Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალმოსახლეობა წყლისა და შუქის გარეშე


დევნილების დასახლება ზედა ეწერში
დევნილების დასახლება ზედა ეწერში
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, 2009 წლის ბოლოსთვის ზუგდიდში კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ახალმოსახლეობა უნდა ეზეიმათ და 2010 წელს საკუთარ ჭერქვეშ შეხვედროდნენ. თუმცა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შერჩეული 45 კორპუსიდან, რომელიც წლის ბოლოსთვის ოჯახებს რეაბილიტირებული უნდა ჩაბარებოდა, ასეთი, მხოლოდ სამი კომპაქტური დასახლება აღმოჩნდა - სოფელ ინგირში, ზედაეწერსა და ჭკადუაშში.

ზედაეწერის მეურნეობაში დასახლებული დევნილები ამბობენ, რომ ახალ წელს საკუთარ ჭერქვეშ შეხვდებიან, მაგრამ უმძიმეს პირობებში. აქ კორპუსების რემონტი უკვე დასრულდა და ერთი შეხედვით, საცხოვრებელი სახლების ფასადები ლამაზად გამოიყურება, მაგრამ დევნილების თქმით, ოთახები საცხოვრებლად გამოუსადეგარია. კორპუსებში მოშლილია საკანალიზაციო სისტემა, დასახლებას ორ თვეზე მეტია არ მიეწოდება სასმელი წყალი და ელექტროენერგია. „13 ათასი ლარის დავალიანება რემონტის კეთების დროს დაგროვდა. აქედან, 700 ლარი კომპანიამ გადაიხადა, ნაწილი ჩვენ - დევნილებმა. მაგრამ კიდევ არის დარჩენილი დავალიანება. არ ვიცით როდის ჩაგვირთავენ. რაც შეეხება კანალიზაციას, გვითხრეს, რომ გაგვიკეთებენ, მაგრამ როდის - არ ვიცით“, - ამბობენ დევნილები.

რემონტის ხარისხს არ უჩივიან, მაგრამ წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა აქვთ სოფელ ჭკადუაშის ახლადგარემონტებულ კორპუსებში მცხოვრებ დევნილებსაც. აქაც, როგორც ისინი ამბობენ, ოთახები ზედაპირულად გარემონტდა. სამაგიეროდ, გალამაზდა და შეიღება ფასადები.

ორივე სოფელში - ზედაეწერსა და ჭკადუაშში კორპუსების რეაბილიტაცია კომპანია ”ბლოკ ჯორჯიამ” ითავა, რომელმაც სარემონტო სამუშაოების შესრულება სუბკონტრაქტორ შპს „ბ დიზაინს“ შეუკვეთა. ამ კომპანიის მენეჯერი რევაზ ნაჭყებია ამბობს, რომ ზედაეწერის დასახლებაში წყალ-კანალიზაციის მოწყობა მათ არ ევალებოდათ. ანალოგიური ვითარებაა სოფელ ჭკადუაშშიც. კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ზუგდიდში შახი ლატარია გვიხსნის, რომ ტენდერი მხოლოდ კორპუსების რეაბილიტაციაზე მოიგეს.

რადიო თავისუფლებამ ვითარებაში გასარკვევად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოსაც მიმართა. იქ განაცხადეს, რომ მათ საქმიანობაში არ შედის კომპაქტურ დასახლებებში მიმდინარე რემონტების კონტროლი და უკვე დასრულებული კორპუსების დევნილებისთვის გადაცემა. როგორც ამ უწყებაში განგვიმარტეს, კომპაქტურ დასახლებებში მიმდინარე რემონტების კონტროლი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა განახორციელოს, რადგან კორპუსების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს სწორედ ისინი ურიცხავენ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს.
XS
SM
MD
LG