Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 8 დეკემბერი 2009


დღევანდელი პრესა 7 დეკემბერს გამოცხადებული სამთავრობო ცვლილების შესახებ წერს და მკითხველს შესაძლო ცვლილებებზე ვარაუდებსაც სთავაზობს.

პოსტის დატოვების შემდეგ გაზეთ ”ალიას” ნიკა გვარამიამ უთხრა, რომ თანამდებობიდან ”პირადი გეგმების განსახორციელებლად” წავიდა. ”მე არ წავსულვარ პოლიტიკური გუნდიდან, მე წავედი საჯარო სამსახურიდან”, - აცხადებს გვარამია. ”ალიაშივე” წაიკითხავთ, რომ, გაზეთის ”წყაროს” ინფორმაციით, გვარამიას სასწავლებლად წასვლა ამერიკაში პირდაპირ უკავშირდება ზურაბ ადეიშვილის მოსალოდნელ ”გაქრობას” ”პოლიტსარბიელიდან”. ავტორი წერს აგრეთვე თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებაზეც, თუმცა იმავე ”ალიაში” დიმიტრი შაშკინის შესაძლო შემცვლელად პარლამენტარ გია თორთლაძესაც ასახელებენ. გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ კორესპონდენტამდე ცოტა ხნით ადრე იგივე შეკითხვა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც დაუსვა, თუმცა მან ამის შესახებ არაფერი იცის და აცხადებს: ”არ მინდა შაშკინის ადგილი და უარს ვეტყვი, არ წავალ”.

”რეზონანსიც” წერს სამთავრობო ცვლილებაზე. ეს გაზეთი ჯერ კიდევ ორი თვის წინ წერდა გვარამიას თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ. ”რეზონანსის” პუბლიკაციაში ნიკა გვარამიას მინისტრობა დადებითად ფასდება. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე ”რეზონანსის” კორესპონდენტს ეუბნება, რომ გვარამიას მინისტრობისას ერიდებოდა შეფასებებს, მაგრამ ახლა ”გულახდილად” ამბობს: ”მან წესრიგი დაამყარა სკოლებში. ყოველ შემთხვევაში, სცადა და დაამყარა კიდეც. გარდა ამისა, თავისუფლების ინსტიტუტისა და მსგავსი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მისცა იმის საშუალება, სკოლებზე გავლენა მოეხდინათ. სწორედ ეს გახლდათ მისი წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი”, - ამბობს ღურჭუმელიძე.

”რეზონანსში” წაიკითხავთ სტატიას, სათაურით ”ნოვაციები არჩევნების გაყალბების მეთოდებში”. გაზეთის ავტორი, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელზე დაყრდნობით, წერს, რომ ”80 ლარის სანაცვლოდ ხელისუფლებამ რეგიონებიდან ხალხის თბილისში ჩაწერა დაიწყო”.

”ახალი თაობა” კონსერვატორთა ერთ-ერთ ლიდერ კახა კუკავასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის პრაიმერზეც საუბრობს: ”პრაიმერში კონკურენცია არ არის პრობლემა. პრაიმერის მთავარი იდეა ისაა, რომ კონკურენცია სწორედ პრაიმერში დავასრულოთ. როდესაც უკვე ხელისუფლებასთან დავიწყებთ კონკურენციას, იქ უკვე ერთიანი ფრონტით გავიდეთ”, - ამბობს კახა კუკავა, რომლის თანახმადაც, ”პირობითად” 31 მარტამდე უნდა გაარკვიოს ოპოზიციამ ვინ არის პირველი და ვინ - მეორე.

”ახალ თაობას” ღორის გრიპის პრობლემას განუმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე: ”სეზონური გრიპის ვირუსები, ისევე როგორც დანარჩენ ქვეყნებში, ჩვენთანაც ამ გრიპმა ჩაანაცვლა. სეზონური გრიპი თითქმის აღარ დადის, ყველა შემთხვევა მხოლოდ ღორის გრიპია, ზოგი რთულად გადაიტანს, ზოგი - მსუბუქად”, - ამბობს პაატა იმნაძე, რომლის აზრითაც, ახლა მთავარია, ”ვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობა ექნება, დროულად მიაკითხოს ექიმს” გართულებების გამოსარიცხავად.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს მოსაზრებას ქეყანაში ეკონომიკური კრიზისის საკითხზე: ”ასეა, კრიზისი მელიასავით ცბიერია. შენ გგონია, პატრონის ყვირილზე, ნადირს ქათმების ქურდობაზე რომ წაასწრო და დაიფრინა, მელია სამუდამოდ გადაიკარგა და დაწყებულ საქმეს უკან აღარ მოუტრიალდება. ძალიან შემცდარხარ. მელა არსად წასულა. უბრალოდ, თვალს მიეფარა, იქვე ახლოს ჩაცუცქდა და, გულს დაიარხეინებ თუ არა, საქათმეს მაშინვე მიადგება.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG