Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკრიმინაცია თუ ადმინისტრაციული რესურსი?


თბილისის მერმი გიგი უგულავა აბულაშვილების ოჯახს ესტუმრა და პირადად გადასცა ფარმაცევტული ვაუჩერი
თბილისის მერმი გიგი უგულავა აბულაშვილების ოჯახს ესტუმრა და პირადად გადასცა ფარმაცევტული ვაუჩერი
ახალი წლიდან თბილისელი პენსიონერები 10 ლარით გაზრდილ პენსიასა და 25 ლარის ოდენობის ფარმაცევტულ ვაუჩერს მიიღებენ. სიახლეს, რომელმაც დედაქალაქის მცხოვრებთა კმაყოფილება გამოიწვია, უკმაყოფილებით და სკეპტიკურად შეხვდნენ, არათბილისელთა გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. თბილისის მერიის ინიციატივის პასუხად, ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება პენსიონერებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

საქართველოში მოქმედებს კანონი ”სახელმწიფო პენსიის შესახებ”, რომლის წინაშეც თანასწორნი არიან როგორც დედაქალაქში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეები, ისე რეგიონებში მცხოვრები ადამიანები. საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, საკუთარი შრომითა და მონდომებით მათ თანაბარი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნის განვითარებაში - ესაა ძირითადი გზავნილი, რომლითაც ქრისტიან-დემოკრატები იმის ხაზგასმას ცდილობენ, რომ პენსიონერთა დაყოფა არამართებულია და ისინი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყვნენ როგორც თბილისში, ისე ქუთაისში, თელავსა თუ სხვაგან. თუმცა, ამ სოციალური ქვეტექსტის გარდა, ქრისტიან-დემოკრატები თბილისის მერის ინიციატივაში პოლიტიკურ ქვეტექსტსაც ხედავენ და აღნიშნავენ, რომ დედაქალაქში ასაკობრივი პენსიის მატება და ფარმაცევტული ვაუჩერის შემოღება უშუალოდ უკავშირდება თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.

”ის, რომ თბილისში არის პირდაპირი არჩევითობა მერის, ამიტომაც ხდება პირდაპირ გაზრდა პენსიებისა თბილისში იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვოს. ჩვენ ამიტომაც ვითხოვდით, რომ ყველა დასახლებულ პუნქტში, ყველა სოფელში ყოფილიყო ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული პირი, რადგანაც დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ამ შემთხვევაშიც პენსია მთელ საქართველოში გაიზრდებოდა. რომ ყოფილიყო ქუთაისში პირდაპირი წესით არჩევნები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ქუთაისშიც გაიზრდებოდა 10 ლარით. ამიტომაც ხელისუფლებამ უარი თქვა დანარჩენ საქართველოზე, რომ მას არ უნდა, გაიზარდოს პენსიები”, - ამბობს ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე.

მისი და მისი საპარლამენტო ფრაქციის პრეტენზიები გაუგებარია საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ოთარ თოიძისთვის. იგი განმარტავს, რომ ბოლო დროს ხალხის კეთილდღეობისა თუ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ყველა მეტ-ნაკლებად დიდი თუ პატარა ნაბიჯი ოპოზიციისთვის ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება და ასეა არა მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ ყველა არჩევნების წინ. რაც შეეხება თბილისის მერის ინიციატივას პენსიის 10 ლარით მატებისა და ამის გამო ხელისუფლების მიერ რეგიონის პენსიონერების დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს ოპოზიციის მიერ დისკრიმინაციის დეფინიციის მიზანმიმართულად არასწორ განმარტებას:

”პენსია კი არავის მოუმატებია მათთვის. პენსია, რასაც სახელმწიფო აძლევს, ის აქვს. უბრალოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მას აქვს იმის საშუალება, რომ ცოტა მეტი გადაუხადოს, თვითონ დაუმატოს. ერთმა რაიონმა შეძლო, მეორეს ამის საშუალება არა აქვს. სამაგიეროდ, მეორე რაიონმა შეიძლება რაღაც შეღავათი გაუკეთოს. ეს არ ნიშნავს, რომ დისკრიმინაციულია ერთი მეორის მიმართ. დისკრიმინაციული იქნებოდა, ერთისთვის რომ გამოგვერთმია და მეორისთვის მიგვეცა. ამით თვითონ სოციალური დახმარების იდეის, ადგილობრივი თემის ჩართულობის იდეის, ადგილობრივი მმართველობის როლის დაკნინება ხდება ოპოზიციის მიერ. სახელმწიფოს ამით არაფერი აკლდება. სახელმწიფომ თქვა, რომ არის 80 ლარი და ამ 80 ლარს იღებს სუყველა.”

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სპეციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი - პენსიის მატება - ძალაში რჩება და მისი განხორციელება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დაიწყება ფინანსური წელი. 2009 წლის განმავლობაში კი ასაკობრივი პენსია, ქვეყნის მასშტაბით, 2-ჯერ 5-5 ლარით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG