Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


”ჰამარბერგის განცხადებას ჩაქუჩის ეფექტი ჰქონდა" - ასეთი სათაურით დაიბეჭდა 7 დეკემბრის ”კვირის პალიტრაში” ინტერვიუ პოლიტოლოგ კახა კაციტაძესთან. ლაპარაკია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა დაკავებულების გათავისუფლების საჭიროებას როგორც ცხინვალის, ისე თბილისის მიერ. კაციტაძე ინტერვიუში ამბობს: ”რა დაგიმალოთ და, ჰამარბერგის ამ განცხადებას ჩემთვისაც სწორედ ჩაქუჩის ეფექტი ჰქონდა. ერთი რამ, ნებისმიერ შემთხვევაში, უდავოა. ბავშვები აუცილებლად უნდა გათავისუფლებულიყვნენ, რაოდენ მაღალი საფასურიც უნდა ყოფილიყო ამისთვის გადახდილი. მაგრამ ამ განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, საერთაშორისო თანამეგობრობა თვლის, რომ ჩვენც გვყოლია უკანონოდ დაკავებულები. ეს კი ძალზე უსიამოვნო ფაქტია”, - უთხრა კახა კაციტაძემ ”კვირის პალიტრას”.

მიმდინარე კვირის პრესაში პრაქტიკულად ყოველდღე ქვეყნდებოდა ინფორმაცია საქართველოში ”ღორის გრიპის” გავრცელების ტენდენციების შესახებ. 8 დეკემბრის ”ახალ თაობას” „ღორის გრიპის“ პრობლემას განუმარტავდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე: ”სეზონური გრიპი თითქმის აღარ დადის, ყველა შემთხვევა მხოლოდ „ღორის გრიპია“. ზოგი რთულად გადაიტანს, ზოგი - მსუბუქად”. პაატა იმნაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება დღევანდელ ”ალიაშიც”: ”ჩემი პროგნოზი ისეთია, ისე მივატანთ იანვრამდე, რომ ეპიდემიის ზღვარს არ გადავაჭარბებთ. იანვარში სკოლებში არ იქნება, უმაღლესებში არ იქნება სწავლა, წყდება. თებერვლის შუაში მოიმატებს ისევ. აპრილში აღარ იქნება” - ასეთია ”ღორის გრიპის” საქართველოში გავრცელების შესახებ პაატა იმნაძის პროგნოზი, რომელსაც ის 12 დეკემბრის ”ალიას” უზიარებს.

კვირის დასაწყისში გაზეთების ავტორებს საფიქრალი გაუჩინა სამთავრობო ცვლილებამ. 8 დეკემბრის ”რეზონანსის” პუბლიკაციაში ნიკა გვარამიას განათლების მინისტრობას დადებითად აფასებდა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე:

”მან წესრიგი დაამყარა სკოლებში. ყოველ შემთხვევაში, სცადა და დაამყარა კიდეც. გარდა ამისა, თავისუფლების ინსტიტუტისა და მსგავსი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მისცა იმის საშუალება, სკოლებზე გავლენა მოეხდინათ. სწორედ ეს გახლდათ მისი წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.”

პოსტის დატოვების შემდეგ გაზეთ ”ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან ”პირადი გეგმების განსახორციელებლად” წავიდა. ”მე არ წავსულვარ პოლიტიკური გუნდიდან, მე წავედი საჯარო სამსახურიდან”, - აცხადებს გვარამია. ”ალიაშივე” წაიკითხავთ, რომ გაზეთის ”წყაროს” ინფორმაციით, გვარამიას სასწავლებლად წასვლა ამერიკაში პირდაპირ უკავშირდება ზურაბ ადეიშვილის მოსალოდნელ ”გაქრობას” ”პოლიტსარბიელიდან”. გასული კვირის პრესაში არაერთი ვარაუდი გამოითქვა სასჯელაღსრულების უწყების მომავალი ხელმძღვანელის შესახებ. გაზეთები პარლამენტარ გია თორთლაძის კანდიდატურაზეც წერდნენ. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თორთლაძე ამბობს: ”არ მინდა შაშკინის ადგილი და უარს ვეტყვი. არ წავალ.”

პრესის მუდმივ თემად რჩება თვითმმართველობის მომავალი არჩევნები. დღევანდელ ”რეზონანსში” ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელ, რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”უგულავა და სააკაშვილი ყოველდღე არიან ტელევიზორში. ერთი ამბავი აქვთ ატეხილი: ხან ერთ ლენტს ჭრიან, ხან - მეორეს და ხანაც, დაუსრულებელი შენობის დასრულებულ ნაწილს ხსნიან. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ხელისუფლებას ამ თამაშში. ის ცდილობს, საზოგადოებას ჩამოუყალიბოს წარმოდგენა, თითქოს მერის არჩევნები სამეურნეო მუშაკის არჩევნებს ნიშნავს. ჩვენი ამოცანა კი ის არის, რომ სხვა მოლოდინი - რეალური ცვლილების მოლოდინი - გავაჩინოთ”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

10 დეკემბრის ”ყველა სიახლეში” კი უმრავლესობის წევრ გოკა გაბაშვილთან ინტერვიუში წაიკითხავდით: ”ოპოზიციამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ერთიანი ძალით ხომ მოგვიგო თბილისი. ახლაც, თუ აქვთ შნო და ძალა, მოიგონ: ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი... თუმცა, არ მესმის, მათ გამარჯვებისთვის სასათბურე პირობები ჩვენ რატომ უნდა შევუქმნათ?!” - კითხულობს გაბაშვილი.
8 დეკემბრის ”ახალი თაობა”, ნაწყვეტი კახა კუკავასთან ინტერვიუდან: ”პრაიმერში კონკურენცია არ არის პრობლემა. პრაიმერის მთავარი იდეა ისაა, რომ კონკურენცია სწორედ პრაიმერში დავასრულოთ. როდესაც უკვე ხელისუფლებასთან დავიწყებთ კონკურენციას, იქ უკვე ერთიანი ფრონტით გავიდეთ”, - ამბობს კახა კუკავა.

10 დეკემბერს რამდენიმე გაზეთი წერდა მოსკოვში მიმდინარე მედიაფორუმსა და მასზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლაზე:

”გუშინ დმიტრი მედვედევმა ”რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებულ ევროპისა და აზიის მედიასაშუალებების ფორუმზე ის სადღეგრძელო განავრცო, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინათ ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე წარმოთქვა. კერძოდ, მედვედევმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნისა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის მზადყოფნა გამოთქვა”, - წერდა ხუთშაბათის ”24 საათის” ავტორი სტატიაში, სათაურით ”ფარისეველი მედვედევი და დაკეტილი ლარსი”.

”ჯორჯიან ტაიმსი” კი მოსკოვის მედიაფორუმში მონაწილე ქართველ ჟურნალისტებზე წერდა, რომელთაგან ერთ-ერთი ამავე გაზეთის მფლობელი მალხაზ გულაშვილი იყო. გაზეთში მის მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის წიგნის გადაცემის ამსახველი ფოტო და ინფორმაციაც ქვეყნდებოდა.

კვირის ბოლოს პრესის ყურადღება მიიქცია საკომიტეტო მოსმენამ, რომელზეც სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში მოისმინეს. 11 დეკემბრის ”რეზონანსის” სტატიაში, სათაურით ”ომბუდსმენის ანგარიში ვიწრო წრეში”, წაიკითხავდით, რომ ანგარიში, რომელსაც გიორგი ტუღუშის თქმით, ის და მისი თანამშრომლები თვე-ნახევრის განმავლობაში 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში ადგენდნენ, სულ ხუთმა პარლამენტარმა მოისმინა. კითხვაც ერთის მეტი არავის დაუსვამს. ”რეზონანსი” წერს, სახალხო დამცველის ანგარიში მოცულობითი და კრიტიკული იყო, მასში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე იყო ლაპარაკი - აქციების დროს გამოვლენილი ადამიანის უფლებათა დარღვევით დაწყებული, დამთავრებული სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობითო. შაბათის ”ალიას” შეკითხვაზე - ”პირადად თქვენთვის რა იყო ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი?” - სახალხო დამცველმა უპასუხა, რომ არაფერს გაუკვირვებია: ”არის სფეროები, სადაც სერიოზული პრობლემებია, არის პროგრესიც. მაგრამ გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა, იგივე ჩვენი ოფისის მხრიდან. აქვე გეტყვით, რომ სოზარმა ძალიან ბევრი ძლიერი მიმართულება დატოვა ამ ოფისში”, - აცხადებს გიორგი ტუღუში. შაბათის ”ალია” აქვეყნებს მასთან ინტერვიუს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG