დასაბუთება ამ დრომდე არ ყოფილა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრეზიდენტი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს, აღსანიშნავია ამ პროცესის მჭიდრო კავშირი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლება დარღვეულად მიიჩნევა, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული შეწყალებული პირები საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად გაათავისუფლა, სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა." - ვკითხულობთ ანგარიშში.

კობახიძე: ენზელ მკოიანს ესროლეს, რაზეც მან უპასუხა, მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, არ არსებობს დეპუტატ ენზელ მკოიანის დაკავების, მის მიმართ რაიმე ტიპის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, ან დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ირაკლი კობახიძის თანახმად, არსებობს ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ენზელ მკოიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან პირველს არ უსვრია და მისი მხრიდან საპასუხო გასროლა თავდაცვის მიზნით განხორციელდა:

„ამ ვიდეოკადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო თანამდებობის პირის, საქარველოს პარლამენტის წევრის მისამართით. და ამაზე პასუხობს ენზელ მკოიანი თავდაცვის მიზნით. ეს არის ის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეოკადრებიდან. დანარჩენი არის გამოძიების საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი შეფასებით, არის დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურის ჩართულობით სასამართლომ უნდა დაადგინოს.

შეიარაღებული დაპირისპირება "ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანსა და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერ, სამველ პეტროსიანს შორის ახალქალაქში 26 მარტს მოხდა. დაკავებულია 2 პირი, მათ შორის სამველ პეტროსიანი. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ირაკლი კობახიძე: მუდმივი კუნსულტაციები გვაქვს ეკლესიის წარმომადგენლებთან

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით ხელისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან მუდმივად მართავს კონსულტაციებს.

ეს კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, იმ დროს როცა ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში მრევლი დისტანციის დაცვით, მაგრამ მაინც დაესწრება ხალხმრავალ რელიგიურ ღონისძიებებს.

„ჩვენ გვაქვს მუდმივი კუნსულტაციები ეკლესიის წარმომადგენლებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ ვართ დარწმუნებული რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში და ასევე ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალენსებული გადაწყვეტა ამ მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მისი განმარტებით ამის საფუძველი იქნება ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლოებს შორის კონსულტაციები.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

2 აპრილის 17:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

დიდ ბრიტანეთში უკანასკნელ დღე-ღამეში COVID-19-ის მსხვერპლი 24%-ით გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 24 პროცენტით გაიზარდა.

2 აპრილის მონაცემებით 160 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ტესტი. მათგან 33718-ს კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდა, იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.

დღემდე „ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან 2921 გარდაიცვალა“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ოცნების" წევრები კორონავურსის ფონდში სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში მომავალი სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში კუთვნილი ხელფასის მესამედს გადარიცხავენ, - ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ:

„საპარლამენტო უმრავლესობა აერთიანებს 93 დეპუტატს, მთავრობაში არის 12 წევრი, პრემიერ-მინისტრი და 11 მინისტრი, შესაბამისად, მთლიანობაში საუბარია 105 ადამიანზე. ისინი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გასცდება ამ ციფრებს და ჩვენი პარტიის სხვა წევრები და მხარდამჭერებიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას სოლიდარობის აქციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გამოხატა რწმენა, რომ სოლიდარობის აქციაში "ქართული ოცნების" ასეულობით წევრი და მხარდამჭერი ჩაერთვება.

ოფიციალური სამთავრობო საიტის, STOPCOV.GE-ის თანახად, ფონდში ამ დროისათვის ჩარიცხულია 21 015 752 ლარი.

რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში მოექცნენ

რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში მას შემდეგ აღმოჩნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას, კორონავირუსი COVID -19 დაუდასტურდა. ინფიცირებული ეროვნული ბანკის თანაშრომელია.

საკრებულოს წევრს ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მისი ანალიზის პასუხებს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით იშხნელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას თვითიზოლაციის აუცილებლობის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს.

„ახლა მთელი ოჯახი თვითიზოლაციიაში ვართ. საკრებულოს ბოლო სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში 27 მარტს ჩატარდა, დადგენილ დისტანციას ვიცავდით. მაშინ საკრებულოს აღნიშნულ წევრს, სიცხე არ აღენიშნებოდა“, - თქვა დავით იშხნელმა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პაპუნა ბახტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკრებულოს წევრის დედას 1 აპრილს დაუდგინდა ინფექცია.1 დღით ადრე, 31 მარტს, ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო დამხრების ბრიგადამ მიიყანა, ქალს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

„ეჭვი გაგვიჩნდა კორონავირუსზე. 1 აპრილს 12 საათისთვის ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ჩამოვიდნენ, აუღეს ნაცხი და 4 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა“,-თქვა პაპუნა ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტემპერატურა აქვს მომატებული ინციფირებული ქალის შვილს და ლაბორატორიიურ დასკვნას ელოდებიან.

როგორც რუსთავის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნანა შატბერაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სამსახურიდან შეატყობინეს, რომ კოლეგის ანალიზის პასუხს, დღეს საღამოს ელოდებიან. მანამდე კი საკრებულოს თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ჩატარებული კვლევების შედეგად ახალი კორონავირუსი მის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

2 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსზე ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის პასუხს ელოდებიან, ორი ექიმი კი თვითიზოლაციაშია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომლის გამოკვლევის პასუხს ელოდებიან კორონავირუსზე. როგორც რადიო თავისუფლებას კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნინო ქოჩორაშვილმა უთხრა, მათ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც მათ საავადმყოფოში ამბულატორიული მიზეზით რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა, დაუდასტურდა კორონავირუსი.

„ჩვენთან იყო მიღებული პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა: ორი ექიმი და ადმინისტრაციის ერთი თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში ყოფნის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო. დღეის მდგომარეობით ორი ექიმის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, მათ არანაირი სიმპტომი არ აქვთ და ისინი კვლავ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თავს კარგად გრძნობენ“, - აღნიშნავს ქოჩორაშვილი.

ადმინისტრაციის თანამშრომელს კი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა.

„ვინაიდან რისკჯგუფს წარმოადგენს, კორონავირუსის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას მასალა აუღეს და დღეს ველოდებით პასუხს“, - გვითხრა კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა. თუ დადებითი პასუხი შედეგი იქნება, კლინიკა შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინსტრუქციას დაელოდება.

ამჟამად საავადმყოფო ჩვეულებრივ მუშაობს.

„ჩვენ ქვეყანაში პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ მუდმივად ვატარებთ ყველა ზომას“, - ამბობს ქოჩორაშვილი.

2 აპრილის 17:00-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 130 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 26. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

3 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.18 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

3 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1813​ ლარი (2 აპრილი - 3.2413);
  • 1 ევრო - 3.4778 ლარი (2 აპრილი - 3.5460);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9629 ლარი (2 აპრილი - 4.0127);
  • 100 რუსული რუბლი - 4.0593 ლარი (2 აპრილი - 4.1164);
  • 1 თურქული ლირა - 0.4766​ ლარი (2 აპრილი - 0.4864).

2 აპრილის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1237 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

პაკისტანის სასამართლომ დანიელ პერლის მკვლელისთვის გამოტანილი განაჩენი შეცვალა

ომარ საიდ შეიხი სასამართლოზე მიჰყავთ ყარაჩიში, 2002 წლის მარტი

პაკისტანის სასამართლომ პირველ აპრილს გადაწყვიტა, შეამციროს 2002 წელს ამერიკელი ჟურნალისტის დენიელ პერლის მკვლელობისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი და შეცვალოს მკვლელობის ბრალდება ბრიტანეთში დაბადებულ პირის მიმართ.

ადვოკატმა ხაუა ნავიდმა განაცხადა, რომ სინდჰის პროვინციის უზენაესი სასამართლოს ორწევრიანმა ჟიურიმ ომარ საიდ შეიხს სასიკვდილო განაჩენი შეუცვალა შვიდ წლიანი პატიმრობით და ბრალდება კი - გატაცებით. ნავიდის თქმით, იმის გამო, რომ შეიხი 2002 წლის მერე საპატიმროშია, ის ახლა უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ ამისთვის სასამართლომ უნდა მიიღოს ცალკე გადაწყვეტილება.

38 წლის დენიელ პერლი, სამხრეთ აზიაში უოლ სტრიტ ჯორნალის ბიუროს ხელმძღვანელი, 2002 წელს გაიტაცეს ყარაჩიში და თავი მოკვეთეს. ის ისლამისტების ისტორიას იკვლევდა.

შეიხი 2002 წელს დააკავს და გაასამართლეს. მას ანტიტერორისტულმა სასამრთლომ სიკვდილი მიუსაჯა. სამ პირს რომლებიც მასთან ერთად გადიოდნენ საქმეში, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით, ისინი გაამართლეს, თქვა ნავიდმა.

ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში შეზღუდვების დარღვევის 706 ფაქტი გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმებულია 204 მოქალაქე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დარღვევისთვის 75, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის - 415 პირი.

1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ასევე ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ასევე თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ფაქტი.

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით გადადო

საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ.

დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მთ შორის ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდო. ამის შესახებ ეკლესიის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.

ელადის ეკლესია საბერძნეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც გაბატონებული ეკლესია, თუმცა ქვეყანაში რწმენის თავისუფლება მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააპატიმრეს, როცა მათ ღვთისმსახურების ჩატარება სცადეს მიუხედავად ხელისუფლების მიერ გამოცემული აკრძალვისა. საბერძნეთის ხელისფლებამ ტაძრები დახურა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

აღდგომისწინა ვნების კვირა და თავად აღდგომა წელს საკარანტინო პერიოდს ემთხვევა - ნათქვამია სინოდის უწყებაში. მღვდელმთავრებმა მრევლს მოუწოდეს, შინ ილოცონ უპრეცედენტო ვითარების გამო.

პაატა იმნაძე: მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ტესტი ჯერ არ უტარდებათ

საქართველოს მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ, - განაცხადა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ახალი ალგორითმის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც ელიან, ერთ-ერთ ვარიანტად განხილულია იმ მაღალი თანამდებობის პირების ტესტირებაც, ვინც სამუშაოს ვერ წყვეტს. საუბარია ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტით გამოკვლევაზე და არა PCR ტექნოლოგიით დიაგნოსტირებაზე.

„ახალი ალგორითმებით ერთ-ერთი არის მაღალი რისკის მქონე პროფესიების პერიოდული ტესტირება. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ ლაპარაკია, არა მოლეკულური ტესტზე, არამედ ანტისხეულების ტესტის ჩატარებაზე. ყბადაღებული ანტისხეულები რომ გვესმოდა. მსოფლიო ბაზარზე ანტისხეულების ტესტების სანდო ტესტები უკვე ნელ-ნელა გამოჩნდა. ერთ-ერთ ვერსიად შემდეგ განიხილება, რომ მაღალი რისკის ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ შეწყვეტენ მუშაობას, რადგან ამ პერიოდში მათი მუშაობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის მართვისათვის, შესაძლოა, მათაც პერიოდულად ჩაუტარდეთ ანტისხეულის ტესტები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პირი უკვე აღარ განიხილება პროფესიული თვალსაზრისით რისკის ჯგუფად. ის უკვე იქნება რისკის ჯგუფი ინფიცირების თვალსაზრისით და მას, როგორც სხვას ყველას ჩაუტარდება მოლეკულური ტესტი.

2 აპრილის 15:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

ნათია თურნავა: ყველა ბიზნესი დაშვებული იქნება, რომელიც შეასრულებს დადგენილ წესებს

ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ყველა ბიზნესი, რომელიც მთავრობის რეკომენდაციებს შეასრულებს და ვირუსის პრევენციისთვის მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარანტიებს წარადგენს, შეძლებს საქმიანობის განახლებას:

"ყველა, ვინც ეტაპობრივად დაგვანახებს იმ გარანტიებს, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, საკუთარი კლიენტების უსაფრთხო ფუნქციონირებას, რა თქმა უნდაა, ამ ბიზნესების საქმიანობაც შემდგომში იქნება დასაშვები, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამავე ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ მკაცრად გაკონტროლდება როგორ იცავენ წესებსა და გაიდლაინებს ის საწარმოები, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

2 აპრილის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

პაატა იმნაძე: კორონავირუსიანი პაციენტი ყველა კლინიკაში შეიძლება მოხვდეს

კლინიკა არ უნდა დაიხუროს იმის გამო, რომ იქ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მოხვდება , - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

ეს პასუხი გასცა მან კითხვაზე, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაიხურა ინგოროყვას სახელობის კლინიკა, ვინაიდან ერთ-ერთ ექიმი კორონავირუსით COVID -19 –ით არის ინფიცირებული.

პაატა იმნაძის განცხადებით სამედიცინო პერსონალის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან ჩვეულებრივ კონტაქტად არ ითვლება. ამასთან მისი სიტყვებით ამჟამად ინფიცირებული მედპერსონალის მხოლოდ ერთი დადასრულებული შემთხვევაა ცნობილი.

„ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კოვიდიანი პაციენტი. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მერე ყველა ეს სამედიცინო დაწესებულება დაიხუროს? პირიქით, ახლა არის ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო და არსად, არცერთ გაიდლაინში, პროტოკოლში სამედიცინო პერსონალი, რომელიც უნდა იყოს დაცული, მისი კონტაქტი ინფიცირებულ, დადასტურებულ შემთხვევასთან არ ითვლება ჩვეულებრივ კონტაქტად. ეს არის სამედიცინო პერსონალი და ის აგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინგოროყვას კლინიკის კომერციული დირექტორის განცხადებით,სავარაუდოდ, ინფიცირებული თანამშრომელი ახლა ინფექციურ კლინიკაში იმყოფება და მისი ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

2 აპრილის 15:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

ვლადიმირ პუტინი მოსახლეობისადმი ახალი სატელევიზიო მიმართვით გამოვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოსახლეობისადმი ახალი სატელევიზიო მიმართვით გამოვა. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უთხრა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტი მიმართვას დღეს ჩაწერს და ის მოსკოვის დროით 16 საათის შემდეგ გადაიცემა. ამჟამად ის გამოსვლის ტექსტზე მუშაობს, განაცხადა პესკოვმა.

ეს ამ ფორმატში პუტინის მე-13 გამოსვლა იქნება 2000 წლის შემდეგ. უკანასკნელი მისი გამოსვლა 25 მარტს შედგა. მაშინ მან 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი უქმეებად გამოაცხადა, ილაპარაკა ზოგიერთი გადასახადის გაზრდაზე და მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად.

უკანასკნელ დღე-ღამეში რუსეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 771 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 3548, ყველაზე მეტი მოსკოვში - 2475. გარდაცვლილთა რიცხვმა 30-ს მიაღწია.

ოკუპირებული ზონიდან ზუგდიდში მოთავსებულ 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის კლინიკაში მოთავსებულ 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

covid-19 არ დაუდასტურდათ ასევე, სოფელ საბერიოდან გადმოყვანილ ორ მცირეწლოვან ბავშვს და ამავე სოფლის მკვიდრ 60 წლის მამაკაცს .

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

ზუგდიდიდან სამი პაციენტის ანალიზი იყო გაგზავნილი თბილისში „ლუგარის ლაბორატორიაში“ და სამივე უარყოფითია, - აცხადებენ საავადმყოფოში.

მათივე ცნობით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი შესაძლოა ხვალ გაწერონ.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 60 წლის კაცი 31 მარტს, გვიან ღამით, მოათავსეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. მას ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები ჰქონდა. ამავე დღეს მოათავსეს მცირეწლოვანი ბავშვებიც. მათაც ისინიც ანალოგიური სიმპტომები ჰქონდათ.

2 აპრილის 15:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

ამერიკელმა სენატორმა ჩინეთს დასდო ბრალი სიცრუეში კორონავირუსის აფეთქების თაობაზე

ამერიკელმა სენატორმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ბრალი დასდო სიცრუესა და „ბინძურ პროპაგანდაში“ კორონავირუსის აფეთქების შესახებ. „მტკიცება, რომ აშშ-ში კორონავირუსით მეტი დაიღუპა, ვიდრე ჩინეთში, მცდარია“, თქვა სენატორმა ბენ სასმა 1 აპრილს. რესპუბლიკელმა სენატორმა ნებრასკას შტატიდან, ამავე დროს სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, განცხადება გააკეთა მას მერე, რაც Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ დაზვერვის მასალები თეთრს სახლს გადაეცა გასულ კვირაში. „საიდუმლო ინფორმაციის შესახებ კომენტარის გარეშე ვიტყვი, რომ სავსებით ცხადია: ჩინეთის კომუნისტური პარტია ტყუოდა, ტყუის და გააგრძელებს ტყუილის თქმას კორონავირუსის შესახებ რეჟიმის მხარდასაჭერად“, თქვა სასმა. „ბინძური პროპაგანდა“ არ უნდა მიიღოს სერიოზულად ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა თუ ამერიკელმა ეპიდემიოლოგებმა, რომლებიც დაამარცხებენ ამ საზარელ ვირუსს“, განცხადა სენატორმა.

როიტერსი: ევროკავშირის ქვეყნებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს COVID-19-ის საფრთხე

ევროკავშირის ქვეყნები თებერვლის დამდეგს ევროკომისიას არწმუნებდნენ, რომ მზად იყვნენ COVID-19-ის დასახვედრად, თუმცა რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება მას შემდეგ, რაც გაეცნო კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით ბრიუსელში იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გამართული რამდენიმე დახურული თათბირის სტენოგრამებს.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. როგორც სტენოგრამები მეტყველებს, 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ ოთხმა (როიტერსი არ ასახელებს, რომელმა) გამოთქვა შიში დამცველი საშულებებისა და აღჭურვილობის შესაძლო დეფიციტის თაობაზე. პირბადეებით, რესპირატორებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით მომარაგების პროგრამა ევროკავშირმა მხოლოდ 28 თებერვალს დაიწყო მას მერე, რაც მრავალჯერ შეახსენა წევრ ქვეყნებს, დაეზუსტებინათ, რა ესაჭიროებათ და რა მოცულობით.

იტალიას, ესპანეთსა და საფრანგეთს - ევროკავშირის წევრთაგან პანდემიით ყველაზე უფრო დაზარალებულ ქვეყნებს - დღემდე აკლიათ პირბადეები, რესპირატორები და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები.

ჯანდაცვის მინისტრი: სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი არ გვაქვს

Georgia -- Health minister Ekaterine Tikaradze, 25Mar2020

მთავრობა სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის მარაგს ყოველდღიურად ავსებს, როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისგან, ასევე უცხოეთიდან - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე სიტყვებით, სახელმწიფო მზადაა კერძო კლინიკებს დაეხმაროს მწარმოებლებთან კომუნიკაციაში რათა მათ პერსონალოს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შეძლონ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი ზოგადად მსოფლიოში არსებობს.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისგან და მწარმოებლებისგან, ასევე უცხოეთიდან მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, რომ ყოველდღიურად შევავსოთ მარაგი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღჭრურვილი იყოს ყველა ის კლინიკა, რომელიც პროგრამაშია ჩართული, რომ დეფიციტი და ხარვეზები არ შეექმნათ პერსონალური დაცვის საშუალებების მიწოდებაში. ასევე, ეტაპობრივად იქნებიან ჩართული ე.წ. ცხელების კლინიკები და მათზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, მათი აღჭურვაც ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

2 აპრილის 14:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

ნათია თურნავა: თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს

ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ქვეყანა კრიზისში შედის და სანამ ეკონომიკა კრიზისამდელ დონეს არ დაუბრუნდება, დასაქმებულთა ნაწილი სამსახურს დაკარგავს.

"ეს ასეა. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, ჩვენ შევდივართ კრიზისში და მანამ, სანამ არ ამოიქოქება ეკონომიკა იგივე დონეზე, რაც იყო კრიზისამდე, რა თქმა უნდა, იქნება დროებითი სირთულეები", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეს დროებითი სირთულეები დასაქმებულებს გვერდს ვერ აუვლის:

„რა თქმა უნდა, იქნება დროებითი სირთულეები და ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს დაარტყამს დასაქმებულებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია იჩენს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და ცდილობს დასაქმება შეინარჩუნოს, კარგად გვესმის, რომ ეს ყოველთვის ვერ მოხდება", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი მიმართულია ორი ისეთი სფეროსაკენ, როგორებიცაა ბიზნეს სექტორი და უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულები. ნათია თურნავას თანახმად, ამ ეტაპზე დასაქმებულებს მთავრობამ შესთავაზა კომუნალური დახმარების პაკეტი, გადაწყვეტილება სხვა სახის დახმარებაზე კი უახლოეს ხანში იქნება მიღებული:

„პროცესისთვის მომზადება ნიშნავს რესურსულ უზრუნველყოფას და სწორ მართვას რესურსების. აქედან გამომდინარე ეს ღონისძიება იქნება მიღებული სწორ დროს, სწრორი პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

2 აპრილის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

COVID -19-ის მსუბუქი სიმპტომების პაციენტებს შინ უმკურნალებენ

კორონავირუსით COVID -19 ინფიცირებული მსუბუქი სიმპტომების პაციენტები მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობსი ქვეშ შინ გაივლიან. ჰოსპიტალში მათ მდგომარეობის გართულების შემთხვევაში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, იანვარში ჩინელი ექიმებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პაციენტთა 80%-ს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშავეს გეგმა რომლის თანახმადაც მსუბუქი პაცინტების მოვლა ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით განხორციელდეს.

„თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი ნაკრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ძირითადი სქემა რითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციისა და კოორდინაციის შემდეგ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თუმცა, მას არ დაიკონკრეტებია, როდიდან აპირებს ჯანდაცვის სისტემა ამ სქემით მოქმედებას.

2 აპრილის 14:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG