Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 დეკემბერი 2009


დღევანდელი გაზეთები ყველაზე დიდ ადგილს ქუთაისში მომხდარ ტრაგედიას უთმობენ. ამ თემას ეძღვნება თითქმის ყევლა გაზეთის პირველი გვერდი, ზოგან კი ორ და მეტ პუბლიკაციასაც ნახავთ ამ თემაზე. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

”მთელი კვირის” სტატიას ამ თემაზე ჰქვია ”პარლამენტს შეწირულები”. გაზეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის სიტყვებს, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგებაო - მისი ეს ფრაზა ქვესათურადაა გამოტანილი. ”რეზონანსი” ასევე ყურადღებას ამახვილებს ბობოხიძის მეორე ფრაზაზე, მომხდარში პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს მოსახლეობასაცო.

”კვირის პალიტრაში” ამ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციას ნახავთ, საერთო სათაურით: „მემორიალი - მემორი ინგლისურად, ალი კი ქართულად“. ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გაზეთს მემორიალის აფეთქებასთან დაკავშირებით უთხრა, ”ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქვეყანაში მოქმედებს მზრუნველთა საბჭო, რომლის ამოცანაა გააკონტროლოს, ცენზურა დაუწესოს ქართველი ხალხის მეხსიერებასო”. რაც შეეხება დატრიალებულ ტრაგედიას, მასში, როგორც ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული სტატიების უმეტესობაში იკითხება, რესპონდენტებიც და თავად ავტორებიც ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ეს სულისკვეთება ერთ-ერთი სტატიის სათაურიდანაც ჩანს: ”ახირებული სულსწრაფობის უდანაშაულო მსხვერპლი”.

იგივე სულისკვეთება იგრძნობა ”ვერსიაში”, რომლის სტატიასაც ”დიდებააფეთქებულები” ჰქვია. ავტორი, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, სხვა პოლიტიკოსებსაც ახსენებს ტრაგედიასთან დაკავშირებთ: „საქფეთქმრეწვი... ღმერთო, რა იდიოტები არიან. რა იდიოტები ვართ. ტრაგედია მოხდა და რამდენიმე საათში ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა ქუთაისში მემორიალის ადგილზე, პარლამენტის ნაცვლად, ტაძრის მშენებლობის დაწყების უპირატესობაზე საუბრობდა. გიორგი თარგამაძე უფრო ქრისტიანია, ვიდრე დემოკრატი. ჰოდა, ამიტომაც.“

ახლა მოკლედ სხვა თემაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებსაც გაგაცნობთ. „მთელ კვირას“ მივუბრუნდეთ, რომელიც ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებაზე წერს. ”ბავშვების გათავისუფლებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მხოლოდ და მხოლოდ ჰამარბერგს”, - უთხრა გაზეთს კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა. - ”ყველაფერი დაიძრა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა მიაღწია იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონოდ პატიმრობაში მყოფი 5 ეთნიკურად ოსი, პატიმრობიდან გათავისუფლებული, ცხინვალში ჩაიყვანა. ეს რომ არა, ლუკინი კი არა, მთელი რუსეთი რომ ჩასულიყო, ქართველ ბავშვებს დღემდე არ გაათავისუფლებდნენო”, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა ”მთელ კვირას”.

დაბოლოს, ”24 საათი”, სადაც წაიკითხავთ მოზრდილ სტატიას, სახელწოდებით „რა ხდება და რატომ ხდება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე“. ავტორი, რომელიც, როგორც მინაწერიდან ჩანს, შვეიცარიაში ცხოვრობს, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას მიმოიხილავს და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებსაც იძლევა.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG